გადაწყვეტილება №18326/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18326/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ს 29.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18326/2/2022).
დავის საგანი:
წილის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტის დეკლარირების სისწორე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №066-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28998 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 174 240 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 112 304
ჯარიმა - 56 152
საურავი - 5 784
ფაქტების აღწერა/დარიცხვის
საფუძვლები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს „------------------.“-ის (ს/ნ ---------------) წილის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტის დეკლარირების სისწორესთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.11.2021 წლიდან 30.11.2021 წლამდე პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.11.2010 წელს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 13.08.2021 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით (რეგისტრაციის ნომერი -----------, რეგისტრაციის თარიღი 13.08.2021წ.), შპს „-----------“ (ს/ნ ---------) ფ/პირს მიჰყიდა შპს „--------------.“-ის 2% წილი. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 70 000 ლარით. 4.11.2021 წელს დარეგისტრირდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (№----), რომლის მიხედვითაც, ფ/პირმა სხვა ფ/პირს (ს/ნ ----------) მიჰყიდა შპს „---------“-ის 2% წილი.
მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადასახდელი ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ღირებულება მყიდველის მიერ ანაზღაურებულია სრულად.
ფ/პ -----------ს აღნიშნული ოპერაციაზე არ აქვს შესრულებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4.11.2021 წელს აშშ დოლარის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, მომჩივნის დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 561 520 ლარი. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №18104 ბრძანება და 12.07.2022 წლის №066-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28998 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28998 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეთანხმებით, შპს „--------.“-ის წილის რეალიზაციის 4.11.2021 წლის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მიეთითა, რომ ნასყიდობის ღირებულება 200 000 აშშ დოლარის ნაცვლად შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ასევე ფაქტი, რომ ნასყიდობის ფასი ნამდვილად შეცდომა იყო, დასტურდება გარემოებით: ----------ს მიერ შპს „------.“-ის 2%-იანი წილის 70 000 ლარად (22 480 აშშ დოლარი) ყიდვიდან, მის გაყიდვამდე გავიდა ძალიან მცირე დრო (არასრული3 თვე), რომლის განმავლობაშიც შეუძლებელია აღნიშნული წილის ღირებულება გაათმაგებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
13.08.2021 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ფ/პ-მა შპს -----------გან იყიდა შპს „---------“-ის 2% წილი 70 000 ლარად. 4.11.2021 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ფ/პ-------- ფ/პ--------ს მიყიდა შპს „----------- 2% წილი 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსით, მაგრამ ხელშეკრულებაში მექანიკური შეცდომის გამო 20 000 აშშ დოლარის ნაცვლად ჩაიწერა 200 000 აშშ დოლარი.
აღნიშნული შეცდომა გადამხდელის მიერ აღმოჩენილია მას შემდეგ, რაც დაინიშნა საგადასახადო შემოწმება და შეცდომის გასწორების მიზნით 23.05.2022 წელს გამყიდველმა და მყიდველმა ---------- საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს (№---------) შეთანხმება 4.11.2021 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც გასწორდა მექანიკური შეცდომა და მიეთითა, რომ ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში.
შესაბამისად, 2021 საანგარიშო წლის მიხედვით, გამყიდველს არ გააჩნდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რადგანაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებოდა ამავე პერიოდში გამოსაქვით ხარჯებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებელი, რომელსაც მიეწოდა 23.05.2022 წელს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების/შესწორების შეთანხმება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვინაიდან გამყიდველ პირს წილის რეალიზაციის შედეგად არ წარმოეშობოდა დასაბეგრი სხვაობა, მიაჩნია რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული გადასახადები უსამართლოა, საფუძველს მოკლებულია და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და უფლებამოსილება იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. გარდა ამისა, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მოახდენს აუდიტის დეპარტამენტი დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირებას).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით მომჩივანს მიაჩნია რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ითხოვს დაფიქსირებული ფაქტები/გარემოებების გათვალისწინებას და სადავო აქტების ბათილობას.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით.
მომჩივნის განმარტებით, მყიდველს შპს „------''ის 2%-იანი წილი მიყიდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსით, მაგრამ ხელშეკრულებაში მექანიკური შეცდომის გამო 20 000 აშშ დოლარის ნაცვლად ჩაიწერა 200 000 აშშ დოლარი. აღნიშნული შეცდომა აღმოჩენილია მას შემდეგ, რაც დაინიშნა საგადასახადო შემოწმება და შეცდომის გასწორების მიზნით 23.05.2022 წელს გამყიდველმა და მყიდველმა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს (№-----) შეთანხმება 4.11.2021 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც გასწორდა მექანიკური შეცდომა და მიეთითა, რომ ნასყიდობის ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში.
შემოსავლების სამსახურის 18.11.2022 წლის №28998 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.