გადაწყვეტილება №22701/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22701/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 28.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22701/2/2024).
დავის საგანი:
1. ქონების გადასახადში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ქონების გადასახადის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) დარიცხვა ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6424 ბრძანება
დარიცხული თანხა: 33 060 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) - 19 365
ჯარიმა - 9 682
საურავი - 4 013
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 20.02.2024 წლის №3654 ბრძანება და 21.02.2024 წლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6424 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ქონების (მიწა) გადასახადის დეკლარაციები, მაგრამ მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს 2017 წლის 5 ივლისის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ იჯარის ხელშეკრულებით აღებული მიწები, რომლის საფუძველზეც კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული 96,3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა, მდებარე: ---, ქ. ----ში და მის მიმდებარე სოფლებში. კომპანიას გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 204-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-5 ნაწილით, მე-4 მუხლით.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს 96.3395 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწას, რომელიც არ აქვს ასახული ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში, შესაბამისად, პირს მიწაზე ქონების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, იჯარით აღებული მიწის ახლადასათვისებელ მიწად დაკვალიფიცირებასა და შეღავათით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტი, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ახლადასათვისებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიჩნევის საფუძველი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან პირს მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები სრულყოფილად, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს, როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, „ქონების გადასახადის დეკლარაციაში ჩაწერილი არ აქვს 2017 წლის 5 ივლისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან იჯარის ხელშეკრულებით აღებული მიწები, რომლის საფუძველზეც კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული 96.3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა, მდებარე: ----, ქ. -----ში და მიმდებარე სოფლებში“.
იჯარის ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, მისი დადებისას მხარეებმა იხელმძღვანელეს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით.
იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქარ-თული ჩაის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს ------ს შორის 2016 წლის 28 დეკემბერს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (----------)“ შესაბამისად“.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მიზნებს განეკუთვნება „კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“. ამავე პროგრამის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სარეაბილიტაციო სამუშაოები − ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად“.
ამრიგად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის 5 ივლისის იჯარის ხელშეკრულებით ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგ-ლებში მიღებულია გაველურებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციები.
სსკ-ის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ახალასათვისებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა: დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები“.
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
ამრიგად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ახალასათვისებელ მიწად და, შესაბამისად, მითითებული საგადასახადო შეღავათისათვის დაქვემდებარებულ მიწად რომ ჩაითვალოს, სავალდებულო არ არის, რომ მიწა არასდროს ყოფილიყო ათვისებული ან პირის მიერ მისი მიღებისას არ ყოფილიყო საერთოდ გამოყენებული. მეტიც, თუ მიწა წარმოადგენდა მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს და გარკვეული ინტენსიურობით ხასიათდებოდა, მისი მაღალი ინტენსიურობის მქონე სავარგულად ტრანსფორმირებისას (გადაყვანისას) ის ახალასათვისებელ მიწის ნაკვეთად ჩაითვლებოდა (ტრანსფორმირებამდე).
ტერმინი „ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგული“ კანონმდებლობით არაა განმარტებული. თუმცა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია ტერმინი „ინტენსიური სოფლის მეურნეობა (მიწათმოქმედება...)“, რომელშიც იგულისხმება „განვითარებული სოფლის მეურნეობა (მიწათმოქმედება...), რომელსაც ახასიათებს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების ფართოდ გამოყენება, აგრონომ-იის მოთხოვნილებათა სრულად დაცვა და რომელიც ეკონომიურად ეფექტურია“. შესაბამისად, ცხადია, რომ საბჭოთა პერიოდში გაშენებული და ამ პერიოდიდან გამოუყენებელი ჩაის (გაველურებული) პლანტაციებით დაკავებული მიწის ნაკვეთები ინტენსიურ სავარგულებად მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ ჩაითვლება.
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების თანახმად, „წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ახლადასათვისებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიჩნევის საფუძველი“. შემოსავლების სამსახური, როგორც სჩანს, მიიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდიდან ფაქტობრივად მიტოვებული და გავერანებული ჩაის ნარგავებით დაკავებული მიწები არ არის დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომელთა მაღალინტენსიურ სავარგულებად ტრანსფორმირება განხორციელდა სპეციალური სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამით და სახელმწიფომ ტყუილუბრალოდ შეიმუშავა და დააფინანსა აღნიშნული სარეაბილიტაციო პროგრამა. მთელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილია საქმეში, მაგრამ შემოსავლების სამსახური ამ დოკუმენტაციის გამოკვლევა-შეფასების გარეშე მიუთითებს, რომ არ დასტურდება, რომ მიწა ახალასათვისებელია. ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია, რა დოკუმენტით და ვის მიერ გაცემული დოკუმენტით უნდა დადასტურებულიყო, რომ მიწის ნაკვეთი ახალასათვისებელს წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა 2017 წლის 5 ივლისის იჯარის ხელშეკრულებით მიიღო ახალასათვისებელი (დაბალინტენსიური) სასოფლო-სამეურნეო მიწები, იგი მიღებიდან 5 წლის განმავლობაში გათავისუფლებული იყო ქონების გადასახადისაგან. შესაბამისად უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში. ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლოსამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება:
ა.ა) ყამირი მიწები;
ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები;
ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები;
ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები;
ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით;
ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ქონების (მიწა) გადასახადის დეკლარაციები, მაგრამ მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს 2017 წლის 5 ივლისის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ იჯარის ხელშეკრულებით აღებული მიწები, რომლის საფუძველზეც კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული 96,3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა, მდებარე: -----, ქ. -----ში და მის მიმდებარე სოფლებში. კომპანიას გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც ზემოთ დასახელებული იჯარით აღებული მიწების ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიას დაადასტურებდა, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ არსებობს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიას 25 წლის ვადით იჯარით ჰქონდა აღებული 96,3395 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა, რომელზეც არ ჰქონდა ქონების გადასახადი დეკლარირებული და გადახდილი, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონების გადასახადის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) დარიცხვა ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე
ფაქტების აღწერა
დარიცხვის შინაარსი გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, მიწაზე ქონების გადასახადის ხანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკანონმდებლო ნორმებზე და განმარტავს, რომ საწარმო ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და საგადასახადო დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით. შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით 2021 წელზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადი დაერიცხა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში გამოვლენილი სხვაობების სახით შესაბამისად 2021, 2022 და 2023 წლების სავადოებზე (შესაბამისი წლის 15 ნოემბერი). გამოვლენილი სხვაობების ჯამური თანხა შემოწმების მიერ განხილულ იქნა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებად და შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენებით.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონა-ცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედ-ვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
ამრიგად, საგადასახადო კოდექსის ნორმების მიხედვით, განსხვავებულია მიწაზე და სხვა ქონებაზე ქონების გადასახადის საანგარიშო ბაზები და გადახდის ვადები. მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ა) ისინი მიეთითება ერთ (გასული წლის) დეკლარაციაში და ბ) ისინი გადაიხდება ერთი (მიმდინარე) წლის სავადოების მიხედვით (მიწაზე - 15 ნოემბრამდე, სხვა ქონებაზე - 1 აპრილამდე).
შემოწმება, როგორც სჩანს, მიიჩნევს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადი მიმდინარე წლის გადასახადია. თუმცა მოცემული მოსაზრება არასწორია, ვინაიდან როგორც მიწაზე, ისე სხვა ქონებაზე ქონების გადასახადი იმ წლის გადასახადია, რომელი წლის დეკლარაციაშიც უნდა მოხდეს მათი მითითება (დაბეგვრის ობიექტის დაბეგვრა).
საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება პირის საგადასახადო ვალდებულება კონკრეტული გადასახადის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა (სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა) კალენდარული წლის დაწყების შემდეგ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველი საგადასახადო პერიოდია დროის მო-ნაკვეთი მისი დაფუძნების (რეგისტრაციის) დღიდან ამ წლის ბოლომდე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე,საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური „დეკლარაციის „I ნაწილში“ აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ“.
ამრიგად, საგადასახადო დეკლარაცია ყოველთვის მოიცავს ერთ საგადასახადო (საანგარიშო) პერიოდს, რომელიც არ შეიძლება მეტი იყოს 1 წელზე. გადასახადის გადახდის ვადები კი ერთ შემთხვევაში დაკავშირებულია დეკლარაციის წარდგენის ვადასთან, ხოლო სხვა შემთხვევაში - სპეციალურად განსაზღვრულ თარიღთან (როგორც ეს არის მიწაზე ქონების გადასახადის შემთხვევაში).
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 15 ნოემბრამდე გადასახდელი მიწაზე ქონების გადასახადი არის 2020 წლის საანგარიშო პერიოდის გადასახადი, რომელიც მითითებული უნდა ყოფილიყო 2020 წლის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახური „განმარტავს, რომ საწარმო ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და საგადასახადო დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით 2021 წელზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს“. თუმცა შემოსავლების სამსახურმა ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ შემოწმდა დეკლარაცია (2020 წ.), რომლის შემოწმების უფლება შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გამო შემოწმების ჯგუფს არ ჰქონდა და ასევე იმაზე, რომ მიმდინარე პერიოდის 1 აპრილით დაბეგვრის ობიექტის მითითება მიმდინარე პერიოდის გადასახადად არ აქცევს გადასახადს, რომელიც წინა წლის დეკლარაციაში მიეთითება. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს დამატებით უნდა გაემახვილებინა ყურადღება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე (ინსტრუქციებზე), რომელთა მიხედვით ქონების გადასახადის საანგარიშო პერიოდია ის წელი, რომელზეც დეკლარაციის წარდგენა ხდება (საანგარიშო პერიოდს კი სავადო პერიოდი არ ემთხვევა).
ყოველივე მითითებულის გთვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებას არ ჰქონდა 2020 წლის დეკლარაციით მიწის დაბეგვრის სისწორის შემოწმებისა და შესაბამისი თანხის დარიცხვისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილება, 2020 წლის დეკლარაციის მონაცემებთან მიმართებით გამოვლენილი სხვაობის მიხედვით გამოანგარიშებული თანხები გაუქმებას ექვემდებარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი - მე-6 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახური სადავო გადაწყვეტილებაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, მიწაზე ქონების გადასახადის ხანდაზმულ საგადასახადო პერიოდზე დარიცხვასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ საწარმო ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და საგადასახადო დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით. შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით 2021 წელზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის დაცვით და არ არსებოს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 9 682 ლარი და საურავი - 4 013 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ ის გადასახადების დეკლარირებასა და გადახდას კეთილსინდისიერად უდგება. მის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებული გადასახადის დეკლარაციები წარდგენილია. მათში შეტანილი არ არის იჯარით მიღებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციები, ვინაიდან იცოდა, რომ სარეაბილიტაციო მიწის ნაკვეთები არ იბეგრებოდა. მისი შეცდომა იმაშია, რომ მან არ იცოდა, რომ გადასახადისაგან გათავისუფლება შეზღუდული იყო 5-წლიანი ვადით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში „შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს“.
მომჩივანი მხარის მოსაზრებით, „საპატიებელი შეცდომა“ არ არსებობს მხო-ლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა „არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას“. აქ ზედმეტია „არც შეიძლება სცოდნოდა“, ვინაიდან „არც შეიძლებოდა სცოდნოდა“-თი პრაქტიკულად გამორიცხულია ნების-მიერი გადასახადის გადამხდელის შეცდომა. თუ ვიგულისხმებთ, რომ კეთილსინდისიერია მხოლოდ ის „პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა“, მაშინ ფაქტობრივი შეცდომა საერთოდ გამოირიცხება. თუმცა ნორმაში ზოგადად მითითებულია „შეცდომა/არცოდნა“ და არა „სამართლებრივი შეცდომა“ ან/და „კანონის არცოდნა“. მართალია, სამართლის ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს სისტემურად, მაგრამ გადასახადის გადამხდელის უფლების დამდგენი საგადასახადო სამართლის ნორმის გადასახადის გადამხდელის უფლების შეზღუდვის მიმართულებით განვრცობა დაუშვებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დავების პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას საფუძვლად უდევს ფაქტობრივი შეცდომა.
მითითებულის მაგალითია აგრეთვე შემოსავლების სამსახურის უფროსის „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ღონისძიებების დანართი №2 – „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მიაჩნია, რომ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მისი საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლების წინაპირობები და ითხოვს, რომ იგი გათავისუფლდეს სხვა საკითხებში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების შემდეგ დარჩენილი საგადასახადო სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან ქონების გადასახადში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ქონების გადასახადის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6424 ბრძანება;
3. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს ქონების გადასახადში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ქონების გადასახადში (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ქონების გადასახადის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) დარიცხვა ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა №3654 ბრძანება და №074-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №6424 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ქონების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 204(1,,დ“.4); 205(2.7); 206(1,,რ“); 269(7 );