საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევებთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 28.10.1997
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის

საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევებთან ბრძოლის საკითხებზე

თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ

უკრაინამ დაამთავრა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები

საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად" წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა თავის სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობებით და საერთაშორის ვალდებულებებით,გამომდინარეობენ რა, ურთიერთინტერესებიდან ეფექტურად გადაწყვიტონ საგადასახადო დარღვევათა გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთასთან დაკავშირებული ამოცანები,ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ამ მიზნით ყველა სამართლებრივ და სხვა საშუალებათა გამოყენებას,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

შეთანხმების საგანი

1.ამ შეთანხმების საგანი არის თანამშრომლობა მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის საგადასახადო დარღვევათა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის ეფექტიანი ბრძოლის ორგანიზების მიზნით, რაც შედის მხარეთა კომპეტენტური ორგანოების გამგებლობაში.

2.ეს შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო ხელშეკვულებებიდან სამოქალაქო და სისხლის სამართლებლივ საქმეებზე სამართლებლივი დახმარების შესახებ.

მუხლი 2

კომპეტენტური ორგანოები

1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:

საქართველოს მხრიდან - საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია; უკრაინის მხრიდან - უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაცია;

2.კომპეტენტური ორგანოების ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამის შესახებ.

მუხლი 3

თანამშრომლობის ფორმები

ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები იყენებენ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს:

ინფორმაციის გაცვლა ეროვნულ საგადასახადო კანონმდებლობების, მათი ცვლილებების და დამატებების შესახებ, აგრეთვე საგადასახადო დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციისათვის მეთოდური რეკომენდაციების შესახებ, იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო დარღვევათა შესახებ, ინფორმაციული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ, რომელიც გამოიყენება საგადასახადო დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დროს;

ურთიერთმოქმედება საგადასახადო დარღვევათა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებაში;

იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესაბამისად დამოწმებული ასლების წარდგენა;

საქმიანობის კოორდინაციის განხორციელება და აუცილებელი დახმარების აღმოჩენა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშობა თანამშრომლობის პროცესში, წარმომადგენლობის ურთიერთგაცვლა და კადრების მომზადება, აგრეთვე საგადასახადო დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემების თაობაზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სემინარების ჩატარება.

საკითხებზე, რომლებიც გამომდინარეობენ ამ შეთანხმების შესრულებიდან, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს.

მუხლი 4

ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო დანაშაულებათა და

სამართალდარღვევათა შესახებ

1.ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო დარღვევათა შესახებ ითვალისწინებს შემდეგი მონაცემების წარდგენას:

იურიდიული პირებისაგან ამოღებული გადასახადების თანხა და შემოსავლები დასაბეგრი ბაზის ფარგლებში, აგრეთვე ის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო დარღვევათა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის.

ანგარიშების გახსნის შესახებ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების მიერ და აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობაზე, თუ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ანგარიშებზე არსებობს დაფარული თანხმები;

2.ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინება ერთი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიერ მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ინფორმაციის წარდგენა არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობასა ინტერესებს.

თუკი ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებულია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანო, მას შეუძლია წარადგინოს ეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით.

მუხლი 5

დოკუმენტების ასლების წარდგენა

მხარეების კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს წარუდგენენ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც ეხება იურიდიული და ფიზიკური პირების დაბეგვრას (ანგარიშები, ფაქტურები, ზედნადები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, სერთიფიკატები, ცნობები და სხვ.), აგრეთვე იმ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგადასახადო დარღვევებს;

ასლები მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით,კანონით დადგენილი წესის საფუძველზე.

მუხლი 6

სამართლებრივი ხასიათის მასალების გაცვლა

მხარეთა კომპეტენტური ორგანოები რეგულარულ საფუძველზე ახდენენ ინფორმაციის გაცვლას ეროვნული საგადასახადო კანონმდებლობების, საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დანაშაულთა გამოძიების წარმართვის და წარმოების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. დროულად აუწყებენ ერთმანეთს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და ახლადმიღებული ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესახებ, ასევე ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეტანილია მოქმედ ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებში.

მუხლი 7

თანამშრომლობა ინფორმაციული უზრუნველყოფის

საკითხებზე

მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ საგადასახადო დარღვევებთან ბრძოლის ორგანიზებისას ინფორმაციული სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებზე გამოცდილების, მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, სამეცნიერო მასალების გაცვლას.

მუხლი 8

კადრების მომზადების სფეროში თანამშრომლობა

და გამოცდილების გაცვლა

მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ კადრების სწავლებასა და გადამზადებაში თავის სასწავლო დაწესებულებათა ბაზაზე, ატარებენ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სემინარებს საგადასახადო დარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აქტუალურ საკითხებზე.

ამ მუხლის ფარგლებში, თანამშრომლობის რეალიზაციის კონკრეტული ფორმები და კერძოდ, მისი დაფინანსება, განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.

მუხლი 9

მოთხოვნის ფორმა და შინაარსი

1.მოთხოვნა ინფორმაციის მიღების შესახებ უნდა გადაიცეს წერილობითი სახით ან ტელეტაიპის, ფაქსიმალური, ან კომპიუტერული კავშირის გამოყენების საშუალებით. გადაუდებელ შემთხვევებში ზეპირი მოთხოვნა შეიძლება მიღებულ იქნეს სატელეფონო კავშირის საშუალებით, ოღონდ ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს დამოწმებული წერილობითი ფორმით.

ტელეტაიპის, ფაქსიმალური, ან კომპიუტერული კავშირის გამოყენებისას, აგრეთვე ზეპირი შეტყობინების ჭეშმარიტებაში ან შინაარსში ეჭვის წარმოშობისას, მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტური ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს წერილობითი ფორმით დამოწმება.

2.მოთხოვნა ინფორმაციის მიღებაზე უნდა შეიცავდეს;

მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;

მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;

მოთხოვნის არსს და დასაბუთებას, აგრეთვე მისი შესრულებისათვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.

მუხლი 10

მოთხოვნის შესრულება

1.მოთხოვნა სრულდება ერთი თვის ვადაში, დაზუსტების მიზნით, თუ ეს საჭიროა მოთხოვნის შესრულებისათვის, მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

2.მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ ორგანოს.

მოთხოვნის შესრულებაზე უარი ეთქმება იმ შემთხვევაში, თუ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას, ან ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს სახელმწიფოს კანონმდებლობას.

მოთხოვნის შესრულებაზე უარის განცხადების მიზეზებზე შეტყობინება ეგზავნება მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 11

ენები

ინფორმაციის მიღების მოთხოვნა და მასზე პასუხი დგინდება რუსულ ენაზე.

მუხლი 12

ინფორმაციის გამოყენება

მხარეების კომპეტენტური ორგანო იძლევა საგადასახადო დარღვევათა გამოვლენის, გაფრთხილებისა და აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას.

ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გადაცემულ იქნეს მესამე მხარისათვის ინფორმაციის მომწოდებელი კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 13

ხარჯები

მხარეები იღებენ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების შესრულებასთან თავისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. დამატებითი ხარჯების გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში მათი დაფინანსების საკითხი განიხილება მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 14

შეთანხმების რეალიზაციის შემდგომი ზომები

მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში აწყობენ შეხვედრებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ამ შეთანხმების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

მუხლი 15

შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. თბილისში 1997 წლის 28 ოქტომბერს ორ ეგზემპლარად. თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი აუთენტურია.

ამ შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

უკრაინის მთავრობის სახელით