გადაწყვეტილება №19256/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 19256/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19256/2/2023

4 მაისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 29.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19256/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №006-63 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 79 778,2 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 45 762

ჯარიმა - 12 712

საურავი - 21 304,2

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2021 წლის №7801 და 28.04.2021 წლის №13145 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.03.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 6.10.2017 წელს ---------- (პ/ნ ----------) შეძენილი აქვს 95 000 ლარის ღირებულების კომერციული ფართი (საკადასტრო კოდი ----------), რომელიც მის მიერ რეალიზებულია 2020 წლის ივნისში 300 000 ლარად. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ წარუდგენია დღგ-ის დეკლარაციები, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია. შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო რეალიზაციის თანხა დღგ-ით.

ვინაიდან მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, ჯარიმა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 5%-ის ოდენობით. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 25.06.2020 წელი.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 27.05.2021 წლის №16432 ბრძანება და 28.05.2021 წლის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2021 წლის №28737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 10.12.2021 წლის №14666/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.09.2021 წლის №28737 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №12066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებულია კომერციული ფართი (საკადასტრო კოდი ----------), რომლის სარეალიზაციო თანხა აჭარბებს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას და აღნიშნავს, რომ დღგ-ის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის, რომ ფიზიკური პირის მიერ რეალიზებულია 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონების გამოყენებით შემოსავლის მიღება არ დასტურდება, სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ აქტივის მიწოდებამდე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი სანქციის დარიცხვა არამართლზომიერია. ამდენად, ამ ნაწილში გახორციელებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ, გაუქმებული იქნა შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №006-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული შეღავათების გაუთვალისწინებლად, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაბეგრილიყო ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, თუ ეს აქტივი არ იყო გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. აუდიტორები კი აფიქსირებენ, რომ ფიზიკური პირის დაბეგვრა მოხდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების რეალიზაციის გამო. ზუსტად ამავე მოტივაციითაა დარიცხული დღგ, ასევე არასწორად, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად ჩათვლა, თუმცა როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, არანაირად არ არის დასაბუთებული დოკუმენტურად თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ქონების ჩათვლა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად: ამ მხრივ არათუ შესაბამისი საბუთებია დართული საგადასახადო შემოწმების აქტისთვის, არამედ აქტშიც არ არის ნახსენები ის მტკიცებულება თუ მტკიცებულებები, რომლითაც მიღებულია გადაწყვეტილება გაყიდული ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად ჩათვლისთვის.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალებისთვის არ არის დართული არანაირი დოკუმენტაცია, სულ ცოტა ერთი მაინც, რომლითაც იქნებოდა დადასტურებული ფიზიკური პირის მიერ გაყიდული ქონების განხილვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად.

აუდიტორების მიერ არათუ დანართად წარმოდგენილი, არამედ შემოწმების აქტშიც არ არის დაფიქსირებული ის დოკუმენტი თუ დოკუმენტები, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას ზემოაღნიშნული აქტივის გამოყენება განხილულიყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების რეალიზაციად. ასეთი რამ მათ მიერ შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის წარმოდგენის შემდგომაც არ იქნა გადმოცემული და დასჯერდნენ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მათ აქტში ყველაფერი ჰქონდათ განმარტებული და დადასტურებული.

გაყიდული აქტივი წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრებას: ----------ში მდებარე ფართი შეძენილია შიდა განვადებით მეგობრისგან, რომლის საფასურის გადახდა ხდებოდა 5 წლის განმავლობაში, საბოლოოდ გაფორმებულია 2017 წელს, რა დროსაც თანხა ბოლომდე არ იყო გადახდილი. ასევე მისგან შეძენილია ნულოვან სართულზე მდებარე 3 ავტოფარეხი, საერთო ფართით 54 კვ. მ. დაგეგმილი იყო საცხოვრებლად გამოყენებული ფართიდან ჩასასვლელის გაკეთება (თანხის გადასახდელად გამოყენებული იქნა როგორც ბანკის კრედიტი, ასევე დედის დანაზოგი, ამ პერიოდში მეუღლე დაავადებული იყო მძიმე სენით და გაუკეთდა 4 ოპერაცია მარდალეიშვილის კლინიკაში უშედეგოდ, საიდანაც მათივე რეკომენდაციით გადაყვანილი იქნა საფრანგეთში, სადაც 2 წელი და 2 თვე ასევე უშედეგოდ უმკურნალეს, გამოწერეს და უკან წამოყვანისას თურქეთის აეროპორტში გადაიცვალა. გადმოსვენებაც საკუთარი ხარჯებით მოხდა. დიდი ვალის გამო ----------, 56 კვ.მ. გაყიდა და იყიდა არანახევრად გადახდილი ფართი დიღომში, ----------, რადგან სამსახური დიღომში ჰქონდა და იფიქრა ფართში მოაწყობდა საცხოვრებელ სივრცეს. აღნიშნული ფართი იყო სარემონტო შავი კარკასის მდგომარეობით, რომელიც გაარემონტა, პარალელურად მის ქვემოთ ავტოფარეხიდან აწარმოებდა საქონლის რეალიზაციას, რის გამოც სალარო აპარატი დაარეგისტრირა ----------, რასაც ადასტურებს აპარატის ჩეკები. აღნიშნულ სარდაფის ფართში ახლაც არის განთავსებული საქონელი და ახლაც დგას და მუშაობს საკასო აპარატი, თუმცა იშვიათია რეალიზაციის ფაქტები). გეგმამ არ გაამართლა - ეცხოვრა ფართში და კომერციული საქმიანობა, მის მიერ დაფუძნებული შპს-ს მეშვეობით ეწარმოებინა ავტოფარეხებში, არ გაამართლა, ამიტომ გადაწყვიტა აღნიშნული ფართის გაყიდვა და დარჩენილი ვალების დაფარვა, ასევე სხვა საცხოვრებელი ბინების ყიდვა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. არ იცოდა, რა დღგ-ზე უნდა ყოფილიყო საუბარი, როცა ფართი არასდროს ჰქონდა გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის. მერე რადგან ბიზნესი არ აეწყო, გადაწყვიტა გაეყიდა და რადგან ჰქონდა მხოლოდ საცხოვრებელი დანიშნულება, შესაბამისად არც უფიქრია რამე გადასახადის გადახდაზე, რადგან ფიზიკური პირის საკუთრება იყო და საცხოვრებლად გამოყენებული. შესაბამისად, ყიდვაც დააფიქსირა იმ ფასში, როგორც გაყიდა და არასდროს არ მომხდარა მისი გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის და ფაქტიურად გამოყენებული იყო საცხოვრებლად, რადგან მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო (მეუღლის ავადმყოფობა, სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოსვენება იმდენად ძვირი დაუჯდა, იძულებული გახდა, გაეყიდა საცხოვრებელი ბინა და საცხოვრებელი პირობების მკვეთრად გაუარესებით ეცხოვრა ზემოაღნიშნულ, აწ გაყიდულ ფართში რომელიც იყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ასევე მოუხდა დამატებითი ხარჯების გაწევა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად (მოხდა შეკეთება, საპირფარეშოსა და სააბაზანოს მოწყობა, მინის კედლების დაფარვა გარედან ხედისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა).

ფართის საცხოვრებლად გამოყენება დადასტურდება სხვადასხვა კომუნალური სამსახურების მონაცემებითაც, სადაც რეგისტრირებული იყო როგორც მობინადრე მოქალაქე.

აღნიშნული ფართის ყიდვა და მანდ საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა უფრო იმიტომ, რომ ამ ფართთან ერთად ჰქონდა ნაყიდი ზუსტად მის ქვევით 3 ავტოფარეხი, რომელსაც იყენებდა კომერციული საქმიანობისთვის (შპს-ს საქმიანობა იყო ველოსიპედების რეალიზაცია), გეგმაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართიდან კიბეების მოწყობა სარდაფში ჩასასვლელად და თვლიდა, რომ შექმნიდა, შედარებით ნორმალურ პირობებს ცხოვრება-საქმიანობისთვის შედარებით მწირი ფინანსური რესურსების ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნული ავტოფარეხების თანხაც გადახდილი აქვს, რაც თუ საჭირო იქნება დადასტურებული იქნება ქონების გამყიდველი პირის მიერ სიტყვიერად, რადგან მან ვერ მოახერხა დოკუმენტურად ამ ავტოფარეხების გადმოფორმება, რადგან აღმოჩნდა რაღაც ვალდებულებები და საჯარო რეესტრმა უარი თქვა ფართის დარეგისტრირებაზე, რაზეც წარმოდგენილია და საჩივრისთვისაა თანდართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 6.11.2020 წლის №---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თბილისში, ---------- ავტოსადგომის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო ნივთის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვებისა და მასზე რეგისტრირებული ყადაღის გამო, თუმცა აღნიშნულ ფართს ახლაც ფლობს და იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის.

ალბათ იმ ფაქტორმა, რომ შპს-ზე რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი ----------ზე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, აფიქრებინა აუდიტორებს, რომ ფართი იყო გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. სინამდვილეში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის ქვეშ არსებულ ავტოფარეხში, რომელიც მოაწყო ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, გამოიყენებოდა საკასო აპარატი და ახლაც გამოიყენება მანდ (შეიძლება გადამოწმდეს აღნიშნული საკასო აპარატის მუშაობა ამ მისამართზე და გამოჩნდება, რომ ფართის გაყიდვის მერეც არის დაფიქსირებული შემოსავლების მიღება ამ მისამართზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკასო აპარატი მანამდეც და მერეც გამოყენებოდა სარდაფში მდებარე ავტოფარეხის ფართზე), თუმცა აქ საქონლის რეალიზაცია უმნიშვნელოდ ხდება, რამაც გადააწყვეტინა საქონლის სარეალიზაციო ადგილად დამატებით ფართის იჯარით აღება ცენტრალურ, ---------- მიახლოებულ ტერიტორიაზე, თუმცა ავტოფარეხთან ახლოს მცხოვრებ თუ მსურველ პირთათვის ახლაც ახდენს ამ ფარეხიდან საქონლის მიწოდებას და შემოსავლების დაფიქსირებას საკასო აპარატში. რადგან გათვლა არ გამართლდა და ნაყიდი ფართისა და მასთან არსებული ფარეხის გამოყენება კომერციული საქმიანობისთვის არახელსაყრელი გამოდგა, ტერიტორიულად მდებარეობის ფაქტორით, ეგ იყო, ძირითადი მიზეზი, რამაც აფიქრებინა ნაყიდი ფართის გაყიდვა, საქმიანობასთან ერთად გამოუყენებლობის მოუხერხებლობის გამო და რადგან იცოდა, რომ აღნიშნული ფართი, აქტივი, რაც გაყიდა, არასდროს არ გამოუყენებია ეკონომიკური საქმიანობისთვის, მიიღო გადაწყვეტილება გაეყიდა, თან მისაღები ფასი იქნა შემოთავაზებული და ეყიდა სხვა საცხოვრისი. გადასახადით დაბეგვრაზე, ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, არც კი უფიქრია, არასდროს ჩაუთვლია აღნიშნული ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად და არც ახლა თვლის.

აქედან გამომდინარე, ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია გადასახადის დარიცხვა ამ მხრივ, მითუმეტეს არანაირი ფინანსური რესურსი ამისთვის არ გააჩნია და გადასახადის დარიცხვაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

საბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებულია კომერციული ფართი (საკადასტრო კოდი ----------), რომლის სარეალიზაციო თანხა აჭარბებს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას და აღნიშნავს, რომ დღგ-ის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ამავე გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონების გამოყენებით შემოსავლის მიღება არ დასტურდება, სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აქტივის მიწოდებამდე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი სანქციის დარიცხვა არამართლზომიერია და ამ ნაწილში გახორციელებული დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნით, საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემცირდა შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილება და შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ საკითხი დაფიქსირებულია საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 6.10.2022 წლის №16711/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს 2017 წელს შეძენილი აქვს 95 000 ლარის ღირებულების კომერციული ფართი, რომელიც მის მიერ რეალიზებულია 2020 წლის ივნისში 300 000 ლარად. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ წარუდგენია დღგ-ის დეკლარაციები, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია. შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო რეალიზაციის თანხა დღგ-ით. ვინაიდან მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, ჯარიმა განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 5%-ის ოდენობით.

არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ აქტივის მიწოდებამდე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დადგინდა. შესაბამისად განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ, გაუქმებული იქნა შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებულია კომერციული ფართი, რომლის სარეალიზაციო თანხა აჭარბებს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის ოდენობას. აღნიშნავს, რომ დღგ-ის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157(1); 161(1)