გადაწყვეტილება №76331/1/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 76331/1/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№76331/1/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------------ის“ 12.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------------------).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 11.06.2021 №--------------- გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №045-12 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

115 667 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 52 612

დღგ - 48 989

მოგების გადასახადი - (-900)

საშემოსავლო გადასახადი - 4 643

ქონების გადასახადი - (-120)

ჯარიმა - 27 296 საურავი - 35 759

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 29.03.2019 წლის №8248 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.--.2016 წლიდან 1.--.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირებულია 2019 წლის -- იანვრიდან. შემოწმებით დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე და 2016 წლის - იანვრამდე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მაჩვენებლების გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს მთელი 2 შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის -- იანვრიდან -- ივნისამდე პერიოდის მიხედვით, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, 2019 წლის იანვარ-მაისის დეკლარაციებში ნაჩვენებთან შედარებით ჯამურად 19 141 ლარის მეტობით.

გადასახადის გადამხდელის შემოსავლები დადგინდა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და გაანგარიშების მონაცემებით. აღნიშნული მონაცემების შესწავლისას გაირკვა რომ მოცემული წყაროები არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას 2016 წლის შემოსავლების შესახებ, ანუ შეუძლებელია სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2016 წლის შემოსავალი ნაწილობრივ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სხვადასხვა საანგარიშო პერიოდების მაჩვენებლების (მ.შ. დეკლარირებულის) ანალიზის და ურთიერთშედარების საფუძველზე.

შედეგად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2016 წლის - იანვრიდან, 2019 წლის - იანვრის ჩათვლით პერიოდში დაუდგინდა არადეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 583 078 ლარის ოდენობით და განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო 2019 წლის - იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში დღგ-ში ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით შეუმცირდა, ხოლო ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით კი დაუდგინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, კომპანიას დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

2. 2019 წლის იანვარ-მაისის თვის დეკლარირებული ჩასათვლელი თანხების ოდენობა 3 631 ლარით აჭარბებს შემოწმებით დადგენილს. შესაბამისად მომჩივანს დღგ-ში ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით შეუმცირდა, ხოლო ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით კი დაუდგინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, რაზეც დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; 3. გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა გადასახადებში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში აღმოჩენილია შეცდომები და უზუსტობები.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.12.2019 წლის №46179 ბრძანება და №045-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განეხორციელებინა 2016 წლის -- იანვრიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველეყო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დაევალა დეპარტამენტს დაევალა:

ა) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების (მათ შორის: ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესაძენად განხორციელებული ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.) შესწავლა და შესწავლის შედეგად კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; ბ) მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.06.2021 №-------/---/--- გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1. პირველი დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძვლების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-4 დავის საგნის ნაწილში (დღგ-ის ჩათვლის შემცირება) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შესაბამისი კორექტირება;

3. მე-7 დავის საგნის ნაწილში (შემოწმების აქტში აღმოჩენილი შეცდომები და უზუსტობები) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების 20 კალენდარული დღის ვადაში შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 11.06.2021 №-----/-/---- გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, 23.12.2019 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №26099 ბრძანება და №045-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება განსაზღვრა 2015 წლის ანუ ხანდაზმული პერიოდის წლიური მოგების გადასახადის მონაცემების თანხების არასწორი დაჯამებისა და გაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში კითხულობს შემმოწმებლების მიერ გამოყენებული იქნა ე.წ. არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მაშინ როდესაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანირი საფუძველი საგადასახადო შემმოწმებლებს არ ჰქონდათ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კომპანიის საქმიანობაა სპეციალური სისტემის მეშვეობით https://-------/----------/ უცხოელი ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის მომსახურების შეთავაზება, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია -------ში და სხვა ----ის კურორტებში განთავსებული სხვადასხვა სასტუმროს ნომრები, რაზე დაყრდნობითაც უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლამდე ახორციელებენ სასტუმროს დაჯავშნას ზემოთ ხსენებული სისტემის მეშვეობით. სასტუმროს დაჯავშნა დაახლოებით ისე ხდება, როგორც ეს მსოფლიოში ცნობილი სისტემა booking.com-ზე ხორციელდება. აღნიშნული ჯავშნის მთლიანი თანხიდან კომპანიის შემოსავლად ითვლება არა სასტუმროში განთავსების მთლიანი თანხა არამედ სასტუმროს ღირებულების გარკვეული პროცენტი. მაგალითისთვის თუ სასტუმროს ღირებულება შეადგენს 120 ლარს, საიდანაც საკომისიო 20 ლარია, ახდენს არა სასტუმროს მთლიანი ღირებულების მაგალითად 100 ლარად შეძენასა და მის მიწოდებას 120 ლარად, არამედ იღებს ე.წ. საკომისიოს 20 ლარს ზემოთ ხსენებული ჯავშნისთვის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შემოსავლად მიჩნეულია 20 ლარი და არა 120 ლარი.

1. საგადასახადო შემოწმების აქტში საუბარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მაშინ როდესაც მისი შეფასებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ფიქრობს, რომ შემმოწმებლებს ერთმანეთში ერევათ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები და გადასახადის დათვლის ის პრინციპები, რა დროსაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველია ის გარემოება, როდესაც სახეზეა ერთი და ამ მუხლში დასახელებული 4-დან მინიმუმ 2 გარემოება. პირველ გარემოებას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის არ არსებობა ან ისეთი ფორმით წარმოება, რა დროსაც შეუძლებელია გადასახადის გაანგარიშება, რაც სახეზე არ არის გამომდინარე იქიდან, რომ მის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებულია სრულად. ასევე არ არის სახეზე ამავე მუხლის მიხედვით განსაზღვრული 4-დან მინიმუმ 2 გარემოება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რომელი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე საუბრობენ შემმოწმებლები იმ პირობებში, როდესაც სახეზე ამ მეთოდის გამოყენების წინაპირობები ანუ არცერთი და არც 4-დან მინიმუმ 2 გარემოება არ არსებობს. აქედან გამომდინარე მიაჩია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ უნდა მოხდეს მაშინ როდესაც აღნიშნული მეთოდის გამოყენების წინაპირობები სახეზე არ არის!

2. დღგ-ს ჩათვლები არ იქნა გათვალისწინებული მთელ რიგ სასტუმრო მომსახურებაზე რომელიც შეძენილი იქნა მის მიერ და შემდგომში მიწოდებული იქნა, როგორც ტურისტული პაკეტი, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით.

გარკვეული ნაწილი მის მიერ მიწოდებული მომსახურებისა მიწოდებული იქნა, როგორც ტურისტული პაკეტები, რაც გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწოდება არ დაიბეგრება, ხოლო დღგ-ზე ეკუთვნის ჩათვლა. შემოსავლების სამსახურმა ბოლომდე არ მისცა ჩათვლა მაგალითად ისეთი მომწოდებლისაგან, როგორიცაა შპს --- ------.აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ბოლომდე ამ ნაწილში არ იქნა აღსრულებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა შემოწმების პერიოდში კომპანიის მიერ შესყიდული იქნა რამდენიმე ერთეული უძრავი ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით და გადახდილი იქნა ე.წ. ავანსის თანხები. ავანსის თანხები მიმღები მხარის მიერ დაბეგრილია დღგ-ით და დღე დღეზე გამოეწერება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

მოითხოვს დავის განხილვის ეტაპზე ჩაითვალოს საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი და საგადასახადო შემოწმების პერიოდს მიკუთვნებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ამასთან საგადასახადო კოდექსში 2022 წლის ივლისიდან შესული ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში; ანუ ახალი ცვლილების მიხედვით თუ დღგ-ის ჩათვლა მიმდინარე წლის დეკემბრის თვის პერიოდს გასცდა, ჩათვლის მიღება უნდა მოხდეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საანგარიშო პერიოდში დაზუსტების გზით და არა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის პერიოდში.

გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტურის საანგარიშო პერიოდები ემთხვევა საგადასახადო შემოწმების პერიოდს მოითხოვს ჩაითვალოს საბჭოზე წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესაბამისი დღგ.

3. გარდა ზემოაღნიშნულისა საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემულია სხვადასხვა შეცდომები და უზუსტობები, რომელებიც ეხება სხვადასხვა გადასახადებს, რაც უჩენს სრულყოფილ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ დარიცხვა საგადასახადო შემოწმების აქტში განხორციელებულია ან/და ბოლომდე შემცირებული არ არის ის თანხები რისი შემცირებაც ეკუთვნის მოქმედი კანონმდებლობით.

ასეთ უზუსტობებს მიეკუთვნება მაგალითად ის, რომ შემმოწმებლებმა 2015 წლის განმავლობაში გაწეული ჯავშნის საკომისიოს თანხები გადმოიტანეს 2016 წელს და დაბეგრეს დღგ-ით 2016 წლის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების მიერ ჯავშნები გაკეთებული იქნა 2015 წელს, მაგრამ მათი დაბინავება სასტუმროებში მოხდა 2016 წლის განმავლობაში. შემმოწმებლებმა ჩათვალეს, რომ დაჯავშნის მომსახურება გაწეულად ითვლება არა ტურისტების მიერ ჯავშნების გაკეთების მომენტში არამედ მათი საქათველოში ჩამოსვლისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, რაც არასწორ მიდგომას წარმოადგენს. სისტემის მეშვებით გაიწევა სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება და ეს მომსახურება გაწეულად ითვლება დაჯავშნისთანავე! მიდგომის მიხედვით, არ ითვალისწინებს ტურისტების ჩამოსვლასა და დაბინავებას საქართველოში, ვინაიდან მომსახურება სასტუმროს დაჯავშნის მომენტისთვის უკვე გაწეულია. აქედან გამომდინარე, 2015 წელს გაწეული სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება გაწეულად ითვლება 2015 წელს და ის საგადასახადო შემმოწმებლებს არ უნდა გადმოეტანათ 2016 წელს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ დარიცხული თანხები ზემოაღნიშნულ ნაწილში არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

მომჩივანი ასევე, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება სრულად არ აღსრულებულა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭოს 11.06.2021 №---------- გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1. პირველი დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-4 დავის საგნის ნაწილში (დღგ-ის ჩათვლის შემცირება) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში განახორციელოს დღგ-ში ჩასათვლელი თანხების შესაბამისი კორექტირება;

3. მე-7 დავის საგნის ნაწილში (შემოწმების აქტში აღმოჩენილი შეცდომები და უზუსტობები) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების 20 კალენდარული დღის ვადაში შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 11.06.2021 წლის №-------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 7.10.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოხდა სადავო საკითხების დამატებითი შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა რომ:

1. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განახორციელდა 2016 წლის --- იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე წინა გადაანგარიშებით (13.09.2022 წლის) მოხდა შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული) კორექტირება (შემცირება). აღნიშნული მეთოდის გამოყენება აღარ ითვალისწინებდა საგადასახდო ორგანოს მიერ, 2016 წლის დასაბეგრი ბრუნვების ნაწილობრივ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას. აქედან გამომდინარე, წინა გადაანგარიშების გათვალისწინებით საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული აღარ არის, რის გამოც სათანადო საფუძვლების არ/აღარ არსებობის გამო, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა. პირველი დავის საგანთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ასევე არ განხორციელდა, ვინაიდან აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) მოახდინა წინა გადაანგარიშებით (13.09.2022 წელს). აქვე აღსანიშნავია რომ პირველი დავის საგანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული დამატებითი შესწავლის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა ისეთი ახალი, არსებითი ფაქტობრივი გარემოებები რომლებიც გავლენას მოახდენდა მოცემული დავის საგნის (საკითხი 2) მიხედვით, შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულ საგადასახდო ვალდებულებებზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, დღგ-ში, ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

ამრიგად, აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების საფუძველზე ამავე დეპარტამენტის 13.09.2022 წლის დასკვნით განხორციელდა 23.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შესაბამისად, ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა.

ასევე, მომჩივანი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება სრულად არ არის აღსრულებული. აღნიშნულზე საბჭო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული 13.09.2022 წლის დასკვნის შედეგებზე წარდგენილი 7.10.2022 წლის №045-11 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს გასაჩივრებული აქვს შემოსავლების სამსახურში, ხოლო ამჟამად საბჭო განიხილავს საბჭოს 11.06.2021 წლის №------ გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას, თუ რამდენად სწორად აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან 7.10.2022 წლის დასკვნით გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 11.06.2021 წლის №---------------- გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.