ბრძანება N 13369
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13369
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 2 ნოემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 2 ნოემბრის №84616/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-485 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ პარტნიორის მიერ ცვლილების განხორციელების მიზანი არ ყოფილა ეკონომიკური სარგებლის მიღება და გადასახადის გადახდისგან თავის არიდება, რასაც ადასტურებს ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: დაფუძნებიდან კომპანიის ერთადერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა, 2010 წლიდან პარტნიორი წარმოადგენს კომპანიის ერთადერთ დამფუძნებელს-100%-იანი წილის მესაკუთრეს და დირექტორს, უძრავი ქონების იჯარის გაცემით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა პარტნიორის მიერ შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროს, ამასთან, ვინაიდან პარტნიორის გარდა კომპანიას არ ჰყავდა სხვა დამფუძნებელი ან თანამშრომელი, პარტნიორს თავადვე უწევდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორს არ ჰქონია გამოცდილება. იგი დაეყრდნო რჩევას გადმოეტანა უძრავი ქონება საკუთარ სახელზე იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი დაეკავებინა და გადაერიცხა თავად მოიჯარე კომპანიას და საბუღალტრო აღრიცხვა შესრულებულიყო სწორად, ყოველგვარი შეცდომების გარეშე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
გადამხდელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პარტნიორის მოთხოვნა საწარმოს კაპიტალში შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ცვლილება ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს და საკანონმდებლო მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ქონება შეძენილია კომპანიის მიერ და არ წარმოადგენს პარტნიორის შენატანს კაპიტალში. აღნიშნულის გამო პარტნიორმა გააუქმა ტრანზაქცია და აღადგინა რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობა, შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო დავის საგანი/დასაბეგრი ოპერაცია. ითხოვს დარიცხული გადასახადების და სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14022 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 4 ოქტომბრის №24451 ბრძანება და 5 ოქტომბრის №006-485 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 323 678 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 525 ლარი, ჯარიმა 86 525 ლარი და საურავი 27 628 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 დეკემბრის №31462 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 აპრილის №21762/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31462 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აპრილის №21762/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, ---მ 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. -----ში, ს/კ ---. საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით, 2006 წელს, რაც დასტურდება შესაბამისი სანოტარო აქტით.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შესაბამისი დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტის და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლზე, რომლის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ --- 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება. საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შემოწმების პროცესში ჩატარებული ქონების შეფასების დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ხოლო, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ უძრავი ქონება 1995 წელს შეძენილ იქნა კომპანიის მიერ და საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თავიდანვე დარეგისტრირდა კომპანიის საკუთრებაში, რაც დასტურდება 1995 წლის 11 აგვისტოს ქ. ----ის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსთან დადებული ხელშეკრულებით №-----თ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შენახული საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციით.
2022 წლის დეკემბერში განხორციელებულ ცვლილებამდე, უძრავი ქონება არასდროს არ წარმოადგენდა პარტნიორის პირად საკუთრებას, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაცული მონაცემებით. შესაბამისად, ვინაიდან უძრავი ქონება არასდროს არ წარმოადგენდა პარტნიორის საკუთრებას, მათ შორის, პარტნიორს არ აუღია ვალდებულება შენატანის სახით მატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემაზე, პარტნიორი მას ვერ შეიტანდა კომპანიის კაპიტალში და ვერ დაიბრუნებდა მასზე საკუთრების უფლებას კომპანიის კაპიტალში განხორციელებული შენატანის დაბრუნების საფუძველზე. უძრავი ქონება თავიდანვე შეძენილ იქნა თავად კომპანიის მიერ. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება გაიცემოდა და მოიხმარებოდა მხოლოდ იჯარის მიზნით, იგივე მოიჯარეზე, მისი გამოყენება სხვა (მათ შორის ეკონომიკური) მიზნით არ მომხდარა, არც სხვა რაიმე სახის ეკონომიკური სარგებელი არც პარტნიორს და არც კომპანიას არ მიუღია, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის შესახებ 2023 წლის ხელშეკრულებით და 2021 წლის 17 ივნისის შეთანხმებით არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულებაში ქირის ოდენობის ცვლილების შესახებ, რომელთა შესაბამისად ქირის ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 3 500 ლარის ნაცვლად 2 800 ლარის ოდენობით იმ მიზნით, რომ მოიჯარე კომპანიას მოეხდინა გადასახადების დაკავება და გადარიცხვა, მათ შორის, დასტურდება ის ფაქტიც, რომ პარტნიორს არ ჰქოდა რაიმე მიზანი, რომ არ გადაეხადა ან შეემცირებინა გადასახადები. ასევე განმარტავს, რომ კომპანიას არ გააჩნდა არანაირი აქტივი უძრავი ქონების გარდა, არც სხვა რაიმე სახის შემოსავალი, შესაბამისად, უძრავი ქონების პარტნიორის სახელზე რეგისტრაცია ცალსახად იწვევდა კომპანიის გადახდისუუნარობას, რაც მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად განიხილება დაუშვებლად და ეწინააღმდეგება კანონს.
გადამხდელი განმარტავს, რომ პარტნიორმა განცხადების საფუძველზე მიმართა საჯარო რეესტრს და 2022 წლის დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოებით განხორციელებული ცვლილების ბათილობის საფუძველით, მოითხოვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე პარტნიორის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ უძრავ ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლების აღდგენა, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პარტნიორის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და აღდგა აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პარტნიორი წარმოადგენს საწარმოს ერთპიროვნულ დამფუძნებელს, უძრავი ქონება საწარმოს კაპიტალიდან გატანამდე და მის შემდგომაც გაიცემოდა იჯარით იგივე მოიჯარეზე და აღნიშნული ცვლილებით საიჯარო თანხის გაზრდას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, პარტნიორის ან/და საწარმოს მიერ რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი არ იკვეთება. შემოსავლების სამსახური ასევე ეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებულ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რომლის მიხედვით, საწარმოს დამფუძნებელმა კაპიტალიდან 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება.
საჯარო რეესტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე, საკუთრების რეგიტრაცია გაუქმდა და სადავო ქონება ისევ აღირიცხა შპს „---ის“ სახელზე. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაუქმებულია კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაცია და სადავო ქონება აღრიცხულია საწარმოს სახელზე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, დღგ-ის მიზნებისთვის აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს კორექტირების საფუძველს.
რაც შეეხება მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრულ ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საკუთრების რეგიტრაცია გაუქმდა და სადავო ქონება ისევ აღირიცხა შპს „---ის“ სახელზე, დამფუძნებელი წარმოადგენს საწარმოს ერთპიროვნულ მმართველს და 100%-იანი წილის მესაკუთრეს, ამასთან, უძრავი ქონება საწარმოს კაპიტალიდან გატანამდე და მის შემდგომაც გაიცემოდა იჯარით იგივე მოიჯარეზე და აღნიშნული ცვლილებით საიჯარო თანხის გაზრდას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციით პირის მიერ სარგებლის მიღების მიზანი არ იკვეთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაცია მოგების განაწილებად განხილვის მიზნებისთვის უნდა შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება. საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით, 2006 წელს, რაც დასტურდება შესაბამისი სანოტარო აქტით.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შესაბამისი დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტის და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 159; 160 (3, ვ); 163; 164; 157; 165; 179; 981; 130; 154; 8(12).