ბრძანება N 27241
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27241
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ---)
(მის.: ქ---) 2023 წლის 18 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 18 სექტემბრის №83641/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №081-152 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას. აცხადებს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ყალბად ან ფიქტიურ ოპერაციად განხილვა არის უკანონო, ვინაიდან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები და მიმწოდებელთან გადახდილი აქვთ შესაბამისი ღირებულების თანხები. ასევე გადამხდელი განმარტავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ინერტული მასალების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის პრობლემა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 აგვისტოს №21714 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 აგვისტოს №21628 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2023 წლის 19 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 ივლისის №18199 ბრძანება და ამავე თარიღის №081-152 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 135 234 ლარი, მათ შორის, გადასახადი 452 505 ლარი, ჯარიმა 521 496 ლარი და საურავი 161 233 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. აღნიშნული მასალებისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა---- (დღგ - 2 974.58 ლ.), ეა----- (დღგ - 45 762.71 ლ.), ეა---- (დღგ - 2 974.58), ეა---- (დღგ - 68 644.07), ეა---- (დღგ - 13 728.81), ეა--- (დღგ - 13 728.81).
აღნიშნული ანგარიშფაქტურებით შეძენილია ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი (ბალასტი) ჯამში 282 600 მ 3 -ის ოდენობით. გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა ჯამურად 147 813 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების ანალიზით ირკვევა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა----(დღგ - 2 974.58 ლ.), ეა---- (დღგ - 45 762.71 ლ.), ეა---- (დღგ - 2 974.58), ეა---- (დღგ - 68 644.07), ეა---- (დღგ - 13 728.81), ეა---- (დღგ - 13 728.81) ასახავს ყალბ/ფიქტიურ ოპერაციას. შედეგად, გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 280-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მიიღო დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა (საქონლის ღირებულების გადახდას არ ჰქონდა ადგილი) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს გაუუქმდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2022 წლის 17 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 აგვისტოს №21628 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2023 წლის 19 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 ივლისის №18199 ბრძანება და ამავე თარიღის №081-152 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 135 234 ლარი, მათ შორის, გადასახადი 452 505 ლარი, ჯარიმა 521 496 ლარი და საურავი 161 233 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2); 280;174; 175; 176; 178.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173; 174.