გადაწყვეტილება №78117/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№78117/1/2023
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ - ის 23.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №78117/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.10.2021 წლის №12736/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №007-357 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 111 595 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 37 331
დღგ - (- 420)
მოგების გადასახადი - (- 8 350)
საშემოსავლო გადასახადი - 46 074
ქონების გადასახადი - 27
ჯარიმა - 31 982
საურავი - 42 282
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამედიცინო და სამეურნეო საქონლის თურქეთიდან იმპორტი და საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაცია. საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზეც.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 29.12.2020 წლის აქტით შემოწმებულია საწარმოს საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.01.2018 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:
- გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ნაწილი გათავისუფლებულია დღგსაგან. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, საწარმო იყენებს სადისტრიბუციო პროგრამა ემეს, საიდანაც არ ამოდის სრული მონაცემები საქონლის მოძრაობის შესახებ. შემმოწმებლებისათვის წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ვერსიები, ამასთან, ვერ იქნა გაშიფრული 2017 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. საწარმოს წარდგენილი აქვს 2017 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საწყისი ნაშთი 450 321 ლარია, ხოლო საბოლოო - 661 819,74 ლარი. გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 345 694 ლარი, ხოლო გათავისუფლებული ბრუნვა 214 630 ლარი. შემოწმებით გამოვლინდა, რომ დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი საქონლის (მაგ. ზოგიერთი მაკრატელი, კორსეტი, ვარიკოზის წინდა და სხვა) რეალიზაცია აღრიცხული აქვს, როგორც დღგ-საგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია;
- გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა). შესაბამისად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდებზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შეძენილი სასაქონლო მარაგები დაყოფილ იქნა 92 ჯგუფად (61 დღგ-ით დასაბეგრი და 31 გათავისუფლებული), გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში საშუალოდ შეადგინა დღგით დასაბეგრ საქონელზე 60,57 %, დღგ-საგან გათავისუფლებულზე - 75 %. ამავდროულად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ 2017 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ღირებულებაში თითოეული ჯგუფის საქონელი მონაწილეობს იმავე პროპორციით, როგორი პროპორციითაც მონაწილეობს შეძენაში;
- არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების საფუძველზე, დამატებით გამოვლენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 184 871 ლარი, ხოლო გათავისუფლებული ბრუნვა შემცირდა 6 517 ლარით. აღნიშნული ოდენობები თითოეული თვის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა მათი ხვედრითი წილის მიხედვით მთლიან 2017 წლის დღგ-ის ბრუნვებში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დამატებითი შემოსავალი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის №007-591 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2021 წლის №8014 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.10.2021 წლის №12736/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ასევე, აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 21.10.2021 წლის №12736/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, 29.12.2020 წლის შუალედური შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 30 561 ლარით, მათ შორის გადასახადი 20 244 ლარით და ჯარიმა 10 317 ლარით. დღგ შემცირდა სულ 16 560 ლარით მათ შორის გადასახადი 10 910 ლარით და ჯარიმა 5 650 ლარით. ხოლო საშემოსავლო გადასახადი 14 001 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 334 ლარით და ჯარიმა 4 667 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №007-357 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურში წარდგენილია დოკუმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც მოიცავდა შესამოწმებელ პერიოდზე ექსელის ცხრილებს (აღნიშნული დაპორტირებულია კომპანიის ბუღალტრული პროგრამიდან მსდისტრიბუცია), აღნიშნული ცხრილები იძლევა სრულ ინფორმაციას სასაქონლო ბრუნვის შესახებ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე.
წარდგენილი იქნა ინფორმაცია (საქონელბრუნვის ანალიზი) 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე საბუღალტრო მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საჩივარი დაიწერა 9.04.2021 წელს, შემდეგ შემოწმდა კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერები, შესაბამისად ჩაკორექტირდა რიგი შეცდომები, კერძოდ გადამხდელის მიერ არასწორად იყო იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება განსაზღვრული, საწყის ნაშთებში გამორჩენილი იყო დროებით რეჟიმში შემოტანილი საქონელი, რომელიც განბაჟდა 2017 წლის მარტში (A 4543), შესაბამისად 9.04.2021 წლით დათარიღებულ საჩივარში წარმოდგენილი მსჯელობა განსხვავდება წარმოდგენილ ინფორმაციისგან, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად ასახავს კომპანიის სამეურნეო აქტივობას 2017 წლის პერიოდზე და ქრონოლოგიურად მიჰყვება შემდგომ პერიოდებს (2018-2019-2020 წლის 1 ივლისამდე მოხდა საგადასახადო შემოწმება). აქედან გამომდინარე, შემმოწმებელი უნდა დაეყრდნოს წარდგენილ ინფორმაციას.
საქონელბრუნვის ანალიზი გვიჩვენებს, რომ კომპანია მს-სადისტრიბუციო პროგრამაში საქონლის აღრიცხვა ხდება ინდივიდუალურად და ყველა რეალიზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია ირკვევა სასაქონლო ზედნადებით და საბოლოო მომხმარებელზე იდენტიფიცირდება დღეების მიხედვით. კომპანიის მიერ 2017 წლის პერიოდში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია დანაკლისი საქონელი თვითღირებულებით 84 761 ლარის, საბაზრო ღირებულებით 157 224,43 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა და საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იბეგრება მოგების გადასახადით 98-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით 15%.
შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული იქნა დამატებით შემოსავალი 201 958 ლარი, რაც დანაკლისად განსაზღვრულ საქონლის საბაზრო ღირებულებას აღემატება 17 070 ლარით.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თანხა მონაწილეობს სალაროს ბრუნვებში და შემდეგ საანგარიშო პერიოდებში მონაწილეობს სალაროს ნაშთზე დარიცხულ სარგებელში. კომპანიაზე არასამართლიანია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ვინაიდან ის სრულად ახორციელებს ყველა სამეურნეო ოპერაციის აღრიცხვას. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიის მიერ გამოვლენილი დანაკლისი უნდა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად და ის არ უნდა იყოს განხილული კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასწორია არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის კომპანიის დირექტორზე ხელფასად განხილვა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე ხელფასად განაცემად ჩათვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით,შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ ნათქვამია, რომ ასეთად განხილული განაცემის (სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირებული) დაბეგვრა უნდა მოხდეს საანგარიშო პერიოდის ბოლოს 31 დეკემბრით და არა თვეების მიხედვით, როგორც ეს შემმოწმებლის მიერ არის დაბეგრილი. დღგ-ის ნაწილში გადაანგარიშების შედეგად გადასახადის თანხა - 420 ლარით შემცირდა, ხოლო დარიცხულია ჯარიმა 8 356 ლარი. უნდა მოიხსნას დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის თანხაში არ მომხდარა დამატებით გადასახადის დარიცხვა.
საწარმოს მიერ აღიარებული დანაკლისი უნდა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი არ უნდა იყოს განხილული სახელფასო განაცემად. უნდა გაუქმდეს დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
საბჭოს 21.10.2021 წლის №12736/2/2021 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია ცხრილების სახით ექსელის ფორმატში 3 ფაილი, სადაც საწყისი ნაშთის ღირებულება ფიქსირდება 450 321 ლარი, რაც შემოწმების აქტის მიხედვით მონაწილეობას იღებს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაში. ასევე წარდგენილ ინფორმაციაში ცალკე გამოყოფილია დანაკლისი თვითღირებულებით 84 761,96 ლარი, რაც შემოწმებისა და დავის მიმდინარეობის პროცესში საწარმოს არსად არ აქვს მოხსენებული. წარდგენილი ინფორმაცია შესწავლილ იქნა საწარმოს წარმომადგენელის მონაწილეობით. ფასნამატებში არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა, თუმცა დამატებითი შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება, ამასთანავე გადამოწმებულ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი (450 297,83 ლარი), რომლის 32,51%-ს შეადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი 146 411 ლარის ოდენობით (საჩივარში მითითებული იყო 104 378 ლარი) შემოსავლების სამსახურის ერთიან-ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე ჩატარდა ანალიზი საქონელზე, ასევე წარდგენილ ნაშთში დაფიქსირებულ კონკრეტულ საქონელზე (ნებულაიზერები). შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა ტიპის ნებულაიზერი 2017 წლამდე შეძენილია 57 132 ლარის ოდენობით. იმავე პერიოდში მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია შეადგენს 63 818 ლარს, ხოლო წარდგენილი ინფორმაციით აღნიშნული საქონელი 1.01.2017 წელს საწყის ნაშთად ფიქსირდება 53 521 ლარის ოდენობით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწყის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობაში ვერ იქნებოდა 146 411 ლარის დღგისგან განთავისუფლებული საქონელი, ამასთან გადაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული, რომ 2016 წელს დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის წილი მთლიან შეძენებში შეადგენს 16,22%- ს. ხოლო შემოწმების აქტში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებაში დღგ-ისგან განთავისუფლებული საქონლის წილი განსაზღვრული იყო 2017 წლის შეძენებში მისი წილის (10,6%) პროპორციულად. შედეგად საწყის ნაშთში დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი განისაზღვრა 73 060 (450 297,83*16,22%) ლარით, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 47 732 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემებს აღემატება 124 263 ლარით (შემოწმების აქტით სხვაობა შეადგენდა 184 871 ლარს), ხოლო დღგ-ისაგან განთავისუფლებული შემოსავალი 27 664 ლარით (შემოწმების აქტით შემცირება შეადგენდა 6 517 ლარს). საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 264 540 (184 871*1,18-6 517,08) ლარისა გადაანგარიშებით შეადგინა 217 868 (124 263*1,18+27 664,08) ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის № „-------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღგ-ის ნაწილში შემოწმებით გამოვლენილია 3 საკითხი: 1) საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 124 263 ლარით აღემატება დეკლარირებულ მონაცემს, შესაბამისი დღგ 22 367 ლარია; 2) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის აპრილის თვის დღგის დეკლარაციის მიხედვით ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა სულ 23 720 ლარი, მათ შორი საბაჟოზე დარიცხული დღგ 19 419 ლარია. შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის აპრილში საწარმოს მიერ საბაჟო ოპერაციაზე დარიცხული დღგ 18 741 ლარია. ჩათვლილ თანხასთან ხხვაობამ შეადგინა 678 ლარი. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით და 3) შემოწმებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში საწარმომ განახორციელა 2 იმპორტის ოპერაცია - დეკლარაცია № „-------“ (17.08.2017 წ) და № „-------“ (10.08.2017 წ), მაგრამ დღგ-ის დეკლრაციების ანალიზით № „-------“ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ 1 541 ლარის ოდენობით ჩასათვლელ თანხაში არ მონაწილეობს. ანალოგიურად არ მონაწილეობს ჩასათვლელ თანხაში იმავე წლის 16 დეკემბერს გაფორმებული № „-------“ დეკლარაციის შესაბამისი დღგ 21 926 ლარის ოდენობით. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, დადგინდა დღგ-ის ჩასათველი თანხა, რომელიც ძირითადად ფორმირებულია ადგილობრივი ჩათვლებიდან და იმპორტის საბაჟო დეკლარაციებიდან გამომდინარე ჩასათვლელი დღგ-ის მიხედვით. შედეგად შემოწმებით გამოვლინდა დამატებით ჩასათვლელი თანხები და საწარმოს შეუმცირდა ძირითადი გადასახადი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში გადასახადი შემცირდა 422 (22 367-678-21 926) ლარით და დაეკისრა ჯარიმა 8 356 ლარი.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილია და განხორციელებულია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს საკითხების შესწავლაზე, რომელიც აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად დავალებული არ ყოფილა.
საბჭო აღნიშნავს, რომ დღგ-ის ნაწილში ჯარიმის მოხსნის თაობაზე მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა ეხება საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამურ ოდენობას, რაც არ მიუთითებს რომელიმე გადასახადის ნაწილში, გადასახადის თანხაზე მეტი ჯარიმის თანხის დარიცხვის დაუშვებლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია მომჩივნის წარმომადგენელის მონაწილეობით და განხორციელედა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.10.2021 წლის №12736/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.