ბრძანება N 23362

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.09.2023
№ დოკუმენტი 23362
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 23362

22 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ --------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 01 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18677/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 1 აგვისტოს №138361/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №067-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალიდან გატანილი მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მთლიანად დაბეგვრას დამატებული ღირებულების გადასახადით და აცხადებს, რომ 2019 წლის თებერვალში მიწის და შენობა-ნაგებობის ფართების თანაფარდობა იყო 8,11/1-ზე, ხოლო 2020 წლის მდგომარეობით აღნიშნული 5 000მ2 მიწაზე დამატებით აშენდა იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი) ფართობით 911,6მ2 , აშენების შემდგომ მიწისა და შენობა-ნაგებობის ფართების თანაფარდობა გახდა 3,27/1-ზე. შემდგომ 5 000მ2 მიწას დამატებით შეუერთდა 1 000მ2 და დამატებით აშენდა 1 286მ2 ფართობის იგივე დანიშნულების შენობა, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისა და შენობა-ნაგებობის ფართების თანაფარდობა გახდა 2,13/1-ზე. მომჩივნის განმარტებით, 1 მ2 ფართობის სასაწყობე ფართის სრულფასოვან ფუნქციონირებას სრულებით ჰყოფნის არაუმეტეს 2,13 მ2 მიწა, რომელზეც ის არის დამაგრებული. გადამხდელი მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ითხოვს მხოლოდ იმ ოდენობის მიწის დაბეგვრას, რაც აუცილებელი და საკმარისია შენობა-ნაგებობის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 მარტის №5321 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 ივლისის №17921 ბრძანება და ამავე თარიღის №067-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 83 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 612 ლარი, ჯარიმა 12 719 ლარი და საურავი 26 640 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 24 თებერვლის №18677/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანება და საჩივარი საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების დროს დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ 2020 წლის მდგომარეობით 5 000მ2 მიწაზე დამატებით აშენდა იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი) ფართობით 911,6 მ2 . შემდგომ 5 000 მ2 მიწას შემოუერთდა დამატებით 1 000 მ2 მიწა და 6 000 მ2 მიწაზე დამატებით აშენდა 1 286 მ2 ფართობის იგივე დანიშნულების შენობა (საწყობი). დღგ-ით უნდა დაიბეგროს მხოლოდ მიწოდებული შენობის და 1 314,4 მ2 მიწის ღირებულება, რომელთა ჯამია 159 025,71 ლარი დღგ-ის გარეშე, ნაცვლად 239 670 ლარისა.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ასევე განმარტა, რომ დაბეგრილი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებულად განხილული ქონების საკადასტრო კოდებით გამიჯვნა მოხდა შემოსავლების სამსახურში დავის დასრულების შემდეგ.

ასევე, 2023 წლის 31 იანვრის №16851/01 განცხადებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32966 ბრძანება შპს „-------“ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებებზე: ს/კ ------- და ------- (მომზადების თარიღი -------).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების/მტკიცებულებების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„შპს „-------“ დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 8 აპრილი. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მატყლის გადამუშავება (გასუფთავება დანადგარების გამოყენებით) ან/და პირველადი ფორმით რეალიზაცია ექსპორტის პროცედურაში მოქცევის გზით, შესაბამისად, საწარმოს არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციები. კომპანიის პარტნიორის მიერ 2017 წლის 18 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით, კერძოდ, კაპიტალში შენატანი შეადგენს -------, ------- განთავსებულ ორ მიწის ნაკვეთსა (ს/კ: ------- და -------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. 2019 წლის 18 თებერვალს კი ზემოაღნიშნული შენატანი, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალური საკუთრებაში). შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 282 811 ლარს. საწარმოს მიერ საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ არის დეკლარირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, 177-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება წარმოადგენს ამ აქტივის მიწოდებას და შესაბამისად, დასაბეგრ ოპერაციას, რომლის თანხაც შეადგენს 282 811 ლარს (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით). აღნიშნული ოპერაციით გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს, შესაბამისად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 18 თებერვალი. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ერთად განხორციელება განიხილება, როგორც დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციები.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის პარტნიორის 2017 წლის 18 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით, კერძოდ, კაპიტალში შენატანი შეადგენს -------, ------- განთავსებულ ორ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ------- და -------) და ერთ-ერთ მათგანზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. 2019 წლის 18 თებერვალს კი ზემოაღნიშნული შენატანი, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალური საკუთრებაში). შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 282 811 ლარს, ხოლო საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება საწარმოს მიერ არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, 1 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართის სრულფასოვან ფუნქციონირებას სრულებით ჰყოფნის არაუმეტეს 2,13 კვ. მ მიწა, რომელზეც ის არის დამაგრებული. შესაბამისად, 1 კვ. მ სასაწყობე ფართის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის სრულებით არ არის საჭირო 8,11 კვ. მ მიწაზე იყოს ის დამაგრებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 5 000 კვ. მ მიწას და მიწოდებულ შენობებს ერთი და იგივე საკადასტრო კოდი ჰქონდათ მინიჭებული, არ უნდა ჩაითვალოს საკმარის გარემოებად იმის მისაჩნევად, რომ 616,47 კვ. მ შენობა დამაგრებული იყო 5 000 კვ. მ მიწაზე და ამ 5 000 კვ. მ მიწის მიწოდებას შენობის მიწოდების დამხმარე ხასიათი ჰქონდა, რადგან ამ მიწის გარეშე აღნიშნული შენობა ვერ იფუნქციონირებდა ან, უბრალოდ, რადგან მხოლოდ აღნიშნული შენობისთვის იყოს 5 000 კვ. მ მიწა განკუთვნილი. ეს ასე არ იყო, 5 000 კვ. მ მიწიდან უმეტესობა არ იყო განკუთვნილი 2019 წელს კომპანიის კაპიტალიდან გატანილი შენობების ფუნქციონირებისთვის. მომჩივანი აღნიშნავს, რომ უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ოდენობის მიწის დაბეგვრა დღგ-ით, რაც აუცილებელი და საკმარისია მიწოდებული შენობა-ნაგებობების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის და დღგ-ით უნდა დაიბეგროს მხოლოდ მიწოდებული შენობის და 1 314,4 კვ. მ მიწის ღირებულება, რომელთა ჯამია 159 025,71 ლარი დღგ-ის გარეშე, ნაცვლად 239 670 ლარისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაბეგრილი ოპერაციის ფარგლებში მიწოდებულად განხილული ქონების საკადასტრო კოდებით გამიჯვნა მოხდა შემოსავლების სამსახურში დავის დასრულების შემდეგ და წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებებზე: ს/კ ------- და ------- (მომზადების თარიღი 23.01.2023 წ.). გადამხდელის განმარტებით, ს/კ: ------- კოდში მოქცეული მიწა, რომელიც დაიბეგრა შემოწმებით (გაყოფის დროს -------ის შემადგენელი ნაწილი), მისი ახალი მესაკუთრის, შპს „-------“ მიერ გაიყო ორ ნაწილად და წარმოდგენილია ცალკეული საკადასტრო კოდებით: ს/კ ------- – 1686 მ2 და ------- – 4314 მ2. მომჩივნის პოზიციით, აღნიშნული წარმოადგენს დამატებით არგუმენტს იმისა, რომ კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნებისას შენობის ფუნქციონირებისთვის დანარჩენი მიწა (ს/კ: -------) არ იყო საჭირო/აუცილებელი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, მიწისა და შენობა-ნაგებობის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნას დამოუკიდებელ ოპერაციებად გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ფიქსირდება სადავო ქონების (ს/კ: -------) გამიჯვნა ორ ნაწილად, კერძოდ, უძრავი ქონება ირიცხება ორ საკადასტრო კოდად: ს/კ ------- – 1686 მ2 და ------- – 4314 მ2 .

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს უძრავი ქონების დაყოფის შედეგად ------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობისა და მასზე მიკუთვნებული მიწის ფართობის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს უძრავი ქონების დაყოფის შედეგად ------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობისა და მასზე მიკუთვნებული მიწის ფართობის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 24 თებერვლის №18677/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32993 ბრძანება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს უძრავი ქონების დაყოფის შედეგად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობისა და მასზე მიკუთვნებული მიწის ფართობის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 282(1); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157(1, 7); 161; 168(1-ქ); 177(5);