ბრზანება N 8398

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2026
№ დოკუმენტი 8398
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8398

08 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 28 იანვრის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815

ბრძანების განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის წლის 13 მარტის №677407 (რეგ. №41808/21) კორესპონდენცია, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანების განმარტებასთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 28 იანვრის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №007-420 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.“

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანების განმარტებას მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას დაევალა შემოწმებისთვის წარედგინა დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა ზემოაღნიშნული ხარჯების დადასტურება დამოუკიდებელი კერძო ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნით, რომელიც შესრულებული იქნება თვითღირებულების მეთოდით და განსაზღვრავს მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას. განმარტავს, რომ შენობანაგებობა აშენებულია 2010-2012 წლებში, რის გამოც შესაბამისი სამშენებლო ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული მოცულობის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი და დოკუმენტაციის ნაწილი ხანდაზმულია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს განემარტოს შეუძლია თუ არა კერძო ექსპერტის მიერ მომზადებული შეფასების დასკვნის, როგორც შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების, წარმოდგენა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის კორესპონდენცია და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

2. დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის.

3. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 41-ე მუხლის თანახმად:

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სამართლებრივი ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია, რომლებსაც შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საკითხის სამართლებრივი შეფასების და გადაწყვეტილების მიღებისას.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანება არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815 ბრძანების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.