ბრძანება N 1241

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1241
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1241

30.01.2023

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 იანვრის №78011/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №23564 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრიდან 2022 წლის 12 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 15 დეკემბრის №31583 ბრძანება და ამავე თარიღის №081 –259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 427 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 447 ლარი, ჯარიმა 38 502 ლარი და საურავი 15 478 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

•შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ი/მ „----------“ საქმიანობაა განათლების მომსახურების გაწევა, გამაჯანსაღებელი, გართობის და დასვენების, ბავშვთა დღიური მოვლის, საკვებით მომსახურების საქმიანობები, კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება სპორტულ გამაჯანსაღებელი მომსახურება/სარეპეტიტორო მომსახურების გაწევა. მეწარმე არ იყო დღგ-ის გადამხდელი, იგი რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ და შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. შემოწმებისას გადამხდელს არ წარმოუდგენია მეწარმის მიერ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელიშ ემოწმების საწყის ეტაპზე არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმების მიმდინარეობისას დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენილი მონაცემები (მცირე მეწარმის ყოველთვიური დეკლარაციები) და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს (მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არაა გათავისუფლებული დღგ-სგან). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით, ი/მ „----------“ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 22 აპრილი და მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

• მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გამო, შემოწმების შედეგად მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავალი განისაზღვრა 556 121 ლარით. შესაბამისად, მეწარმეს ჯამურად შეუმცირდა გადასახადი 791 ლარით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა პერიოდის ცვლილების გამო ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პერიოდის ცვლილების გამო 16 ლარის ოდენობით.

• შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არ ჰქონდა წარმოდგენილი გადახდის წყაროსთა ნდაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირთან შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხული ჰქონდა 111 131 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), აგრეთვე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით (სახელფასო უწყისები) დადგინდა, რომ გადამხდელს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ჰქონდა თანამშრომელთა ხელფასები 20 285 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები შესაბამის პერიოდებში შესრულებული არ ჰქონდა. შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხა, 131 416 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნი სმოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობაა განათლების მომსახურების გაწევა, გამაჯანსაღებელი, გართობის და დასვენების, ბავშვთა დღიური მოვლის, საკვებით მომსახურების საქმიანობები, კვების მზა პროდუქტებისა და კერძების წარმოება სპორტულ გამაჯანსაღებელი მომსახურება/სარეპეტიტორო მომსახურების გაწევა. მეწარმე არ იყო დღგ-ის გადამხდელი, იგი რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ და შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. შემოწმებისას გადამხდელს არ წარმოუდგენია მეწარმის მიერ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელიშ შემოწმების საწყის ეტაპზე არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმების მიმდინარეობისას დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენილი მონაცემები (მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური დეკლარაციები) და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 22 აპრილი და მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით.

მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში დეკლარირებული ჰქონდა 635 229 ლარი. მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გამო, შემოწმების შედეგად მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავალი განისაზღვრა 556 121 ლარით. შესაბამისად, მეწარმეს ჯამურად შეუმცირდა გადასახადი 791 ლარით.

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არ ჰქონდა წარმოდგენილი გადახდის წყაროსთა ნდაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა ფიზიკურ პირთან შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხული ჰქონდა 111 131 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), აგრეთვე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით (სახელფასო უწყისები) დადგინდა, რომ გადამხდელს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ჰქონდა თანამშრომელთა ხელფასები 20 285 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები შესაბამის პერიოდებში შესრულებული არ ჰქონდა. შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხა, 131 416 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1„ა“); 279(1); 282(1); 291; 275;