არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე დღგ-ის ვალდებულებების განსაზღვრა N 11116

11116 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე დღგ-ის ვალდებულებების განსაზღვრა 05.09.2018
№ დოკუმენტი 11116
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე დღგ-ის ვალდებულებების განსაზღვრა N 11116

ფაქტობრივი გარემოებები

· ორგანიზაცია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობასაც და რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, ამასთან 2016 წელს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ოდენობა შეადგენს ორგანიზაციის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალის 6%-ს.

· 2017 წლის ივლისში პირმა ექსპლუატაციაში შეიყვანა 150 000 ლარის ღირებულების საკუთარი წარმოების საოფისე შენობა, საიდანაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხად განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად განსაზღვრული თანხა - 9000 ლარი (150 000 *6%). დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ 1620 ლარი (9000*18%) იმავე თვეში ჩაითვალა სრულად.

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას; ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრის აღნიშნული წესი არ უკავშირდება ძირითადი საშუალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას. დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-7 - მე-9 ნაწილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

· 2017 წლის ივლისის თვეში ორგანიზაციის მიერ შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა 141 000 ლარით (150 000-9 000) და გაზრდილია ჩასათვლელი თანხა (1620 ლარით). პირს უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ 2017 წლის დეკემბერის თვეში 162 ლარის ოდენობით (27000/10*6%).

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი დღგ და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 10 აგვისტოსთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით