გადაწყვეტილება №19703/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19703/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19703/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19703/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-282 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9010 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 473,52 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 571

დღგ - 47 802

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 231)

ჯარიმა - 24 180

საურავი - 11 722,52

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ -----ში, ------ ქუჩა №----ში (ს/კ ------). აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც მომჩივანს მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ მომსახურების შესრულების ხელშეკრულებებით. ასევე, სარეალიზაციო ფართების ნაწილზე დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2018 წლამდე. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს -------ს (ს/ნ ------) მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (2021 წლის იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლი), 163-ე მუხლის, მე-8 მუხლის და 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც.

ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდშია მიღებული ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამშენებლო მომსახურებაზე შპს --------გან. ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-282 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9010 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-8 ნაწილებზე, 30.05.2018 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ 2018 წლამდე განხორციელებულ რეალიზაციებზე მართლზომიერად იქნა გამოყენებული გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმები, ასევე, მართლზომიერად დაიბეგრა მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილი და 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში განხორციელდა მართლზომიერად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აისახა დღგით დასაბეგრი ბრუნვა 144 841 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 243 570 ლარის შესაბამისი გადასახადის თანხა - 43 843 ლარი მითითებული სწორედ, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის დანართითაც.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის მე-9 გვერდზე, ფინანსური შედეგების ნაწილში აუდიტორის მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 144 841 ლარი, გადასახდელი დღგ კი 43 843 ლარი. საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს, ანუ 144 841 ლარიდან გადასახდელი დღგ-ის თანხა უნდა იყოს 144 841x18/100=26 071 ლარის და არა 43 843 ლარი.

შემოსავლების სამსახური საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აისახა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 144 841 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 243 570 ლარის შესაბამისი გადასახადის თანხა - 43 843 ლარი მითითებულია სწორად, რაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის დანართითაც.

საგადასახადო შემოწმების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ დოკუმენტს, რომელიც გახდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი და გამოიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტი, ამდენად მიზანშეწონილია დაზუსტდეს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტი, რომელშიც ყველა პარამეტრი და ყველა მაჩვენებელი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება. მოცემულ შემთხვევაში კი გადასახადის გადამხდელი რას უნდა დაეყრდნოს, ცხრილს თუ ტექსტობრივ ნაწილს, უცნობია.

ზემოთ მოყვანილი ყველა სადავო საკითხებიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (საგადასახადო ორგანომ) არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ამავე კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ -------ში, ------- ქუჩა №---ში (ს/კ -------). აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ მომსახურების შესრულების ხელშეკრულებებით. ასევე, სარეალიზაციო ფართების ნაწილზე დადებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები 2018 წლამდე. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს -------ს (ს/ნ ------) მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მითითებულია არასწორად, 144 841 ლარიდან არ გამომდინარეობს გადასახდელი დღგ-ის 43 843 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დღგ-ის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში 144 841 ლარის მითითება წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, რასაც თავის მხრივ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადების გაანგარიშებაზე გავლენა არ მოუხდენია და მიიჩნევს, რომ არ დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, რაც შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. კორპუსის მშენებლობა წარმოებდა ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდის ბოლოს აწარმოებდა მასალების ჩამოწერას და გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2020 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდშია მიღებული ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამშენებლო მომსახურებაზე ქვეკონტრაქტორისაგან. ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9010 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").