ბრძანება N 11582
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11582
25.05.2023
შპს „-----------------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.:--------------------)
2023 წლის 3 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ -----------) №19596/2/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის №EL199139 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,--------------" (ს/ნ-----------), როგორც - მოპასუხეს, აქვს სასამართლო დავა შპს ,,------------"-სთან, როგორც - მოსარჩელესთან. მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს 48 610 ლარს, სადაც ერთ-ერთ ფიგურანტსაც წარმოადგენს შპს „-----------“ (-------------), რადგან მოსარჩელესა და შპს „----------“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს შპს „----------“ ტვირთის განთავსების ხარჯებს. აღნიშნული დავის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს კომერციული საქმიანობა. ასევე მიუთითებს, რომ კორონა ვირუსის და ეკონომიკური კრიზისის გამო განმცხადებელმა (მოპასუხემ) ვერ შეძლო მოსარჩელესთან არსებული ვალდებულების შესრულება.
აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 10 აპრილის შპს „------------ის“ მიერ №--------- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „----------ის“ კუთვნილ საბაჟო საწყობში (№------------) შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი (----------), რომელსაც დროებით შენახვის ვადად განესაზღვრა 2021 წლის 2 ოქტომბერი. აღნიშნული ვადა შპს „----------“ 2021 წლის 28 სექტემბრის №----------- განცხადებით გაგრძელებულ იქნა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ვინაიდან, შპს „------------ის“ მიერ დაირღვა საქონლის დეკლარირების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 3 თებერვალს შედგენილი №--------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „------------“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 თებერვლის №------- შეტყობინებით შპს „----------“ გაეგზავნა №---------- დროებით შენახვის დეკლარაცია, №--------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ეცნობა, რომ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში დროებით შენახულ საქონელზე განესაზღვრათ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან შეესრულებინათ საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდებოდა საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №------ ბრძანებით, შპს „----------ის“ მიმართ გამოცემული შეტყობინებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის პირისთვის ჩაბარების მიზნით, 2023 წლის 4 აპრილს განხორციელდა აღნიშნული დოკუმენტების საჯაროდ გავრცელება სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებით. შესაბამისად ჩბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 24 აპრილს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ დროებით შენახვის დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ საქონელი დროებით არის შენახული. საბაჟო დეკლარაცია კი არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს. დროებით შენახვა გულისხმობს იმ უცხოური საქონლის მდგომარეობას, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით, მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე არის შენახული.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული
დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს. მე-3 ნაწილის მიხედვით, კი საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ხოლო შემოტანის შემდეგ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა საქონლის დეკლარირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის ჯარიმის დაკირება მართლზომიერია.
მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა. მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებულ გარემოებას, რომელმაც შეუძლებელი გახადა ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულება და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სარჩელი), რომელზეც მომჩივანი აპელირებს, სასამართლოს შტამპზე გაკეთებული აღნიშვნის თანახმად, სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 1 ივნისს, ხოლო დროებით შენახული საქონლის ბოლო ვადა (რა ვადაშიც მომჩივანს საქონლის დეკლარირება უნდა განეხორციელებინა) იყო 2022 წლის 31 მარტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით როგორც მოპასუხეს აქვს სასამართლო დავა შპს-თან, როგორც მოსარჩელესთან.აღნიშნული დავის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს კომერციული საქმიანობა. ასევე მიუთითებს, რომ კორონა ვირუსის და ეკონომიკური კრიზისის გამო განმცხადებელმა (მოპასუხემ) ვერ შეძლო მოსარჩელესთან არსებული ვალდებულების შესრულება. აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-12 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა საქონლის დეკლარირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
6;13(2);78(1);163(1,12);165(1);72(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლს.