ბრძანება N 4373
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4373
07.03.2023
შპს „-----------“ (ს/ნ --------- )
(მის.: --------------------------- )
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ ---------------) №78347/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბერის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა242-21-10 აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ №32849 ბრძანებას და 2022 წლის 26 დეკემბრის №006-634 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიის ხელთ არსებული დოკუმენტაციებით, რომლითაც მოხდა საქონლის დეკლარირება, საქონლის წარმომავლობის სერტიფიკატშიც და EUR 1 - შიც ნათლად იკითხება, რომ ყველა პროდუქცია, რომელიც არის იმპორტის თანმხლები ინვოისით არის შვეიცარიული წარმოშობის. ორივე მათგანი დამოწმებულია ბეჭდით და ხელმოწერით. მომჩივანი მიუთითებს, რომ მომწოდებელი კომპანიისგან ელოდება დამატებით პირველად დოკუმენტების წარმოდგენას, რომელითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება მათი დეკლარირების სამართლიანობა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიამ შვეიცარიიდან №---------- (04.10.19) საბაჟო დეკლარაციით ქვეყანაში შემოიტანა სეს ესნის ----------- და ----------- სასაქონლო ჯგუფის - 728.78 კგ (ბრუტო) საქონელი (-------ის ნაწარმი და ექსტრუდირებული პროდუქტები), რომელიც შეძენილია შვეიცარიული კომპანია „-----------“-საგან №------------- (30.08.19) ინვოისის საფუძველზე, EXW Enney-ს პირობით და ჯამური ღირებულებით - 21,416.74 შვეიცარიული ფრანკი. დეკლარირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 70,239.05 ლარი. სულ, სსდ-ში დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობამ შეადგინა - 12,642.0 ლარი.
შვეიცარიაში გადამოწმებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით, საბაჟო პროცედურაში მოქცევისას წარმოდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1 - № S --------- (20.09.19).
შვეიცარიიდან მიღებული საპასუხო წერილიდან (№----------21, 03.09.21) გაირკვა, რომ საკითხის შესწავლისას ზუსტად ვერ დადგინდა სერტიფიკატით (ინვოისით) მოცული - 39.90 შვეიცარიულ ფრანკად შეფასებული ერთი დასახელების პროდუქტის („----------- 1.5KG“) შვეიცარიული წარმოშობა, ამდენად პროდუქტი ჩაითვალა მესამე ქვეყანაში წარმოშობილად. შესაბამისად, ხსენებული პროდუქტი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადით, თუმცა მასთან ერთად სერტიფიკატში შეწყვილებულად იყო წარმოდგენილი შვეიცარიაში წარმოშობილი, სეს ესნ-ის --------------- ჯგუფში იდენტიფიცირებული --------ის სხვა ნაწარმი, ღირებულებით - 2,295.28 შვეიცარიული ფრანკი და -------------- ჯგუფში მოქცეული ექსტრუდირებული პროდუქცია ღირებულებით - 19,081.56 შვეიცარიული ფრანკი.
აღნიშნული მიზეზით, EUR.1-მა შეიძინა არასწორად გაცემული სერტიფიკატის სტატუსი და დაკარგა აუთენტურობა. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის №32646 (23.12.22) ბრძანებით №--------- საბაჟო დეკლარაციაზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, ხოლო 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი № ა242-21-10 და გამოიცა ბრძანება №32849, შპს „-------------ის“ მიმართ გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმად, გადამხდელს სსდ-ზე დამატებით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახადი - 7,909.56 ლარი და დღგ - 1,424.74 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 9,334.3 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა № 006-634.
აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა 2022 წლის 30 დეკემბერს საბაჟო დეპარტამენტის №21- 10/------- წერილით, რომელიც გაიგზავნა ფოსტით. ასევე, შესაბამისი ინფორმაცია (აქტი და დარიცხვის ბრძანება) 2022 წლის 26 დეკემბერს განთავსდა გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე (rs.ge), რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეღავათის სარგებლობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.
ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
შემოსაველების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (იმპორტის გადასახდელის დარიცხვა) მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.