შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის
რესპუბლიკის მთავრობას
შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებული როგორც მონაწილე მხარეები,ისწრაფვიან რა, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისაკენ,გამომდინარე თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებიდან, გაატარეოს დამოუკიდებელი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა,განზრახული აქვთ რა, ხელი შეუწყონ ურთიერთსარგებლიანობის, კოოპერაციული კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარების საფუზველზე საქართველოს რესპუბლიკისა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას,ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარების თაობაზე:
აღიარებენ რა, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას
ადასტურებენ რა საქართველოს რესპუბლიკისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების (GATT) და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) პრინციპების ერთგულებას,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
1. მონაწილე მხარეები ანიჭებენ ერთმანეთს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. მონაწილე მხარეები არ გამოიყენებენ საექსპორტო და/ან საიმპორტო საბაჟო გადასახადებს, ბეგარასა და მოსაკრებლებს, რომლებსაც ექვივალენტური ძალა აქვთ, რაოდენობრივ შეზღუდვებს იმ საქონელზე რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის, გამონაკლისი ამ სავაჭრო რეჯიმიდან საქონლის შეთანხმებულ ნომენკლატურაზე ფორმდება დოკუმენტებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. არსებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე მხარეები ყოველწლიურად შეიმუშავებენ და ათანხმებენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან საერთო გამონაკლისების ნუსხას, აგრეთვე, ამ გამონაკლისების გამოყენების მეთოდებს.
3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდის განმავლობაში მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის ქვეშ იგულისხმება საქონელი, რომელიც განსაზღვრულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესებით.
მუხლი 2
თითოეული მონაწილე მხარე არ განახორციელებს:
მეორე მონაწილე მხარის საქონლის, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაბეგვრას შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონელი;
- იმ საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, რაიმე სპეციალური შეზღუდვებისა და მოთხოვნების შემოღებას, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოიყენება შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ;
- მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის დასაწყობების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე ანგარისსწორებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება საკუთარი საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ.
მუხლი 3
მონაწილე მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ მეორე მონაწილე მხარის მიმართ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ექვივალენტური ღონისძიებებისაგან.
მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივად დაადგინონ რაოდენობრივი ან სხვა სპეციალური შეზღუდვები მხოლოდ გონივრულ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით.
აღნიშნული შეზღუდვები უნდა ატარებდნენ განსაკუთრებულ ხასიათს და შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ GATT/WTO-ს ფარგლებში მიღებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მონაწილე მხარე, რომელიც იყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მონაწილე მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შედეგაც ინიშნება კონსულტაციები.
მუხლი 4
შეთანხმება არ ეწინააღმდეგება მონაწილე მხარეების უფლებას, ცალმხრივად მიიღოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საერთაშორისო პრაქტიკაში საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო რეგულირების ზომები, რომლებსაც თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ან რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის, რომლის მონაწილე ის არის ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ეხება:
ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას;
გარემოს, ცხოველების და მცენარეების დაცვას;
საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი მორალის დაცვას;
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
იარაღით, ტყვია-წამალითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;
ბირთვული მასალის და რადიაქტიული ნივთიერებების წყაროების მიწოდებასა და რადიაქტიული ნარჩენების უტილიზაციას;
ოქროთი, ვერცხლით, ან სხვა ძვირფასი ლითონებით ან ქვებით ვაჭრობას;
აღუდგენადი ბუნებრივი რესურსების შენახვას;
საანგარიშსწორებო ბალანსის დარღვევას;
საექსპორტო პროდუქციის შეზღუდვას, რომლის ფასი შიდა ბაზარზე მხარდამჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად დაბალია მსოფლიო ფასთან შედარებით;
საწარმოო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;
ეროვნული სიმდიდრის დაცვას;
ზომებს, რომლებიც გამოიყენება საომარი მოქმედებების დროს ან საერთაშორისო ურთიერთობების სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;
მოქმედებებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც ეყრდნობა გაერო-ს წესდებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მონაწილე მხარე, რომელიც გამოიყენებს ასეთ ზომებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მონაწილე მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების შემოღების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შედეგადაც აღინიშნება კონსულტაციები.
მუხლი 5
მონაწილე მხარეებს შორის ყოველი ანგარიშგება და ანგარიშსწორება სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მიხედვით შეთანხმებული იქნება ცალკეული ბანკთაშორისი შეთანხმებით.
მუხლი 6
მონაწილე მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საგარეო-ეკონომიკური კავშირების შიგა სამართლებრივ რეგულირებასთან, მათ შორის ვაჭრობის საკითხებში, ინვესტიციები დაბეგვრის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის და სხვა საფინანსო მომსახურების, სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებში, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით, რომელიც ეხება მონაწილე მხარეებს.
მონაწილე მხარეები დაუყონებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.
მონაწილე მხარეების უფლებამოსილი ორტგანოები შეათანხმებენ ასეთი ინფორმაციის გაცვლის წესებს:
ამ მუხლის დებულებანი:
არ იქნება განმარტებული ისე, თითქოს ისინი ვალდებულებას აკისრებენ ნებისმიერი შეთანხმებული მხარის კომპეტენტურ ორგანოებს წარადგინონ ის ინფორმაცია, რომლის გაცემა არ შეიძლება კანონმდბლობით ან ერთ-ერთი შეთანხმებული მხარის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
არ წარადგენენ იმ იმფორმაციას, რომელიც გახსნიდა რომელიმე სავაჭრო, სამეწარმეო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.
მუხლი 7
მონაწილე მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან მისი შემდეგი მეთოდები:
- ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთაშორისი გაერთიანებებით მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის საერთო მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია, ან დაარღვიონ მისი პირობები მონაწილე მხარეთა ტერეიტორიებზე;
- მოქმედებები რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას მონაწილე მხარეების მთლიან ტერიტორიებზე ან მნიშვნელოვან ნაწილზე.
მუხლი 8
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელების, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისას და საბაჟო პროცედურების გატარებისას, მონაწილე ქვეყნები გამოიყენებენ ერთიან ცხრანიშნა სავაჭრო ნომენკლატურას, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერასა და კოდირების ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურაზე, ამასთანავე, მონაწილე მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის გაფორმებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.
სავაჭრო ნომენკლატურის საეტალონო პირის შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით.
მუხლი 9
მონაწილე მხარეები თანახმანი არიან მასზედ, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.
ამასთან დაკავშირებით, ყოველი მონაწილე მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლივ ტრანზიტს მეორე მონაწილე მხარის და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლისათვის, რომელიც განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის და სთავაზობს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს და გადამზიდებს ყველა არსებულ და ტრანზიტის უზრუნველსაყოფად აუცილებელ საშუალებებსა და მომსახურებას, ისეთივე პირობებზე, რომლებზეც იგივე მომსახურება და საშუალებები ენიჭება საკუთარ ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდებს.
მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე ტვირთების გავლის წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვათა საერთაშორისო წესების შესაბამისად.
მუხლი 10
არცერთი მონაწილე მხარე არ დაუშვებს საქონლის არასანქცირებულ რეექსპორტს, თუ ამ საქონლის ექსპორტის მიმართ მეორე მონაწილე მხარე, საიდანაც წარმოშობილია ეს საონელი იღებს სახელმწიფო რეგულირების ზომებს. მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ იმ საქონლის ნუსხას, რომელზეც იკრძალება არასანქცირებული რეექსპორტი, აგრეთვე, გაუცვლიან ერთმანეთს იმ საქონლის ნუსხას, რომელზეც გამოიყენება სახელმწიფო რეგულირების ზომები.
ასეთი საქონლის რეექსპორტი მესამე ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი თანხმობით და იმ პირობებზე გათვალისწინებით, რომელთაც განსაზღვრავენ იმ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.
მუხლი 11
მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გატარების მზინით მონაწილე მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.
მუხლი 12
არაფერი არსებულ შეთანხმებაში არ უკრძალავს მონაწილე მხარეებს დაამყარონ ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებანი რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, რომლის მონაწილე არის ან შეიძლება იყოს ეს მონაწილე მხარე, იმ პირობით, თუე ეს ვალდებულებანი არ ეწინააღმდეგება არსებული შეთანხმების დებულებებსა და მიზნებს.
მუხლი 13
დავები მონაწილე მხარეთა შორის იმ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკების გზით.
მონაწილე მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობის დროს.
მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ, რომ ორივე სახელმწიფოს სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული კონტრაქტებისა და გარიგებების განმარტებისა და შესრულების შედეგად წარმოქმნილი პრეტენზიები და დავები, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელი იქნება მათი გადაწყვეტა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიზნით და თუ არ არის განსაზღვრული სხვა რამ, როგორც წესი შეადგენენ საარბიტრაჟო სასამართლოების (მუდმივი ან ad hoc) განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლებიც შეიქმნება მონაწილე მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც განსაზღვრავენ კონტრაქტის ხელმომწერი მხარეები.
თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და სისრულეში მოყვანის ეფექტური საშუალებანი.
მუხლი 14
ამ შეთანხმების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების გამოსამუშავებლად მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ ერთობლივი საქართველო-უზბეკეთის კომისია.
მუხლი 15
მონაწილე მხრეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია დააარსოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, თითოეული მონაწილე მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16
აუცილებლობის შემთხვევაში ამ შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა თანხმობით შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები ან დამატებები.
მუხლი 17
ეს შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა ფორმალობის შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან.
შეთანხმება კარგავს ძალას ერთ-ერთი მონაწილე მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ.
ამ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მისი დებულებები გამოყენებული იქნება ორივე მონაწილე მხარის სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დადებულ იქნა, მაგრამ არ იქნა შესრულებული მისი მოქმედების პერიოდში, მათ საბოლოო შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.
შესრულებულია ტაშკენტში, 1995 წლის 4 სექტემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანხმების განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 “.............” სექტემბრის შეთანხმებასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გამონაკლისების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მონაწილე მხარეებად წოდებულნი,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
1995 4 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით
შემდგომში შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) გათვალისწინებული გამონაკლისები ვრცელდება:
1. იმ საქონელზე, რომელიც ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას საექსპორტო ტარიფების შესახებ, აგრეთვე კანონმდებლობას საქონლის (სამუშაოს და მომსახურების) ექსპორტსა და იმპორტის ქვოტირებასა და ლიცენზირების შესახებ, რომელიც მოქმედებს საქონლის საბაჟო გაფორმების მომენტისათვის მისი უზბეკეთის რესპუბლიკიდან/აში საქართველოს რესპუბლიკაში/იდან ექსპორტის/იმპორტის დროს (ამ ოქმის ხელმოწერის მომენტისათვის მოქმედებენ საექსპორტო ტარიფები და ექსპორტისა და იმპორტის არასატარიფო რეგულირების შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 აგვისტოს 475 დადგენილებით).
2. იმ საქონელზე, რომელიც ექვემდებარება უზბეკეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას საექსპორტო ტარიფების შესახებ, აგრეთვე კანონმდებლობას საქონლის (სამუშაოს და მომსახურების) ექსპორტსა და იმპორტის ქვოტირებასა და ლიცენზირების შესახებ, რომელიც მოქმედებს საქონლის საბაჟო გაფორმების მომენტისათვის მისი საქართველოს რესპუბლიკიდან/აში უზბეკეთის რესპუბლიკაში/იდან ექსპორტის/იმპორტის დროს (ამ ოქმის ხელმოწერის მომენტისათვის მოქმედებენ საექსპორტო ტარიფები და ექსპორტისა და იმპორტის არასატარიფო რეგულირების შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია უზბეკეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 25 ივლისის 287 დადგენილებით, დანართები 1, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9).
მონაწილე მხარეები დაუყონებლივ მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებულ შიდა კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ.
მუხლი 2
იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელზეც მოქმედებს ექსპორტის სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვების რეგულირება ამ ოქმის 1 მუხლის შესაბამისად, მონაწილე მხრეები ანიჭებენ ერთმანეთს უპირატეს ხელშეწყობის რეჟიმს, რაც შეეხება:
საბაჟო გადასახადებსა და მოსაკრებლებს, ისეთი გადასახადების და მოსაკრებლების დაწესებას, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ექსპორტთან, მათ შორის ისეთების, რომლებიც განეკუთვნებიან მათ საბაჟო გაფორმებას, ტრანზიტს, დასაწყობებასა და გადატვირთვას; გადასახადებსა და ნებისმიერ მოსაკრებლებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია საექსპორტო საქონელთან;
გაყიდვის, ყიდვის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და შიდა ბაზარზე გამოყენების წესებს;
ლიცენზიის გაცემას.
მუხლი 3
ამ ოქმის მე-2 მუხლის დებულებები არ გამოიყენება იმ უპირატესობებთან და შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებსაც ანიჭებს მონაწილე მხარე;
მესამე ქვეყნის საბაჟო კავშირის ან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის მიზნით ან ასეთი კავშირის ან ზონის შექმნის შედეგად;
განვითარებადი ქვეყნებისათვის საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად;
მეზობელ ქვეყნებისათვის სასაზღვრო ვაჭრობის გადაადგილების მიზნით.
მუხლი 4
ეს ოქმი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია
მუხლი 5
ეს ოქმი ძალაში შედის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე და მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მუხლით გათვალისწინებული ახალი ოქმის ძალაში შესვლამდე.
შესრულებულია ტაშკენტში, 1995 წლის 4 სექტემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ ოქმის განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით