გადაწყვეტილება №25767/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25767/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25767/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 2.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25767/2/2025).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;

2. სალაროს ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №081-163 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს №18451 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 159 003.55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი 98 441.25

დღგ - 58 077.05

საშემოსავლო გადასახადი - 40 268.20

ქონების გადასახადი - 96

ჯარიმა - 48 468.80

საურავი - 12 093.50

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.11.2019 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9459 და 23 ივნისის №13350 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №14477 ბრძანება და №081-163 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 159 003.55 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 აგვისტოს №18451 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი

ფაქტების აღწერ

კომპანია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი) და დადგინდა, რომ რეალიზაციის 41% არის დოკუმენტური, ხოლო 59% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. რეალიზებულ პროდუქციაზე საშუალო ფასნამატი ფიქსირდება 20%-ის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს. კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას. ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 152 645 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაფიქსირებულია სმფ-ის ნაშთი - საბაზრო ღირებულებით 415 052.2 ლარის ოდენობით.

საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები, ინვენტარიზაციის მასალები (გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მსვლელობის პარალელურად ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია), ერთმანეთთან დაკავშირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციისა და დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე.

შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 12%-ს და არა 20%-ს, როგორც ეს დადგენილია შემმოწმებლის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №-----21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს. კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას. ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები და დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაციის წილი საერთო რეალიზაციაში შეადგენს 41%-ს. განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციებისა და შეძენების ერთმანეთთან დაკავშირება, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის და დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს საშუალოდ 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 12%-ს და არა 20%-ს, როგორც ეს დადგენილია შემმოწმებლის მიერ. თუმცა, გადასახადის გადამხდელის პოზიცია არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროს ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, აღებული სესხის, სხვა შემოსული თანხისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბიუჯეტო გადარიცხვები, გაცემული ხელფასის, გადახდილი სესხის ძირის და პროცენტის თანხები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები) მიხედვით გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში - 161 073 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 15 მაისს ჩატარდა პროცედურა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 400 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში (საგადასახადო შემოწმების ბოლო შესამოწმებელი პერიოდი). მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი სადავო საკითხის დაკმაყოფილება ავტომატურად იწვევს ნაღდი ფულის ოდენობის კორექტირებას. ამასთან, თანხების, რის გამოც მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, დაბრუნება განახორციელა კაპიტალის გაზრდის ხარჯზე და კომპანიაზე არსებული სესხები გადახურა. ანგარიშზე თანხის შეტანის ქვითრები თან ერთვის საჩივარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №----21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს, აღებულ სესხსა და სხვა შემოსულ თანხას გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი, გადახდილი სესხის ძირის და პროცენტის თანხები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი 161 073 ლარის ოდენობით, რის არსებობაც მომჩივნის მიერ ვერ დადასტურდა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 400 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობის აგროსილი თანხა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის ავ---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან, ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ავ---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში ეა ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 76-ე მუხლების გათვალისწინებით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 180-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე, 481 მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც მოცემულია აქტში, განაშთულია. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად:

1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება.

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის ----21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის ავ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან, ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ავ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში ეა----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;

2. სალაროს ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9459 და №13350 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, როლის მიხედვით ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერებს, კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას, ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 152 645 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 14 მაისს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაფიქსირებულია სმფ-ის ნაშთი - საბაზრო ღირებულებით 415 052.2 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია, საწყისი ნაშთის რეალობა, შეძენები, ინვენტარიზაციის მასალები (გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მსვლელობის პარალელურად ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია), ერთმანეთთან დაკავშირდა დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვენტარიზაციისა და დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი ერთმანეთს ემთხვევა და შეადგენს 20%-ს, რაც გავრცელდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 50 ჯგუფზე. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში, შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე ირკვევა რომ,გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული 2022 წლის 7 ივლისის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა . ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამომწერ მხარეს განაშთული აქვს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა გაორებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175ე და 76-ე მუხლების გათვალისწინებით. ამასთან, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14477 ბრძანება და №081-163 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 159 003.55 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18451 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია,რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);174(1.3); 175(1 „ა“); 176(1 „ა“ ); 180(1);