გადაწყვეტილება №24576/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2025
№ დოკუმენტი 24576/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24576/2/2025

24 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 6.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24576/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 წლის №EL265865 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 წლის №EL265868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №EL266169 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №EL266177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №EL266184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 წლის №EL11111/98 საგადასახადო მოთხოვნა;

7. საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №EL11111/100 საგადასახადო მოთხოვნა;

8. საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №EL11111/101 საგადასახადო მოთხოვნა;

9. შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26316 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 82 381,38 ლარი.

მათ შორის:

25.10.2024 წლის №EL11111/98 საგადასახადო მოთხოვნა - 27 442,89 ლარი.

დღგ საბაჟო - 4 808,2

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 21 600

გადასახადი - 523

საურავი - 511,69

29.10.2024 წლის №EL11111/100 საგადასახადო მოთხოვნა - 7 827,66 ლარი.

დღგ საბაჟო - 7 666,66

საურავი - 161

29.10.2024 წლის №EL11111/101 საგადასახადო მოთხოვნა - 259,15 ლარი.

დღგ საბაჟო - 179,82

იმპორტის გადასახადი - 74

საურავი - 5,33

25.10.2024 წლის №EL265865 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 26 931,2

25.10.2024 წლის №EL265868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 000

29.10.2024 წლის №EL266169 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 7 666,66

29.10.2024 წლის №EL266177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 253,82

29.10.2024 წლის №EL266184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 000

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

24.03.2020 წლის №---------- საბაჟო საწყობის დეკლარაციით შპს „----------“-ის საბაჟო საწყობში (----------) შენახულ იქნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი-760 კგ, პლასტმასის თეფში - 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 578 კგ, უქსოვადი მასალა სველი ხელსახოცისთვის -1734 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი).

24.03.2020 წლის №---------- დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილზე (პლასტმასის კონტეინერი - 100 კგ, უქსოვადი მასალა სველი ხელსახოცისთვის - 1 734 კგ,) განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა.

დარჩენილ ნაწილზე (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, პლასტმასის თეფში 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) დადგინდა, რომ დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა და საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა და საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა საქონლის განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით (საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2024 წლის №19971 ბრძანება).

აღნიშნულის თაობაზე 9.09.2024 წლის წერილობითი შეტყობინებები გაეგზავნათ შპს „----------“- სა (წერილი №----------) და შპს „----------“ (წერილი №----------). ასევე, საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2024 წლის №---------- წერილით საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 17.09.2024 წლის №---------- (№----------) წერილით და თანდართული აქტით (ნ/გ ----------) საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ნაწილი (პლასტმასის თეფში - 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ) მიბარებულ იქნა სააგენტოს სპეციალისტის მიერ (მიღება-ჩაბარების აქტი ნ/გ ----------), ხოლო ნაწილი (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) ფიზიკურად არ აღმოჩნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და შესაბამისად, ვერ იქნა მიბარებული. გამოვლენილი ფაქტზე, 25.10.2024 წელს შედგა №EL265865 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა (სოლიდარულად, შპს „----------“ ერთად) საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 26 931,2 ლარი.

აგრეთვე, ვინაიდან საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება, 25.10.2024 წლის №EL265868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

ასევე, გამოცემულ იქნა №EL11111/98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და საურავი.

2012 წელს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსდა (დროებითი შენახვის განაცხადები: №---------- 21.01.2012 და №---------- 23.06.2012) შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (კომოდი – 2 ცალი; მაგიდა – 6 ცალი; სკამი – 26 ცალი; ხელსაბანი კარადით – 1 ცალი; მოჭიქურებული ფილები – 70 კგ; აბაზანა – 1 კომპლექტი; საშხაპე კედელი – 1 კომპლექტი). ვინაიდან ამოიწურა საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა და საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობა, საბაჟო ორგანოს ინიციატივით, 17.12.2020 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №37528 ბრძანება შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

18.12.2020 წელს აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა შპს „----------“-ს (წერილი №----------) და შპს „----------“-ს (წერილი №----------). ამასთან ერთად, 21.12.2020 წელს საბაჟო დეპარტამენტის №---------- წერილით, საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 17.09.2024 წლის №---------- წერილით საბაჟო დეპარატმენტს ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და შესაბამისად, ვერ იქნა მიბარებული.

გამოვლენილი ფაქტებზე, 29.10.2024 წელს შედგენილ იქნა №EL266169 და №EL266177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა, ხოლო №EL266184 (29.10.2024) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან 29.10.2024 წლის №EL11111/100 და №EL11111/101 საგადასახადო მოთხოვნებით, მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2024 წლის №26316 ბრძანება საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272-ე მუხლზე და საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 და მე-3 ნაწილებზე.

საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაში, ასევე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევაში და ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელთა ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (მათ შორის სოლიდარულად) და 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. ხოლო ვინაიდან არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები სადავო საგადასახადო მოთხოვნით იმპორტის გადასახდელებისა და საურავის დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

17.09.2024 წლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------- წერილით საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი, 20.03.2020 წლის №---------- საბაჟო საწყობის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (1. სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი; 2. ნაგვის პარკი - 760 კგ, 3. სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) ფიზიკურად არ ინახება საბაჟო საწყობის (შპს „----------“, ----------, ----------) ტერიტორიაზე. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL265865 შპს „----------“-ს შეეფარდა სანქცია და შპს „----------“ (ს/ნ ----------) ერთად დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვის გამო 26 931,2 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას ან სხვა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 25.10.2024 წლის №EL11111/98 საგადასახადო მოთხოვნა, შპს „----------“-ს დაერიცხა დღგ საბაჟო 4 808,2 ლარის, აქციზის გადასახადი საბაჟოზე 21 600 ლარის, იმპორტის გადასახადი 523 ლარის და საურავის 511,69 ლარის, სულ 27 442,89 ლარის გადახდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL265868 შპს „----------“-ს შეეფარდა სანქცია საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევას. ოქმის გამომცემი ორგანოს შეფასებით შპს „----------“-ის კუთვნილმა საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა 24.03.2020 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (1. სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი; 2. ნაგვის პარკი - 760 კგ, 3. სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) უკანონო განკარგვა. საბაჟო სანქციის სახით შპს „----------“-ს დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა. 17.09.2024 წლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------- წერილით საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) კუთვნილი, 23.06.2012 წლის №---------- დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ყოფი საქონელი (კომოდი - 2 ცალი, მაგიდა - 6 ცალი, სკამი - 26 ცალი, ხელსაბანი კარადით - 1 ცალი. დათვალიერების აქტი ნ/გ ----------) ფიზიკურად არ ინახება საბაჟო საწყობის (შპს „----------“, ----------, ----------) ტერიტორიაზე, საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266169 შპს „----------“-ს შეეფარდა სანქცია და შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------) ერთად დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვის გამო 7 666,66 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას ან სხვა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 29.10.2024 წლის №EL11111/100 საგადასახადო მოთხოვნა შპს „----------“-ს დაერიცხა დღგ საბაჟო 7 666,66 ლარის და საურავის 161 ლარის, სულ 7 827,66 ლარის გადახდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266184 შპს „----------“-ს შეეფარდა სანქცია საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევას. ოქმის გამომცემი ორგანოს შეფასებით შპს „----------“-ის კუთვნილმა საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა 21.01.2012 წლის №---------- და 23.06.2012 წლის №---------- დროებით შენახვის დეკლარაციებით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (კომოდი - 2 ცალი, მაგიდა - 6 ცალი, სკამი - 26 ცალი, ხელსაბანი კარადით - 1 ცალი, მოჭიქურებული ფილები - 70 კგ, აბაზანა - 10 კგ, საშხაპე კედელი - 10 კგ. დათვალიერების აქტი 2 ცალი ნ/გ ----------) უკანონო განკარგვა. საბაჟო სანქციის სახით შპს „----------“-ს დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა. 17.09.2024 წლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------- წერილით საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) კუთვნილი, 21.01.2012 წლის №---------- დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (მოჭიქურებული ფილები - 70 კგ, აბაზანა - 10 კგ, საშხაპე კედელი - 10 კგ. დათვალიერების აქტი ნ/გ ----------) ფიზიკურად არ ინახება საბაჟო საწყობის (შპს „----------, ----------, ----------) ტერიტორიაზე, საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266177 შპს „----------“-ს შეეფარდა სანქცია და შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------) ერთად დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვის გამო 253,82 ლარის ოდენობით, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას ან სხვა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 29.10.2024 წლის №EL11111/101 საგადასახადო მოთხოვნა შპს „----------“-ს დაერიცხა დღგ საბაჟო 179.82 ლარის, იმპორტის გადასახადი 74 ლარის და საურავის 5.33 ლარის, სულ 259,15 ლარის გადახდა. სამართალდარღვევის ოქმებში მითითება ხდება 10.12.2020 დათვალიერების აქტზე და 17.09.2024 წლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------- წერილზე, რომელთა შინაარსი კომპანიისთვის უცნობია და არ ჩაბარებია. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შპს „----------“-მა №---------- საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა არასწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საჩივარში აღწერილ გარემოებებს და გამოსცა 13.12.2024 წლის №26316 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

შპს „----------“ არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL265865, 25.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL265868, 29.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266169, 29.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266184, 29.10.2024 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით №EL266177 და 25.10.2024 წლის №EL11111/98, 29.10.2024 წლის №EL11111/100 და 29.10.2024 წლის №EL11111/101 საგადასახადო მოთხოვნებში მოყვანილ ფორმულირებებს. შპს „----------“-ს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის ნაწილის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც. შპს „----------“-ის საბაჟო საწყობის (----------) მიერ ასევე არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები, მით უფრო არ დარღვეულა ამგვარი პირობები განმეორებით და შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის საფუძვლით. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 პუნქტი), ხოლო თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ, რაც დარღვეულია გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და საგადასახადო მოთხოვნით. კერძოდ, №EL266184 და №EL265868 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით შპს „----------“-ს დაეკისრა სანქცია 6 000 ლარის ოდენობით საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებითი დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. სამართალდარღვევის ოქმში დარღვეულ სანებართვო პირობად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. საბაჟო ორგანოს შეფასებით შპს „----------“-მა ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციის მე8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან კომპანიისთვის უცნობია და არ ჩაბარებია „10.12.2020 დათვალიერების აქტი“ და 17.09.2024 წლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №---------- წერილი (შესაბამისად უცნობია მისი შინაარსი).

გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა, რაც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ქმნის. ანალოგიურ საქმეებზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე.“

აღსანიშნავია, რომ საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.

გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა. სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რაც განსახილველ შემთხვევაში არც არსებობს და არც საბაჟო ორგანოს მიერ გამოკვლეულა.

განსახილველ შემთხვევაში შპს „----------“-ს ერთდროულად პასუხისმგებლობა სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა როგორც საბაჟო კოდექსის 172-ე, ისე 176-ე მუხლებით, რაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არამედ ურთიერთწინააღმდეგობრივიცაა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში კომპანიას საბაჟო ორგანო ედავება იმაზე, რომ თითქოს საბაჟო საწყობმა „ვერ გამორიცხა საქონლის ნაწილის დაკარგვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იმას, რომ თითქოს საქონლის ნაწილი მის მიერ განიკარგა. „ვერ გამორიცხვა“ იმთავითვე გულისხმობს სხვა პირის მხრიდან რაიმე შესაძლო ქმედების თავიდან ვერ აცილებას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია პირმა თან „განკარგოს“ საქონლის ნაწილი და თან „ვერ გამორიცხოს“ ამავე საქონლის განკარგვა. აქედან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს პოზიცია არალოგიკურიცაა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.,„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

დადგენილია, რომ 24.03.2020 წლის №---------- დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილზე (პლასტმასის კონტეინერი - 100 კგ, უქსოვადი მასალა სველი ხელსახოცისთვის - 1 734 კგ) განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა. დარჩენილ ნაწილზე (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, პლასტმასის თეფში 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა. საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა საქონლის განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით.

აღნიშნულის თაობაზე 9.09.2024 წლის წერილობითი შეტყობინებები გაეგზავნათ შპს „----------“- სა და შპს „----------“. ასევე, საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ნაწილი (პლასტმასის თეფში - 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ) მიბარებულ იქნა სააგენტოს სპეციალისტის მიერ (მიღება-ჩაბარების აქტი ნ/გ ----------), ხოლო ნაწილი (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) ფიზიკურად არ აღმოჩნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა (სოლიდარულად, შპს „----------“ ერთად) საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად.

2012 წელს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსდა (დროებითი შენახვის განაცხადები: №---------- 21.01.2012 და №---------- 23.06.2012) შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (კომოდი – 2 ცალი; მაგიდა – 6 ცალი; სკამი – 26 ცალი; ხელსაბანი კარადით – 1 ცალი; მოჭიქურებული ფილები – 70 კგ; აბაზანა – 1 კომპლექტი; საშხაპე კედელი – 1 კომპლექტი). ვინაიდან ამოიწურა საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა საბაჟო ორგანოს ინიციატივით, 17.12.2020 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №37528 ბრძანება შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 17.09.2024 წლის №---------- წერილით საბაჟო დეპარატმენტს ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.

გამოვლენილ ფაქტებზე შედგენილ იქნა №EL266169 და №EL266177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

მხარეთა არგუმენტაციის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას და გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ 24.03.2020 წლის დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილზე (პლასტმასის კონტეინერი - 100 კგ, უქსოვადი მასალა სველი ხელსახოცისთვის - 1 734 კგ) განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა. დარჩენილ ნაწილზე (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, პლასტმასის თეფში 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა. საბაჟო ორგანოს ინიციატივით განხორციელდა საქონლის განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით. აღნიშნულის თაობაზე 9.09.2024 წლის წერილობითი შეტყობინებები გაეგზავნათ მომჩივანს და კომპანიას. ასევე, საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ნაწილი (პლასტმასის თეფში - 1 600 კგ, პლასტმასის კონტეინერი - 2 478 კგ) მიბარებულ იქნა სააგენტოს სპეციალისტის მიერ (მიღება-ჩაბარების აქტი), ხოლო ნაწილი (სითხე ელ. სიგარეტისთვის - 720 ცალი, ნაგვის პარკი - 760 კგ, სახსნელი ინსტრუმენტი ელ. სიგარეტისთვის - 49 ცალი) ფიზიკურად არ აღმოჩნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა (სოლიდარულად, კომპანიასთან ერთად) საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად. 2012 წელს მომჩივანის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსდა (დროებითი შენახვის განაცხადები) კომპანიის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (კომოდი – 2 ცალი; მაგიდა – 6 ცალი; სკამი – 26 ცალი; ხელსაბანი კარადით – 1 ცალი; მოჭიქურებული ფილები – 70 კგ; აბაზანა – 1 კომპლექტი; საშხაპე კედელი – 1 კომპლექტი). ვინაიდან ამოიწურა საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა საბაჟო ორგანოს ინიციატივით, 17.12.2020 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №37528 ბრძანება კომპანიის საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 17.09.2024 წლის წერილით საბაჟო დეპარატმენტს ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი არ აღმოჩნდა მომჩივანის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. გამოვლენილ ფაქტებზე შედგენილ იქნა №EL266169 და №EL266177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. მხარეთა არგუმენტაციის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას და გამოვლენილია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.