საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვის მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2430

2430 საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვის მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 01.03.2022
№ დოკუმენტი 2430
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვის მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2430

ფაქტობრივი გარემოებები

· რეზიდენტ საწარმოს სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტებს შორის. არარეზიდენტის მიერ მომსახურების გაწევა არ ხოციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების ან დაქირავებულის მეშვეობით. ასევე, არ დგინდება, რომ არარეზიდენტმა აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გასწია საქართველოში.

· რეზიდენტმა საწარმომ არარეზიდენტისათვის გადახდილი თანხები არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან.

შეფასება

· სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის "გ.თ" ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება.

· იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება და ამასთანავე, არც სხვაგვარად არ დასტურდება მის მიერ საქართველოში მომსახურების გაწევის ფაქტი, არარეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ტვირთების გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.