გადაწყვეტილება №22769/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22769/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ის 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22769/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №057-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 მარტის №5354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 145 585 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 85 370
დღგ - 81 101
საშემოსავლო გადასახადი - 4 210
ქონების გადასახადი - 59
ჯარიმა - 42 697
საურავი - 17 518
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ფარგლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22495 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №31421 ბრძანება და 14 დეკემბრის №057-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 145 585 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 12 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 მარტის №5354 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში და გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები. მეწარმეს ასევე შესრულებული აქვს რამდენიმე ქვეკონტრაქტი ფიზიკურ პირებთან. აღნიშნულის შესაბამისად ბრუნვები დეკლარირებული (წინა თემატური შემოწმების ბრუნვების გათვალისწინებით) აქვს ნაწილობრივ და შეადგენს 381 995 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ოპერაციები, რომლის მიხედვით მეწარმის ბრუნვა განისაზღვრა 408 609 ლარით. სხვაობამ შეადგინა 26 614 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოხდა გადასახადების არასწორად/ზედმეტად დაანგარიშება და დარიცხვა. მომჩივანი ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, ასევე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებას. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს (ტენდერები) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ყველა შემოსავალი დაბეგრილია და გადასახადი გადახდილია პირნათლად, მათ შორის, ზედმეტადაც. რაც შეეხება მეტალო-პლასტმასის საამქროს საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც 10-15%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით მოხდა დარიცხვა, ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ გადასახადს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით,ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ბრუნვები დეკლარირებული (წინა თემატური შემოწმების ბრუნვების გათვალისწინებით) აქვს ნაწილობრივ და შეადგენს 381 995 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა მეწარმის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო ოპერაციები, რომლის მიხედვით მეწარმის ბრუნვა განისაზღვრა 408 609 ლარით. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ყველა შემოსავალი დაბეგრილია და გადასახადი გადახდილია პირნათლად. თუმცა, არ წარმოადგენს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა სამშენებლოსარემონტო მასალები, რაც სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საწყობდება ძირითადად მეწარმის საცხოვრებელ მისამართზე. შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული მომსახურებები გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ფორმა 2-ების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა აღნიშნული საქონლის საცხოვრებელ სახლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი და დამატებით წარდგენილი იქნა ელექტრონული ცხრილიც. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები (მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2- ებით) და მეწარმის მიერ წარდგენილი მასალები. შესწავლის შედეგად კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელი თანხა, რომელმაც შეადგინა 49 238 ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2, 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ, რაც გამოწვეულია იმით, რომ საკუთარი სახლის რეკონსტრუქცია/რემონტისთვის გამოყენებული მასალების ჩათვლილი დღგ-ის თანხა ამოღებულ იქნა ჩათვლიდან. აღნიშნული სახლის გაფართოება და რემონტი განახორციელა გამომდინარე იქიდან, რომ დაგეგმილი აქვს საოჯახო სასტუმროს მოწყობა, სასტუმროს ბიზნეს საქმიანობა. ვინაიდან ერთბაშად არ აქვს შესაძლებლობა, რომ რემონტი და მოწყობა დაასრულოს, აღნიშნულს ახორციელებს პერიოდულად ბოლო წლებში. იმის დასტურად, რომ სახლს გამოიყენებს სასტუმროს ბიზნეს საქმიანობისთვის, დანართად წარმოადგენს თავისი შვილის - -------ის სახელზე გაკეთებულ განაცხადს „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წარადგინეს სასტუმროს მოწყობის თანადაფინანსებისთვის გრანტის მისაღებად. თუმცა, აღნიშნული განაცხადი არ დაკმაყოფილდა და საკუთარი ძალებით ცდილობს მიზანი განახორციელოს. შესყიდული და რემონტისთვის გამოყენებული მასალების თანხა შეადგენს 350 000 ლარს, რომლის ჩათვლილი დღგ ამოღებულ იქნა ჩათვლიდან. ასევე, განახორციელა მეტალო-პლასტმასის საამქროს მოწყობა, რომლისთვისაც შეძენილი საჭირო მასალების დღგ-ის თანხაც ამოღებულ იქნა ჩათვლილი დღგ-დან. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორად მოხდა გადასახადების დარიცხვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხის ამოღება.
აქვე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა კომისიამ განიხილა წარდგენილი საჩივარი და განმარტა, რომ არ იყო არგუმენტი/დასაბუთება, თუ რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო საჩივარში აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინება. როგორც განმარტა, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია და გაფართოება განახორციელა იმიტომ, რომ მოაწყოს საოჯახო სასტუმრო, სადაც განახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო ამ რაოდენობის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში, წარმომექმნება ფინანსური პრობლემა. ვინაიდან მისი მიზანი იყო საცხოვრებელ სახლში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სწორედ ამ მიზნით მოახდინა შესყიდული მასალების დღგ-ის ჩათვლა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დარიცხული დღგ და მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება სახლის (სასტუმრო) და მეტალო-პლასტმასის საამქროსთვის შეძენილი მასალების ჩათვლაში გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო მასალები, რაც სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად საწყობდება ძირითადად მეწარმის საცხოვრებელ მისამართზე (-----ი, ------ის ქ. 7). შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული მომსახურებები, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ფორმა 2-ების გათვალისწინებით და დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა აღნიშნული საქონლის საცხოვრებელ სახლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი და დამატებით წარადგინა ელექტრონული ცხრილიც. წერილობითი განმარტებით შემოწმების პროცესშიც ამბობდა, რომ აპირებდა აღნიშნული სახლის სასტუმროდ გამოყენებას, თუმცა დოკუმენტური მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ფართზე შესამოწმებელ პერიოდში იგეგმებოდა რაიმე პროექტი ან ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე და რომ ყველა ეს მასალა (322 782 ლარის) გახარჯულ იქნა სრულად ამ სახლის რეკონსტრუქციაზე და ეკონომიკურ საქმიანობაში, ვერ იქნა წარდგენილი (მიმდინარე ეტაპზეც არ აქვს სასტუმროს ფუნქციონირება დაწყებული და საჩივარზე თანდართულ მასალებშიც წარმოდგენილია დაუმოწმებელი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება მიმდინარე წლის თარიღით - 9.02.2024 წელი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები (მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით ), მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალები და კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელი თანხა - 49 238 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22495 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31421 ბრძანება და №057-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 145 585 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5354 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 161(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 168(1); 173(1); 174(1 „ა“.2 „ა.ა“.3); 175(1 „ა“ ); 176(1 „ა“);