ბრძანება N 9689
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9689
03.05.2023
ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
(მის.: "-------" )
2023 წლის 30 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------" ) №80014/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №CB1454590, №CB1454592 და №CB1454599 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 30 მარტს მასთან შეიძინეს ნივთი. მექანიკური შეცდომით საკონტროლო-სალარო აპარატზე 50 ლარის ნაცვლად ამობეჭდა 5.5 ლარი. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ გამოასწორა აღნიშნული შეცდომა და ამობეჭდა სწორი ქვითარი. ასევე დაჯარიმდა ფასმაჩვენებლის არქონის გამო, რომელიც სრულად არ იყო გასაყიდ ნივთებზე დაკრული.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ასევე დაჯარიმდა წინააღმდეგობის გაწევის გამო 800 ლარით. მას საერთოდ არ გაუწევია წინააღმდეგობა. იმ დროს მასთან იყო მეგობარი, რომელიც ძალიან განერვიულდა მის მიმართ მათი დამოკიდებულებით და მათ უხეშად მიმართა. ამასთან, მას მაღაზიის საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
№CB1454590 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 იანვრის №64 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 30 მარტს ი/მ "-------" - ს (ს/ნ "-------" ) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. შეძენილი იქნა 50 ლარის ღირებულების საქონელი (ბავშვის ფეხსაცმელი), რა დროსაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით აღირიცხა და ამობეჭდილი იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი თანხით 5.50 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1454590 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
№CB1454592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 იანვრის №64 ბრძანების საფუძველზე ი/მ "-------" - ს (ს/ნ "-------" ) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ი/მ "-------" -ს ( "-------" ) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის მოთხოვნები (პირის მიერ ს.ს.კ.-ით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა). კერძოდ, საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებელი არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1454592 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რითაც მან შეაფერხა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1454599 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა №CB1454590 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი.
ამავე ბრძანების 22-ე მუხლის პირველი, მეორე პუნქტებისა და მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ამ კარით დადგენილი წესით განახორციელონ სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი; მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით; სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფაქტების გამოვლენის მიზნით: გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა №CB1454592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო №CB1454592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 100 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა №CB1454599 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში მითითებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1454599 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" -ს (ს/ნ "-------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30
მარტის NCB1454592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 100 ლარის
ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის
სახით შეეფარდოს გაფრთხილება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №CB1454599
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია;
4. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება №CB1454592 და №CB1454599 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების
ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების
განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო
სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო
კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში, ხოლო №CB1454590 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება
გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
№64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების
ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ჯარიმებს,რომელიც საკონტროლო სალარო აპარატზე მექანიკური შეცდომით საკონტროლო-სალარო დაუშვა.ასევე დაჯარიმდა ფასმაჩვენებლის არქონის გამო წინააღმდეგობის გაწევის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. შეძენილი იქნა 50 ლარის ღირებულების საქონელი.ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით აღირიცხა და ამობეჭდილი იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი თანხით 5.50 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მეხუთე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(3 "ზ" )291,ს270(7)281 , 286(1,11),277(1)