ბრძანება N 2330
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2330
08 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "------"-ის (ს/ნ "-------" )
(მის: "-------")
2024 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის გამართულ სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №86680/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №058-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. პირი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად ჩათვლას. აცხადებს, რომ შემოწმებამ შესრულებულ მომსახურებაზე გახარჯული მასალის ანალიზი არ განახორციელა უშუალოდ ფორმა №2-ებისა და მიღება-ჩაბარებების საფუძველზე.
2. პირი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა პირების სასაქონლო ზედნადებებში მითითების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია სხვა საწარმოს მიერ მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების სასაქონლო ზედნადებებში მითითების მიზეზის შესახებ, ხოლო ავტომობილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით წარმოადგინა ფიზიკურ პირზე გაცემული მინდობილობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22373 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31137 ბრძანება და ამავე თარიღის №058-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 63 764 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 634 ლარი, ჯარიმა 16 206 ლარი და საურავი 12 924 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო მომსახურების გაწევას, კერძოდ, გზების, შენობა-ნაგებობებისა და შიდა სასოფლო სასმელი წყლის დაქსელვა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დამუშავდა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაცია, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებები. გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლის საფუძველზე, გაწეულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს დაუკავშირდა მხოლოდ ნაწილი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით კი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო შემოწმების აქტის მეოთხე საკითხის საფუძველზე (სატრანსპორტო საშუალებების იჯარა) პირს 2021 წლის 11 იანვარს (ნაცვლად 2021 წლის 18 აგვისტო) განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა და შეადგინა 415 557 ლარი (სხვაობამ შეადგინა 103 778 ლარი), ხოლო მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 481 682 ლარი, სხვაობამ კი შეადგინა 113 306 ლარი. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
2. გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. პირის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგინდა: 1. მათი გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ზედნადებში „სატრანსპორტო საშუალების“ გრაფაში მითითებით; 2. სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთა სხვა პირის მიერ 8 თვეზე მეტ ხანს;
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის № 415 დადგენილების მიხედვით განისაზღვრება შემოსავლები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავლები, რომლიდანაც ერთ-ერთს წარმოადგენს ქონების იჯარით გაცემა. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის № 415 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცებულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5). დანართი 5-ით განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში და ასეთი შემოსავლის სახეებს განეკუთვნება ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლი მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნებან ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად;
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ დამუშავდა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციები, სატენდერო და პირდაპირ დადებული ხელშეკრულებები. შემოწმებით გამოვლინდა, რომ მიღებული სასაქონლო ზედნადებებიდან გაწეულ მომსახურებებს დაუკავშირდა მხოლოდ ნაწილი, შედეგად ნაწილი საქონელი, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.
დადგენილია, რომ პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მითითებულია სხვა საწარმოს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, ასევე ფიქსირდება ავტომობილის საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი რამდენიმე თვით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ქონების იჯარით გაცემად. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებით გაანგარიშდა პირის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი ბაზა, ასევე სატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემიდან მიღებული/მისაღები შემოსავლის გათვალისწინებით პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მასალის ხარჯის მიღება-ჩაბარებებისა და ფორმა №2- ების შესაბამისად შესწავლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ პირის მიერ წარდგენილი ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2-ები და მიღებული სასაქონლო ზედნადებები შესწავლილია სრულყოფილად, ერთმანეთთან კავშირში.
იმის გათვალისწინებით, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში განხორცილებულ ოპერაციებზე სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შეძენილი საქონლის ნაწილი არ უკავშირდება გაწეულ მომსახურებას და ფიქსირდება კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოყენების ფაქტები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით, პირის მიმართ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი შემოწმებით ვერ დგინდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურათა ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი შემოწმებით ვერ დადგინდა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. პირი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შეძენილი საქონლის ნაწილის რეალიზებულად ჩათვლას.
2. პირი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სხვადასხვა პირების სასაქონლო ზედნადებებში მითითების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლის საფუძველზე, გაწეულ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს დაუკავშირდა მხოლოდ ნაწილი, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით კი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქონელი, რომელიც ვერ დაუკავშირდა მომსახურებებს, ჩაითვალა რეალიზებულად აუდირებული - 15.32% ფასნამატით. აღნიშნული საქონლის რეალიზაციისა და სამშენებლო-სარემონტო მომსახურების ღირებულების საფუძველზე დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო შემოწმების აქტის მეოთხე საკითხის საფუძველზე განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე ჯარიმა.
2. გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ნაწილი არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად,პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
3. პირის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგინდა:1. მათი გამოყენება სხვა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ზედნადებში „სატრანსპორტო საშუალების“ გრაფაში მითითებით; 2. სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთა სხვა პირის მიერ 8 თვეზე მეტ ხანს;ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),90,93,100,102,159,163,165,174,175,180.