ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა N 2327
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა N 2327
ფაქტობრივი გარემოებები
· პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშახრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 20 000 მ3.
· საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირის მიერ 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისათვის წარმოდგენილ გაანგარიშებაში ასახულია მოპოვებული/ მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების მოცულობა ნული მ3 ოდენობით, ხოლო 2021 წლის მეორე სავადო თარიღისთვის (15.01.2022) წარმოდგენილ გაანგარიშებაში ასახულია ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ3.
შეფასება
· ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.
· 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარებოდა ლიცენზიით განსაზღვრული 2021 წელს ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი - 10 000მ3. 2022 წლის 15 იანვრის სავადო თარიღისათვის წარდგენილ გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარებოდა ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა - 14 000 მ3. წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი (14 000 მ3 ) არ აღემატება ათვისების გეგმით გათვალისწინებულ 2021 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობას -20 000 მ3, შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ამ ოდენობის რესურსზე. ვინაიდან გაანგარიშებაში ასახვას დაქვემდებარებული რესურსის ჯამური მოცულობა (წლიური) შეადგენს 24 000 მ3 (10 000 მ3 +14 000 მ3 ), სხვაობა 4 000 მ3 რესურსის მოცულობა ასახვას ექვემდებარება გაანგარიშებაშის მე-5 სვეტში (გეგმით გათვალისწინებულზე მეტი მოცულობა, რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას).
ღონისძიებები
· 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღით დარიცხვას დაექვემდებარება მოსაკრებლის ძირითად ნაწილში 10 000 მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა. ამასთან "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და სსკ-ს 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირს 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღის მიხედვით დაერიცხება ჯარიმა მოსაკრებლის თანხის შემცირებისათვის, 10 000 მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებულ მოსაკრებლის თანხაზე. 2022 წლის 15 იანვრის სავადო თარით შემცირებას დაექვემდებარება მოსაკრებლის ძირითად ნაწილში 4 000 მ3 მოცულობის რესურსის მიხედვით გამოანგარიშებული მოსაკრებლის თანხა.
სიტუაციური სახელმძღვანელო არეგულირებს სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) მოპოვების ლიცენზიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ანგარიშგებას საანგარისო ექვსთვიანი პერიოდის მიხედვით.
სიტუაციური სახელმძღვანელო მომზადებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში 2021 წლის 1 თებერვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრის N20 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამკიცებულია 2021 წლის 4 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.