ბრძანება N 17220
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17220
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 30 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №90447/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №125-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10669 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის თებერვლისა და 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 30 მაისის №12729 ბრძანება და ამავე თარიღის №125- 13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 892 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 083 ლარი, ჯარიმა 4 042 ლარი, საურავი 2 767 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 363 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 48 251 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტებზე, კერძოდ:
მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წლის იანვრის თვეში შპს „---“-ს შეუსრულა 14 000 ლარის სამუშაოები, რაზეც შედგა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და 2021 წლის 27 იანვარს კომპანიას ჩაერიცხა 14 000 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე 2021 წლის 12 თებერვალს გამოწერილი იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- და ოპერაციის თარიღად შეცდომით მიეთითა 2021 წლის თებერვლის თვე.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა იმავე დღეს (ეკ ---), ოპერაციის თარიღად მიეთითა 2021 წლის იანვარი და შესაბამისად აისახა 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
გადასახადის გადამხდელი 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში განმარტავს, რომ შპს ,,---“-ს შეუსრულა 38 999,79 ლარის სამუშაოები, რაზეც გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, ოპერაციის თარიღად მიეთითა 2022 წლის აგვისტოს თვე და კომპანიამ იგი შეცდომით დაბეგრა 2022 წლის სექტემბრის თვეში. შესაბამისად, აცხადებს, რომ შემოწმებელმა სწორად მოახდინა ასახვა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის ბრუნვაში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სამუშაოზე შპს „---ის“ ანგარიშზე ავანსის სახით 2022 წლის აპრილის თვეში ჩარიცხული იქნა 2 600 ლარი (ავ----), რაც დაიბეგრა 2022 წლის აპრილის დღგ-ის დეკლარაციით. ასევე, ამავე სამუშაოზე 2022 წლის ივლისში ავანსის სახით ჩარიცხული იქნა 14 000 ლარი (ავ----), რაც დაიბეგრა 2022 წლის ივლისის თვის დღგის დეკლარაციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაბეგრილი ავანსის თანხების გათვალისწინებით მოხდეს 2022 წლის აგვისტოს თვეში დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 363 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 48 251 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164.