გადაწყვეტილება №27014/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27014/2/2026
28 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 27.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27014/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №056-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5143 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 33 819,11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 709,53
დღგ - 21 514,78
საშემოსავლო გადასახადი - 1 194,75
ჯარიმა - 10 753,00
საურავი - 356,58
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილის ნაწილებით. საქმიანობას ახორციელებს ქ. ---ში. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 19 აპრილს. მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №056-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5143 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის მიერ რეალიზებული პროდუქცია სრულად არადოკუმენტურია. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში არ წარუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.
მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონლის სრული ოდენობა შეადგენს 692 480 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 დეკემბრის ბრძანებით №26535 დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, 2025 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 177 219 ლარის თვითღირებულებით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-სა და საშემოსავლო (მცირე) გადასახადებით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 91-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 92-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია, ვალდებულია აღრიცხოს რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და გაანგარიშებულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებაზე ფასნამატის გამოყენებასთან და ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინვოისები, რაც მეწარმეს არ მოუწოდებია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქონლის აფასება არ მომხდარა. ვინაიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იბეგრება დასაბეგრი შემოსავლიდან, ხარჯების გაუთვალისწინებლად, ამასთან, გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა განხორციელებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი/პრეტენზია ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტით, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მარტის №5143 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მეწარმე პროდუქციის რეალიზაცია ახდენს არადოკუმენტურად. შემოწმების პროცესში არ წარუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონლის სრული ოდენობა შეადგენს 692 480 ლარს. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2025 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 177 219 ლარის თვითღირებულებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირ მეთოდით, კერძოდ, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.
მომჩივანი არ უთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 24.12.2025 წლის №056-107 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა 10 753,00 ლარი და საურავი 356,58 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №056-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5143 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ მიაჩნია,რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 83(„ბ“; 88(1); 90(1); 91(1); 92(2); 93(11); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7);