ბრძანება N 22214

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.10.2024
№ დოკუმენტი 22214
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22214

11 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2024 წლის 4 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №22910/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 4 თებერვლის №87420/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №007-382 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვის საფუძველზე დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით გამოყენებულ გაანგარიშებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11691 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „ „--------““ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ, შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11691 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 11 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 5 803 ლარით, მათ შორის, გადასახადი 4 080 ლარით და ჯარიმა 1 723 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 დეკემბრის №007-382 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 14 მარტის №5574 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 აგვისტოს №22910/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მარტის №5574 ბრძანება და საჩივარი კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11691 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული აღნიშნული საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა ქ. „--------“-ში , „--------“-ის ქუჩა №4-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის (არ არის შესული ექსპლუატაციაში) ახალი აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით, ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა;

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 17 ივნისამდე მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსოს მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ორი ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემა. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის თანხა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევ ხარჯებს (გარდა მიწის ღირებულებისა) დამატებული 10%-იანი ფასნამატი, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ახალი აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით, ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული აზომვითი ნახაზი შესრულებულია სწორედ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტის მიერ და წარდგენილია ქალაქის შესაბამის სამსახურებში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ამასთან, აღნიშნულ სამსახურებს შენიშვნა ფაქტობრივად აშენებული შენობის მოცულობასა და წარდგენილ აზომვით ნახაზს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ აქვთ. თუ დავუშვებთ, რომ შემოწმებისას დასაბეგრი ბაზების გაანგარიშების საფუძველი უნდა იყოს რეესტრში არსებული მონაცემები (ფართები), ნაცვლად ფაქტობრივად არსებული საბოლოო პროდუქტისა, მაშინ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა მოხდეს დღგ-ით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (შემცირება) მესამე პირებზე (ჩვეულებრივ მყიდველებზე) ფართების რეალიზაციის შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია ქ. "------"-ში,"------"-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობების აზომვით ნახაზები.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „ „--------“-ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვის საფუძველზე დასაბეგრი ბრუნვის დადგენის მიზნით გამოყენებულ გაანგარიშებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ახალი აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით, ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა;

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),160,161,309(107),