გადაწყვეტილება N 3/587-17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2018
№ დოკუმენტი 3/587-17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე № 3/587-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 მარტი 2018 წელი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: --------

მოპასუხე: შპს ----------

წარმომადგენელი: -----------------;

მოპასუხე: ----------

წარმომადგენელი: --------------;

მოპასუხე: ------------;

წარმომადგენელი: ----------;

მოპასუხე: ----------;

წარმომადგენელი: ----------.

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს ----------ს ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ ----------, ----------, ----------.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ----------ს ერიცხება დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება 1 715 000 ლარის ოდენობით. 2013 წლის 14 ივნისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 17 ივნისს. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 19 მაისის N006-544 ბრძანება შპს ----------ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“. შპს ----------ს დირექტორს ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 28 მაისს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს ----------ს ქონება არ გააჩნია. 2013 წლის ივნისის თვეში, შპს ----------მ დააზუსტა 2012 წლის დღგ-ს და მოგების დეკლარაციები, ასევე საშემოსავლო გადასახადის წინა თვის დეკლარაცია და ჯამში დაირიცხა გადასახდელი თანხა 568 692 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად, დამფუძნებელმა იმავე თვეში საწარმოდან ხელფასის, პროცენტის და დივიდენდის სახით გაიტენეს ჯამში 866 360 ლარი (-----------186 800 ლარი, ---------- - 186 800 ლარი, ---------- - 236 400 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ----------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე ----------მ და მისმა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩეილი უსაფუძვლობის გამო.

 

2.3. მოპასუხე ----------მა, და მისმა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩეილი არს სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩეილი უსაფუძვლობის გამო.

 

2.4. მოპასუხე ----------ამ და მისმა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები“

 

3.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 24/07/2013) თანახმად, შპს ----------ს სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 28.04.2006 წელი. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და დირექტორია ----------. პარტნიორები არიან 30% ----------. ყიდაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ---------- 14.06.2013 წელი. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N----------, 14.06.2013წ; მოძრავ ნივთებსა და არამატერიალური ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება და მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი (იხ. ს.ფ. 35-36);

 

3.2. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 მაისის N006-544 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ----------ს საკუთრებაში არსებულ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება (იხ.ს.ფ. 28);

 

3.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2016 წლის N314862 წერილის თანახმად. შპს ----------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ----------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: --------- ფართი: 4კვ.მ. ----------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე მდებარე: 1) ქ. ----------, ფართი 55.00 კვ.მ. 2) ქ. ---------- სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები), დაზუსტებული ფართობი: 5536.00 კვ.მ. ----------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე მდებარე: 1) ----------. სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 501.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 126.79 კვ.მ. განაშენიანების ფართი 146 კვ.მ. სართულიანობა 2. 2) ---------- (საკადასტრო კოდი: 26.01.51.009); სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4052.00 კვ.მ. სხვა ფართი: საერთო ფართი 48 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 36 კვ.მ. დამხმარე ფართი 12.6 კვ.მ. სართულიანობა 1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.11.2016 წლის N314862 წერილი (იხ. ს.ფ. 24-25);

 

3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.12.2016 წლის N317099 წერილით, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს ეცნობა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით შპს ---------- არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

---------- რეგისტრირებულია: შპს ----------ს კაპიტალში 40%-იანი წილის მესაკუთრედ.

---------- რეგისტრირებულია: შპს ----------ს კაპიტალში 50%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 30%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 37.595%-იანი წილის მესაკუთრედ.

---------- რეგისტრირებულია: შპს ---------- კაპილატში 50%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 30%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 67%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპილატში 37.5%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 10%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპილატში 100%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ. შპს ----------ს კაპიტალში 25%-იანი წილის მესაკუთრედ.

3.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.10.2016 წლის N274404 წერილით, შემოსავლების სამსახურის გადახდევინებების ღონისძიებების სამმართველოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით შპს ----------ს არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

3.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.10.2016 წლის N275049 წერილით, შემოსავლების სამსახურის გადახდევინებების ღონისძიებების სამმართველოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით შპს ----------ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია რაიმე უძრავ ნივთზე (ნივთებზე) არ განხორციელებულა. აგრეთვე შპს ----------ს სარგებლობის უფლებით (იჯარით, ქირით, თხოვებით და სხვა) სხვა პირის რაიმე ქონება რეგისტრირებული არ არის.

.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.12.2016 წლის წერილი N317099. (იხ.ს.ფ.26-27);

- 16.10.2016 წლის წერილი N274404. (იხ.ს.ფ.40);

- 16.10.2016 წლის წერილი N275049. (იხ.ს.ფ.41).

 

3.7 საქმეში წარმოდგენილი საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით თანხმებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად (დეკლარაციის სახე 1; საანგარიშო პერიოდი - ივნისი 2013 წელი), შპს ----------ს მიერ გაცემულია: 1) ----------: ხელფასი - 6000 ლ (დაკავებული თანხა-1200ლ); პროცენტი - 230 400 ლ (დაკავებული თანხა - 11520 ლ); 2) ----------: ხელფასი - 14000ლ. (დაკავებული თანხა-2800 ლ ); პროცენტი - 172800 (დაკავებული თანხა 8640ლ); 3----------: ხელფასი - 14000 (დაკავებული თანხა: 2800ლ); პროცენტი - 172800 ლარი (დაკავებული თანხა: 8640ლ); 4) ----------: ხელფასი - 6000 ლარი (დაკავებული თანხა: 1200ლ). წარმოდგენის თარიღი 15.07.2013 წელი.

 

საქმეში წარმოდგენილი საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად (დეკლარაციის სახე 2; საანგარიშო პერიოდი - ივნისი, 2013 წელი), შპს ----------ს მიერ გაცემულია: 1) ----------: ხელფასი - 6000 ლარი (დაკავებული თანხა: 1200 ლ ). 2) ----------: ხელფასი - 6000 ლ (დაკავებული თანხა - 1200 ლ); დივიდენდი - 85680ლ (დაკავებული თანხა-4284 ლ); 3) -----------: დივიდენდი - 85680 ლ (დაკავებული თანხა - 4284ლ) ელფასი - 14000ლ, (დაკავებული თანხა 2800ლ); 4) ----------; ხელფასი - 14000 (დაკავებული თანხა: 2800ლ); დივიდენდი - 85680ლ (დაკავებული თანხა - 4284 ლ). წარმოდგენის თარიღი 18.07.2013 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 30-33).

 

3.8..შპს ----------ს შედარების აქტი (01.01.2017-დან-11.01.2017-მდე) თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 794 488,3 ლარი, ჯარიმა - 47.38 ლარი, საურავი - 920 001.99 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შედარების აქტი (იხ.ს.ფ.59).

 

3.9.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით, მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის საჩივარი 2017 წლის 27 იანვრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არ გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

 

3.10.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2017 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის და 13 თებერვლის განჩინებები (იხ.ს.ფ. 69-74; 131-135);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 აპრილის განჩინება (იხ.ს.ფ. 139-149).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადების და მოსაკრებლის გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1 მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს. აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2 მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილებრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1 მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა - საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6. მუხლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამ კანონის 8.1. მუხლით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

6.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ---------- რეგისტრირებულია 28.04.206 წელს. საწარმოს დამფუძნებელ-პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: -----------30%; ----------40%; -----------30%. 2013 წლის ივლისის დეკლარაციის (N1) მიხედვით, საწარმოს საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით (საანგარიშო პერიოდი-ივნისი 2013 წელი) გაცემული აქვს: 1----------: ხელფასი - 600 ლ (დაკავებული თანხა-1200ლ); პროცენტი - 230 400ლ (დაკავებული თანხა -11520 ლ) 2) ----------: ხელფასი-14000ლ. (დაკავებული თანხა - 2800ლ) პროცენტი - 172800 (დაკავებული თანხა 8640ლ) 3) ----------: ხელფასი - 14000 (დაკავებული თანხა: 2800ლ); პროცენტი 172800 ლარი (დაკავებული თანხა: 8640ლ) 4) ----------: ხელფასი - 6000 ლარი (დაკავებული თანხა: 1200ლ). 2013 წლის ივლისის დეკლარაციის (N2) მიხედვით, საწარმოს საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით (საანგარიშო პერიოდი - ივნისი 2013 წელი) გაცემული აქვს: 1) ----------; ხელფასი -6000 ლარი (დაკავებული თანხა: 1200ლ). 2) ----------: ხელფასი-6000ლ (დაკავებული თანხა-1200ლ); დივიდენდი-85680ლ (დაკავებული თანხა-4284 ლ); 3) ----------: დივიდენდი-85680ლ (დაკავებული თანხა-4284 ლ); ხელფასი-14000ლ. (დაკავებული თანხა-2800 ლ); 4) ----------: ხელფასი-14000(დაკავებული თანხა:2800ლ); დივიდენდი -85680ლ (დაკავებული თანხა: 4284 ლ ). 2013 წლის 14 ივნისს რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რასაც გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 17 ივნისს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 19 მაისს N006-544 ბრძანებით შპს ----------ს ქონებას დაედო ყადაღა, რაც ჩაბარდა საწარმოს დირექტორს 2014 წლის 28 მაისს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით შპს ----------ს ერიცხება დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება 1 715 000 ლარის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.I მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ანწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალაინების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტუიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადამხდევინების უზღუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოისაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდიანრე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის აროდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემასხურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა. რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამევე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელებული პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2. მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიენიჭება უფლება, გადასახადის გადამხდელის შშპს ----------ს აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის, დეკლარირების საფუძველზე დარიცხული თანხის (გადასახადის დეკლარირების თარიღი: 2013 წლის 15-18 ივლისი) გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერად აღიარებული პირების მიმართ, განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესს, გამოიწვევს გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის აღდგენასა და ხანდაზმული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ახალი ვადის დაწესებას.

 

6.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.2. მუხლით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობების მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისატვის, რანდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ რომ გადასახადის გადამხდელი შპს ---------, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. (ხელფასის, პროცენტის და დივიდენდის გაცემა განხორციელდა 2013 წლის ივნისის თვემდე არსებულ საანგარიშო პერიოდში).

ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამარტლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

6.9 ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიაზრებს მოსარჩელის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ დამფუძნებლების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასი, პროცენტი და დივიდენდი არ შეიძლება გახდეს საწარმოს და მისი დამფუძნებელ-პარტნიორების, ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი. მით უფრო, რომ ხელფასის, პროცენტისა და დივიდენდის გაცემა განხორციელდა 2013 წლის ივნისის თვემდე არსებულ საანგარიშო პერიოდში (საგადასახადო/გირავნობისა და ქონებაზე ყადა\რის დადების შესახებ ბრძანების გამომცემამდე).

 

6.10 სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერტიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.11. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამრიგად სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეების - შპს ----------ს ----------ს, ----------ს, ----------ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. „ლ“ მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს---------- ცრუმაგიერ პირებად ----------ს, ----------ს, ----------ს ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე ლეილა მამულაშვილი