ბრძანება N 6424
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6424
25 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის : -------------------------;
იურ. ---------------------------------)
2024 წლის 12 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) №88400/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მიწა რომელიც 25 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას. ვინაიდან აღნიშნული მიწა წარმოადგეს მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს, რომელიც უნდა ტრანსფორმირდეს მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად, ტრანსფორმირების ეტაპზე უნდა ჩაითვალოს ახლადასათვისებლად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან, ხუთი წლის განმავლობაში. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების აქტით მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად 2021, 2022 და 2023 წლების სავადოებზე. აცხადებს, რომ ვინაიდან შემოწმებას არ ჰქონდა 2020 წლის დეკლარაციით მიწის დაბეგვრის სისწორის შემოწმების, შესაბამისი თანხების დარიცხვისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის უფლება, 2020 წლის დეკლარაციის მონაცემებით გამოვლენილი სხვაობა უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
3. პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს, ზემოთაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, კორექტირების შემდგომ დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის № 1112 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 20 თებერვლის №3654 ბრძანება და 2024 წლის 21 თებერვლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 060 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 365 ლარი, ჯარიმა 9 682 ლარი, საურავი 4 013 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ქონების (მიწა) გადასახადის დეკლარაციები, მაგრამ მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს 2017 წლის - ივლისის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ იჯარის ხელშეკრულებით აღებული მიწები, რომლის საფუძველზეც კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული 96.3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა, მდებარე: ------ში და მის მიმდებარე სოფლებში. კომპანიას გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
ამავე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლოსამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება:
ა.ა) ყამირი მიწები;
ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები;
ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები; ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები;
ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით;
ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს 96.3395 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწას, რომელიც არ აქვს ასახული ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში, შესაბამისად, პირს მიწაზე ქონების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, იჯარით აღებული მიწის ახლადასათვისებელ მიწად დაკვალიფიცირებასა და შეღავათით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტი, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ახლადასათვისებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიჩნევის საფუძველი.
ხოლო, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, მიწაზე ქონების გადასახადის ხანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე და განმარტავს, რომ საწარმო ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და საგადასახადო დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით 2021 წელზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან პირს მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები სრულლყოფილად, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.აცხადებს, რომ შემოწმების აქტით მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად 2021, 2022 და 2023 წლების სავადოებზე.ვინაიდან შემოწმებას არ ჰქონდა 2020 წლის დეკლარაციით მიწის დაბეგვრის სისწორის შემოწმების, შესაბამისი თანხების დარიცხვისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის უფლება, 2020 წლის დეკლარაციის მონაცემებით გამოვლენილი სხვაობა უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით კორექტირების შემდგომ დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის № 1112 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №3654 ბრძანება და №074-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 060 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ქონების (მიწა) გადასახადის დეკლარაციები, მაგრამ მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ იჯარის ხელშეკრულებით აღებული მიწები, რომლის საფუძველზეც კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული 96.3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა. კომპანიას გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 204(1,,დ“.4); 205(2.7); 206(1,,რ“); 269(7 );