გადაწყვეტილება №18166/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18166/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------------- (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------11.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18166/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.08.2022 წლის №CAR0107704 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №CAR0113256 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 11.11.2022 წლის №003531 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 11.11.2022 წლის №003532 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარსადგენი დეკლარაციები (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს 18.08.2022 წლის №CAR0107704 და 19.09.2022 წლის №CAR0113256 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეული ოქმით 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.11.2022 წლის №003531 და №003532 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მაისის თვეში დარეგისტრირდა მცირე მეწარმედ. ეგონა გახსნიდა მაღაზიას და იმუშავებდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მუშაობა, გადაიტანა კორონა და ჰქონდა უამრავი გართულება. მაღაზიის ამუშავება დაიწყო ნოემბრის თვეში. საინფორმაციო ბარათზე შესაბამისად მონიშნული იყო მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადი და რადგან არ მუშაობდა ვერ გაითვალისწინა, რომ უნდა გადაეგზავნა ნულოვანი დეკლარაციები, რის შედეგადაც დაეკისრა ჯარიმები. მისი მდგომარების გათვალისწინებით ითხოვს მოეხსნას დაკისრებული ჯარიმები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.
ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
ამდენად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.11.2022 წლის №003531 და №003532 ბრძანებები და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.