გადაწყვეტილება №26979/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.05.2026
№ დოკუმენტი 26979/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26979/2/2026

11 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 24.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26979/2/2026).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა;

2. შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინება დღგ-ის ჩათვლებში;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის N 006-613 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის N 4498 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 125 432,14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 68 538,09 ლარი;

დღგ - 39 224,09 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 29 314 ლარი;

ჯარიმა - 40 155,8 ლარი;

საურავი - 16 738,25 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 27.06.2022 წლიდან 01.09.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის N 006-613 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის N 4498 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა.

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, საბაჟო დოკუმენტაცია, მიღება - ჩაბარების აქტები) შესწავლის შედეგად, 2022-2025 წლების საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილმა (გაზრდილმა) დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 3 885 296 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა წარდგენილი დოკუმენტების, აგრეთვე საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით გადახდილი თანხების გათვალისწინებით. საგადასახადო შემოწმების შედეგად განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, დაკვალიფიცირდა საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2022-2025 წლებზე შემოწმების მიერ დადგენილმა (გაზრდილმა) დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 3 885 296 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა წარდგენილი დოკუმენტების, აგრეთვე, საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადახდილი თანხების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, განკარგვადი თანხის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა (101 011 ლარი), რომელიც აღემატებოდა გადამხდელის მიერ წარდგენილ ბრუნვით უწყისში სალაროში ასახულ ოდენობას (47 232 ლარი). ამასთან, შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მინდობილი პირები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის, ისე განკარგვადი თანხის გაანგარიშების პროცესში, მათთვის ასევე ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების საბოლოო შედეგებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

წარდგენილია საბუღალტრო პროგრამის ამონაწერები, ბრუნვითი უწყისი და ბარათები, რომლებიც სრულად ასახავს კომპანიის პირველად დოკუმენტაციას, სრულად არის ასახული ბანკის ამონაწერები, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებები.

აღნიშნული დოკუმენტაციით სალაროში ფიქსირდებოდა 47 232,06 ლარი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა უნდა შეადგენდეს 47 232,06 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებას არ ეთანხმება, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროში აღრიცხულია ფულადი სახსრების ნაშთი 47 232,06 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვითა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და გამორიცხავს აღნიშნულზე მეტი თანხის პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად მიჩნევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხის შემცირება (კორექტირება).

 

დავების განხილვის საბჭო.

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალის და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამის ამონაწერები, ბრუნვითი უწყისი და ბარათები, რომლებიც სრულად ასახავს კომპანიის პირველად დოკუმენტაციას, სრულად არის ასახული ბანკის ამონაწერები, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებები. აღნიშნული დოკუმენტაციით სალაროში ფიქსირდებოდა 47 232,06 ლარი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა უნდა შეადგენდეს 47 232,06 ლარს.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს ბუღალტერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სრულყოფილად ვერ აწვდიდა ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე. აუდიტორთან გაგზავნილი მონაცემების გავლაც ვერ მოესწრო, რადგან შემოწმება ტარდებოდა დეკემბრის ბოლოს. გახარჯული თანხის ნაწილში გაანგარიშება არასწორია და არის დამატებით შესასწავლი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ -ფაქტურების გათვალისწინება დღგ-ის ჩათვლებში

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 2023 - 2025 წლებში საწარმოს არ აქვს განაშთული (შემცირებული) ავანსის ანგარიშ - ფაქტურები. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ აქვს ასახული 2024 წლის ივლისში განხორციელებულ იმპორტზე ბიუჯეტში გადახდილი დღგ 9 185,19 ლარი. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის და 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ჯამში გაიზარდა სულ 2 710 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 69-ე მუხლის პირველ-მე-4 ნაწილებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2023 - 2025 წლებში გადამხდელს არ ჰქონდა განაშთული (შემცირებული) ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ ჰქონდა ასახული 2024 წლის ივლისის თვეში განხორციელებულ იმპორტზე ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 9 185 ლარის ოდენობით. შედეგად, გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 710 ლარით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლების განხორციელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საჩივარში აღნიშნული ეა ----- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა წარმოადგენს ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით ჩათვლილი თანხის განაშთვას, რომელიც არ ექვემდებარება დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვას, ხოლო ეა ----- და ეა ----- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხის ჩათვლა არ მოუთხოვია გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად, არ აისახა შემოწმებით დადგენილ შედეგებში. ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ჩასათვლელ თანხებში ზემოაღნიშნული თანხის გათვალისწინება არ განხორციელდა თანხის არაარსებითობიდან (410 ლარი) გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე და 178-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, პირი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ასახვის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, მათ შორის შესწორებული (დაზუსტებული) ფორმით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები შეძენილ მასალებზე (მაგ: ----- ----- ----- ) და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის საკითხი და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.

მომჩივანი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები შეძენილ მასალებზე და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის საკითხი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ნაწილში ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 40 155,8 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის N 006- 613 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 16 738,25 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის N 4498 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშების და დღგ-ის ჩათვლებში შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინების საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვა;

2. შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება დღგ-ის ჩათვლებში;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია რომ ჩატარდა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რის საფუძველზეც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნა გაასაჩივრა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2); 272(1); 269(7);.