ბრძანება N 10018
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10018
05.05.2023
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ----------------(პ/ნ------------) №80250/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №EL202373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2023 წლის 16 მარტის №------------- დეკლარაცია ფორმა - 4-ით დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის დეკემბერში მოიპოვა GITA - 150 000 ლარიანი გრანტი. შეიძინა მინი პროექტორი, რეგიონებში მცირე სამედიცინო დაწესებულებებში პრეზენტაციების გასაკეთებლად. გარდა ამისა, სხვა ნივთებიც ჰქონდა შეძენილი -----------. ტრექინგ კოდის არევამ გამოიწვია ღირებულების არასწორად დეკლარილება ნაკლებ ფასად. მომჩივნის მითითებით, ნივთი ნაყიდია გრანტის სახსრებით და შესაბამისად განზრახვა, რომ გადასახადისგან თავი აერიდებიდა, არ ჰქონია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და გადახდილი დღგის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 თებერვალს, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – სს “------------“ (ს/ნ -----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი --------------- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი -------------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 75 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ფ/პ -----------ის კუთვნილ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებად გაცხადებული იყო 75 აშშ დოლარი, მისი ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით. აღნიშნულის შემდგომ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ------------ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის გაცხადებული/დეკლარირებული ღირებულება არ შეესაბამებოდა რეალურს. კერძოდ, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ, 75 აშშ დოლარის ნაცვლად, შეადგინა 560 აშშ დოლარი (იხ. ინვოისი), რამაც გამოავლინა იმპორტის გადასახდელების შემცირება - 272,45 ლარის ოდენობით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 9 მარტს შედგენილ იქნა №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით --------------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 108,97 ლარის ოდენობით, რაზეც მიმღებმა წარმოადგინა გადახდის ქვითარი. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ №----------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი ნაცვლად 560 აშშ დოლარისა, დეკლარირებული იყო 75 აშშ დოლარად, რამაც განაპირობა გზავნილის დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში მოხვედრა.
საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობამ კი გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. შესაბამსიად, დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
რაც შეეხება დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------------ (პ/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 9 მარტის №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით,რომ 2022 წელს მოიპოვა GITA-ს გრანტი.საფოსტო გზავნილზე, ტრექინგ კოდის არევამ გამოიწვია ღირებულების არასწორად დეკლარილება ნაკლებ ფასად. მომჩივნის მითითებით, ნივთი ნაყიდია გრანტის სახსრებით და შესაბამისად განზრახვა, რომ გადასახადისგან თავი აერიდებიდა, არ ჰქონია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და გადახდილი დღგის თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილი ნაცვლად 560 აშშ დოლარისა, დეკლარირებული იყო 75 აშშ დოლარად, რამაც განაპირობა გზავნილის დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში მოხვედრა. საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობამ კი გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი;
13,163(1,11);167(7);
საგ.კოდ:199,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება