გადაწყვეტილება №19246/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19246/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19246/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19246/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო ზედნადებების მიხედვით სამშენებლო ობიექტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტერიტორიაზე გადაზიდული საქონელის მიწოდებულად განხილვა და გამოყენებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-561 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4400 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 371 951,9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 204 275

დღგ - 73 720

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 82

მოგების გადასახადი - 127 335

საშემოსავლო გადასახადი - 3 138

ჯარიმა - 101 280

საურავი - 66 396,9

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო დანიშნულების საქონელი, რომელიც გადაზიდულია გადამხდელის სამშენებლო ობიექტებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტერიტორიაზე (---ს სხვადასხვა მისამართზე,--- და ---ში, ასევე სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ ტერიტორიაზე). ამასთან, კომპანიას არ გააჩნია აღნიშნული საქონელი მატერიალური მარაგები ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებულია შესაბამის პერიოდებში და გაავრცელა ანალოგიურ საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. შედეგად, აღნიშნული საკითხების მიხედვით დადგენილი შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №006-561 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4400 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომლებიც გადამხდელს არ გააჩნია ნაშთად და ამასთან ერთად ეს საქონელი გადაზიდულია ისეთ ტერიტორიებზე სადაც საწარმოს არ ჰქონდა მშენებარე ობიექტი, ჩაითვალა რეალიზებულად და დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას 23%-იანი ფასნამატით (აუდირებული ფასნამატი მსგავსი საქონლის რეალიზაციაზე).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ ---, სადაც მათ მიერ ხორციელდება საცხოვრებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები, გადაზიდულ იქნა 57 360 ლარის საქონელი, საიდანაც 28 690 ლარის საქონელი არის მშენებლობისთვის საჭირო მრავალჯერადად გამოყენებადი მასალები და აღნიშნული მასალები ახლაც დასაწყობებულია ---ში არსებული ობიექტის მიმდებარედ.

საჩივრის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ ---ში შეძენილ სამშენებლო მასალებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად შეცდომით მითითებულია ---ში მდებარე ერთ-ერთი მაღაზია, რეალურად კი აღნიშნული მასალები საბოლოოდ მიდიოდა ---ში იმ მისამართზე, სადაც მათ მიერ ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების მიზნობრიობის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მშენებარე ობიექტი მდებარეობს ---ში, სასაქონლო ზედნადები ზოგიერთ შემთხვევაში გამოწერილია ---სა და ---ის ქუჩაზე, რომლებიც მდებარეობენ კომპანიისგან 50-60 მეტრში, ეს გამოწვეული იყო ---ში არსებული მაღაზიის შეცდომით. ასევე, კომპანია მასალების შეკვეთას აძლევდა ადგილობრივ მაღაზიას და იქ საქონლის არქონის შემთხვევაში საქონელი გამოიწერებოდა ---ის, --- და სხვა სავაჭრო ობიექტებიდან, მაღაზიის მიერ შეკვეთებით დატვირთული საქონელი მიდიოდა მაღაზიის მისამართზე და შემდგომ იმავე მანქანით სასაქონლო ზედნადებში მისამართის შეუცვლელად საქონელი მოქონდა ადგილზე.

--- მიმდებარე ტერიტორიიდან (---) შესყიდულ ცემენტს, ბათქაშს, ქვიშას და სხვა სამშენებლო მასალებს (19 431 ლარი) თვლის ---ში სხვაზე გაყიდულად, ამასთან 23%-იანი ფასნამატით.

ასევე, რეალიზებულად ჩათვალეს 28 690 ლარი, მშენებლობისთვის საჭირო მასალები მაგალითად, სამშენებლო დანკრატები, საოფისე სასაწყობო მასალები, სხვადასხვა ზომის კოჭები, რომლებიც ახლაც იქვე, საცხოვრებელ სახლთან არის დასაწყობებული.

არასწორი მისამართის გამოვლენის შემთხვევაში შეძენილ საქონელზე 23%-იანი ფასნამატის გავრცელება არასწორია და ასევე არალოგიკურია იმიტომ, რომ შეძენისას საქონელზე უკვე დარიცხულია თავისი ფასნამატი (საქონელი უფრო მეტი ფასნამატით თუ გაიყიდებოდა უფრო ძვირს გადაიხდიდა კომპანია, მაგალითად 1 000 ლარიან საქონელში 30% ფასნამატი იყო, მოგება გამოდის 300 ლარი, საქონლის ღირებულებას 700 ლარს + ფასნამატი 300 ლარი. ხოლო, შემოწმებით 1 000 ლარს ემატება 23% და რეალიზებულად ჩაითვალა 1 230 ლარად, რაც არალოგიკურია. 800 ლარიანი საქონელი გამოდის 530 ლარის ფასნამატით და ამ შემთხვევაში ხდება ორმაგად დაბეგვრა.

საერთოდ იგნორირებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასით, ხოლო თუ ვერ მოიპოვება ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტით მინიმალური შესყიდვის ფასთან დაკავშირებით - 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც უნდა გაეთვალისწინებინა შემმოწმებელს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო დანიშნულების საქონელი, რომელიც გადაზიდულია გადამხდელის სამშენებლო ობიექტებისაგან 4 მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტერიტორიაზე, ---ის სხვადასხვა მისამართზე, ---სა და ---ში (ასევე სამშენებლო ობიექტის მისამართისგან განსხვავებულ ტერიტორიაზე). კომპანიას არ გააჩნია აღნიშნული საქონელი მატერიალური მარაგები ნაშთად.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4400 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების მიზნობრიობის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4400 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო ზედნადებების მიხედვით სამშენებლო ობიექტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტერიტორიაზე გადაზიდული საქონელის მიწოდებულად განხილვა და გამოყენებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საქონელი რეალიზებულია და გაავრცელა ანალოგიურ საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი. შედეგად, დადგენილი შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 161; 159