ბრძანება N 7906

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.04.2023
№ დოკუმენტი 7906
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7906

11.04.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:----) 2023 წლის 4 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის და 16 მარტის სხდომებზე (ოქმი №20, ოქმი №27) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 4 იანვრის №77774/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №002-209 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას და გადასახადის დარიცხვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის ზრდა გამოწვეულია შემოწმების მიერ გაზრდილი შემოსავლების გამო. აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს შემოწმების მიერ ასევე არ იქნა მიღებული მხედველობაში დაფარული სესხი 201 000 ლარი, შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური პირის დასტური სესხის დაფარვის თაობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აგვისტოს №20535 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 ნოემბრის №29962 ბრძანება და ამავე თარიღის №002-209 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 917 716 ლარი, მათ შორის, გადასახადი 524 134 ლარი, ჯარიმა 272 194 ლარი და საურავი 121 388 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმო დაფუძნებულია 2018 წლის 21 ივნისს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელიც. იურიდიული მისამართია ---. აღნიშნულ მისამართზე 2018 წლის 5 ივლისიდან რეგისტრირებულია სალარო აპარატი. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი დანიშნულების ბინების რეალიზაცია და სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს ჰქონდა ერთი მიმდინარე მშენებლობა (----), ქ. ---ის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტით სულ ასაშენებელი ფართია ---- კვ.მ, შენობა მოიცავს 5 სართულს (საცხოვრებელი ბინები), დღეის მდგომარეობით ბინები რეალიზებულია სრულად, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით მშენებლობის სტატუსია მშენებარე. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული ჩანაწერები (აღნიშნული ჩანაწერები შეიცავს არსებით ხარვეზებს, არ მოიცავს სრულ პერიოდს და ასევე სრულად არ არის ასახული ყველა სამეურნეო ოპერაცია), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციის 18%-იან ბრუნვაში სრულად არ აქვს ასახული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმებამ იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 161-ე, 163- ე და 164-ე მუხლებით, რის საფუძველზეც დაკორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები, ასევე ბუღალტრული ჩანაწერები, რომელიც არ მოიცავს სრულ პერიოდს, ასევე არ არის ასახული ყველა სამეურნეო ოპერაცია და შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოწმების მიმდინარეობისას ასევე შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები, ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით დაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ასევე გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯები და საწარმოს დამფუძნებელ პირთა მიმართ არსებული ვალდებულებების (კაპიტალის ნაშთი) ოდენობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 101-ე მუხლის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაანგარიშებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობა, რაც შესამოწმებელი პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა საწარმოს, ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობები, რაც ფიქსირდებოდა საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე და სალაროში ნაღდი ფულის სახით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა აღნიშნული პერიოდისთვის მოქმედი დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაანგარიშებულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან;

გ) თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის და მე-5 ნაწილის თანახმად:

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე მუხლის 21 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 665 368 ლარს, ამასთან საწარმოს მიერ ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 139 710 ლარს, ხოლო სხვა შემოსავლები 46 480 ლარს, აღნიშნული შემოსავლიდან დეკლარირებულია 475 746 ლარი, შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დაანგარიშდა შემოწმების მიერ საწარმოს შემოსავალი და გამოვლინდა სხვაობა 1 189 622 ლარი. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების ცხრილში მითითებულია ჩანაწერი "ფასების ცვლილებით მიღებული ნამეტი" 322 801 ლარი, რაც ასევე გაუგებარია, ვინაიდან საწარმოს მხრიდან ფასების ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რეალიზებული ბინებიდან დაბეგრილი აქვს მხოლოდ ნაწილი. ამასთანავე, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე რეალიზებული აქვს 4 ბინა, აღნიშნულ შემთხვევებში ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორზე უძრავი ქონების რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასი მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისაგან. ამასთან, აღნიშნული ბინები შესყიდვის მომდევნო დღეს საწარმოს დირექტორს რეალიზებული აქვს შეძენისაგან განსხვავებული ფასით. სახელშეკრულებო ფასი ასევე მკვეთრად განსხვავებული იყო დამატებით 3 ბინასთან დაკავშირებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელებულია არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე, აღნიშნულიდან გამომდინარე 7 ბინასთან მიმართებაში განხორციელდა სახელშეკრულებო ფასის ცვლილება საბაზრო ფასით, დარჩენილ რეალიზებულ ფართებთან დაკავშირებით ფასის ცვლილება არ განხორციელებულა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინების მიწოდების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება (მათ შორის, უძრავი ნივთის შემძენი პირის/პირების ახსნა-განმარტება ან სხვა დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდებოდა (ნაკლები იყო) ფაქტობრივი ფასისაგან, რაც აუდიტის დეპარტამენტს სადავო შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციაზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას მიანიჭებდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე მხარეთა შორის გარიგებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ფასის საბაზრო ფასით შეცვლის (გავრცელების) საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული ჩანაწერები, რის საფუძველზეც შემოწმების მიერ დაანგარიშებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ასევე გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯები და საწარმოს დამფუძნებელ პირთა მიმართ არსებული ვალდებულებების (კაპიტალის ნაშთი) ოდენობები და იმ ფულადი სახსრების ოდენობები, რაც ფიქსირდებოდა საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე და სალაროში ნაღდი ფულის სახით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ფიზიკური პირისგან აღებულ სასესხო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის აღნიშნული თანხები დაფარულია სრულად, ფულადი სახსრების გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებდა სესხის ძირითადი თანხა, ხოლო გადახდილი პროცენტები გათვალისწინებულია ხარჯის სახით და შემცირებულია ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის. ამავე ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული (გაზრდილი) შემოსავლები, ასევე გათვალისწინებულია საწარმოს ფულადი ნაკადების დათვლისას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აგვისტოს №20535 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 ნოემბრის №29962 ბრძანება და ამავე თარიღის №002-209 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 917 716 ლარი, მათ შორის, გადასახადი 524 134 ლარი, ჯარიმა 272 194 ლარი და საურავი 121 388 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას, ასევე პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს მეორე სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18 (1, 3, 7, 11); 19; 159; 163; 160; 164;43 (4); 79 (9); 101;154

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160;161.