ბრძანება N 10595-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2019
№ დოკუმენტი 10595-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 10595

11/04/2019

შპს -----

(მის: ქ. ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 27 სექტემბერს, 2019 წლის 24 იანვარს და 14 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N78, N3, N15) განიხილა შპს ----- ელ. საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N005-122 „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 15-ჯერ, კერძოდ: 2016 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 24 აპრილამდე. საჩივარში გადამხდელი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად: შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90 დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ----- უნდა ჩაითვალოს საგადასახადო დავალიანების ამქონე პირად.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 აგვისტოს №24009 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- კამერალური ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 27 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 10 ივლისს გამოსცა N17650 ბრძანება და ამავე თარიღის N005-122 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 6 689 363.09 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3 309 457 ლარი, ჯარიმა 1 654 828 ლარი და საურავი 1 725 078.09 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 აგვისტოს №24009 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 22 აგვისტოდან 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. შემოწმებასთან თანამშრომლობდა გადასახადის გადამხდელის მინდობილი პირი და ლიკვიდატორი. საგადასახადო შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისთვის წამოჭრილ თითოეულ კითხვაზე მინდობილი პირი პასუხს გვაძლევდა არარეზიდენტ დამფუძნებელთან შეთანხმებით, ხოლო თავის მხრივ მას უცხოელებთან კავშირი ჰქონდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც დროში აჭიანურებდა პროცესს. საზოგადოების მიერ არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი არარეზიდენტ იურიდიული პირებთან კრედიტორული დავალიანების წარმოშობის/გადახდის/პატიების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დროულად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მიერ 2017 წლის აპრილში და ამავე წლის დეკემბერში წარმოდგენილი იქნა არარეზიდენტი დამფუძნებლის და არარეზიდენტი კრედიტორების ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზრდილ იქნა შესამოწმებელი პერიოდი 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით. ამასთან 2012-2014 წწ. საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტები. შემოწმების პროცესში საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელებული იქნა საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი შეზღუდული იყო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით გაწერილ ვადებში დაესრულებინა კამერალური საგადასახადო შემოწმება. ამასთან თუ ვიხელმძღვანელებთ აღნიშნული კანონით მითითებულ საგადასახადო შემოწმების ვადებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო შემოწმების პროცესში ნაწილობრივ დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია გახდეს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების ზუსტი განსაზღვრის თავიდან აცილების მიზეზი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში;

ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები;

გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები;

დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა;

ე) განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ;

კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით;

მ) მიიღონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე განცხადებები, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია და კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ ისინი;

ჟ) ამ კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები;

რ) გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.

სსკ-ის მე-61 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია:

გ) საგადასახადო შემოწმების აქტი.

სსკ-ის 255-ე მუხლის თანახმად:

1. ამ კარით განსაზღვრულ საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ზოგადი დებულებები გამოიყენება ყველა პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.

3. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.

4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

სსკ-ის 263-ე მუხლის თანახმად:

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები სამართლებრივ-პროცესუალური დარღვევების საფუძვლით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელის არგუმენტები, რომლებიც მითითებულია საჩივარში ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელებას და მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გადამხდელის მიერ დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი დროულად. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზრდილ იქნა შესამოწმებელი პერიოდი შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტები. შემოწმების პროცესში საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელებული იქნა საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი შეზღუდული იყო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით გაწერილ ვადებში დაესრულებინა კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას. არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები, ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 255; 263

"მეწარმეთა შესახებ“ კანონი