N 758 - 18/12/2020 - „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №758
2020 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/09/2019, 340170000.10.003.021483) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4
1. 2021 წლის 1 მარტამდე, საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის მიმართ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატი შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ, რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს გადაეცემა წერილობითი შეტყობინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით, ასლის სახით წარდგენილი ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის სსიპ – შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულების თაობაზე და განესაზღვრება ორიგინალის წარდგენის ვადა, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
3. ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე