გადაწყვეტილება №19170/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19170/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19170/2/2023

5.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 20.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19170/2/2023).

 

დავის საგანი:

კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №24634 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3618 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ამავე ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განისაზღვრა რომ:

„2. შემოწმდეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე დღგ-ის ნაწილში.

3. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.“

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივლისის №19777 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები.“

აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე გამოსცა 2022 წლის 26 სექტემბრის №24634 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3618 ბრძანებთ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 51- ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და მიიჩნევს, რომ შპს „--------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №1056 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 28 მაისს შემოსავლების სამსახურსა და შპს -------- შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება №ა154- 21. 2018 წლის 28 მაისის შეთანხმების თანახმად, შპს ------- დავალიანების ოდენობის გადასახდელად განესაზღვრა 50 კალენდარული დღე - 2018 წლის 17 ივლისამდე და ასევე, ამ შეთანხმებით, თანხის გადახდის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან ნაპატიები უნდა ყოფილიყო შპს -------ზე დარიცხული საურავი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის №1056 განკარგულების და 2018 წლის 28 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად/განსაზღვრული ვალდებულება შპს ------- შეასრულა, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ 17.07.2018 წლის შედარების აქტით, კერძოდ, პირად აღრიცხვის ბარათზე ასახულ ზედმეტობის გრაფაში (50 724.99 ლარი) ასახული ციფრით.

2018 წლის შეთანხმების ვადაშივე, 13 ივლისს შემოსავლების სამსახურის მითითების საფუძველზე, განცხადებით მიმართა და მოითხოვა ბიუჯეტში არსებული ზედმეტობის გრაფიდან 50 724.99 ლარიდან უკან, კომპანიის ანგარიშზე დაბრუნების ნაცვლად, შეთანხმებით დაფიქსირებული გადასახდელი 50 561.77 ლარის დავალიანების გადაფარვა. წერილობითი მოთხოვნა, თანხის ერთი ბარათიდან მეორე ბარათზე გადატანაზე, წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მითითებით. კომპანიისთვის შედარების აქტში ზედმეტობით დარიცხული თანხა უკვე ვალდებულების შესრულებად იყო აღქმული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოთხოვნილი იყო ამ თანხის ერთი ბარათიდან მეორე ბარათზე გადატანის წერილი დაეწერა, მაინც განახორციელა ეს მოთხოვნა (შეთანხმების ვადაშივე, 13 ივლისს).

2018 წლის 23 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა ერთი ბარათიდან მეორე ბარათზე, თავისივე მითითებით, კომპანიის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მიზეზად დასახელებული იქნა, აღნიშნული განცხადების წარდგენის ვადების დარღვევით, 13 ივლისს ჩაბარების საფუძველი, თუმცა შემოსავლების სამსახურის მითითებით მოხდა ამ განცხადების მითითებულ თარიღში წარდგენა. შემოსავლების სამსახურის არაარგუმენტირებული და უსაფუძვლოდ გამოცემული ყველა ბრძანებები ვადების დაცვით იქნა გასაჩივრებული.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მიერ სასამართლოზე გაჟღერდა, რომ ბარათიდან მეორე ბარათზე გადატანის მოთხოვნაზე უარის გამოცემის ბრძანების დღეს 23 ივლისს შეთანხმების პერიოდი უკვე გასული იყო, არგუმენტად კი განაცხადა, რომ კომპანიამ წერილი ბარათიდან მეორე ბარათზე გადატანის მოთხოვნაზე 13.07.2018 წელს დაგვიანებით შეიტანა (მისი თქმით უნდა შეგვეტანა 7.07.2018 წელს შეთანხმების ვადის ბოლო დღიდან ათი დღით ადრე), შემოსავლების სამსახურს კი ათ დღიანი ვადა ქონდა ბარათიდან მეორე ბარათზე გადატანის მოთხოვნის განსახილველად და 4 დღეში არ იყვნენ ვალდებულები განეხილათ მათი მოთხოვნით, 4 დღით ადრე, მათივე კარნახით დაწერილ მიმართვა. აღნიშნული პასუხი იყო არაადეკვატური, ვინაიდან გადამხდელის ბარათზე შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში ბარათზე თანხები უკვე აღირიცხა და ასევე, „მოთხოვნაც“ გადატანაზე, თუმცა ამ მოთხოვნის არსი დღემდე არაადეკვატურია მისთვის) წარდგენილი იქნა ვადაში და ასევე მოთხოვნის შესრულებისათვის განსაზღვრული აღნიშნული მოთხოვნის პერიოდი საკმარისი 17 ივლისამდე განსახორციელებლად. კომპანიის არგუმენტირებული დასაბუთება სასამართლომ სრულიად გაიზიარა და აქედან გამომდინარე, დააკმაყოფილა კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შეთანხმების გაუქმების ბრძანებების გაუქმებაზე, რომელთა საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა კომპანიას აღუდგინა შეთანხმებამდე არსებული დარიცხული საურავები და დამატებით შეთანხმების არ შესრულებაზე ჯარიმაც კი დააკისრა.

უზენაესმა სასამართლომ შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ქმედებები, ბრძანებები დაუშვებლად ცნო და გამოცა გადაწყვეტილება მათი ბათილად ცნობაზე. ამ გადაწყვეტილებით უნდა აღდგენილიყო კომპანიის ბარათი 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით. ანუ უნდა განულებულიყო 17.07.2018 წლის მდგომარეობით დარიცხული საურავები და ჯარიმა.

პირველად შემოსავლების სამსახურმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა იმ საბაბით, რომ ვერ გაიგო გადაწყვეტილების შინაარსი და მიმართა ჯერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის დასაზუსტებლად, შემდეგ კვლავ უზენაეს სასამართლოს. ორივე ინსტანციამ არ ჩათვალა სერიოზულად მათი მიმართვა და საერთოდ წარმოებაშიც კი არ მიიღო არც სააპელაციო და არც უზენაესმა სასამართლომ. ამ მანიპულაციის გამოყენებით დამატებითი პროცედურები ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

აქვს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ორ-ორი გადაწყვეტილება, მაგრამ შემოსავლების სამსახური კვლავ ახალ მანიპულაციებს მიმართავდა. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფურცლით გაწერილია, თუ როგორ უნდა შეესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახური აღსრულებასაც არ ემორჩილებოდა და ნაწილობრივ ასრულებდა სააღსრულებლო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებას. გააუქმა მხოლოდ დარიცხულ ჯარიმა, ხოლო საურავები კი, მოგვიანებით 2023 წლის 25 იანვარს.

2022 წლის 22 მაისს მიღებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 17 მაისს გამოცემული ბრძანება №12380. ბრძანების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ფურცლით გათვალისწინებული 2018 წლის 6 სექტემბრის შემოსავლების სამსახურის №24174 ბრძანება კომპანიის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო შპს -------- და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2018 წლის 28 მაისის ვალდებულებების შეთანხმების აქტის ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საგადასახადო განსაზღვრული შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №20169 ბრძანება, შპს -------- მიმართ, შეთანხმებით საგადასახადო შეუსრულებლობისათვის ჯარიმის 5 096.17 ლარის ოდენობის დაკისრების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება შპს -------- პირადი აღრიცხვის ბარათზე.

სასამართლო გადაწყვეტილება (ასევე აღსრულების ფურცელიც) გამოცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წელს გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობაზე მხოლოდ ფურცელზე ფიქსირდებოდა, მხოლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულება იყო თავდაპირველად მოხსნილი და შესრულებული, საურავების გადახდის ვალდებულება კი 2023 წლის 25 იანვარს.

მიუხედავად საჩივრისა, ზემოთმოყვანილ ფაქტებზე შემოსავლების სამსახურის მიერ, პასუხი არ იყო გაცემული, გამოიცა ბრძანება კამერალური შემოწმების შესახებ ბრძანება №16677 (28.06.22) და ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანის ბრძანება №19777 (25.07.22), რითაც ხელოვნურად ხდებოდა კომპანიის ძირითადი მოთხოვნა-საჩივრის პასუხის ვადების გაწელვა. ასევე, ხსენებული ბრძანებების (ბრძანება №16677 (28.06.22) და ბრძანება №19777 (25.07.22)) 2022 წლის 28 ივლისს გასაჩივრების მიუხედავად, რომ ჯერ შესრულებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდეგ მომხდარიყო კამერალური შემოწმების ჩატარება, შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 26 სექტემბრის №24517 ბრძანებით არ დააკმაყოფილა და აღნიშნულის ნაცვლად, 26.09.2022 წლის №24634 ბრძანებით გააგრძელა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანებით განსაზღვრული შპს -------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

აუდიტის დეპარტამენტის 26 სექტემბრის ბრძანება №24634 გასაჩივრდა 2022 წლის 4 ოქტომბერს, რაზეც 27.02.2023 წლის №3618 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №24634 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3618 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 სექტემბრის №24634 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ამავე ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განისაზღვრა რომ: „2. შემოწმდეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე დღგ-ის ნაწილში. 3. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.“ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივლისის №19777 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები.“

აუდიტის დეპარტამენტმა, ასევე გამოსცა 2022 წლის 26 სექტემბრის №24634 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16677 ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3618 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51(1"გ"), 263(1).