თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება N 21002
15/06/2015
თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. 2012 წლის 1 იანვრიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე პერიოდში ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობის (ტენის შემცირების) საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ოდენობა განისაზღვროს ამ ბრძანების შესაბამისად.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თხილის გადამუშავებისა და შენახვისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 3 სექტემბრის №16141 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი
გიორგი თაბუაშვილი
დანართი №1
დებულება
თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.
თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის შესახებ დებულება (შემდგომში-დებულება) ადგენს ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიურ საშუალო ნორმას.
მუხლი 2.
ამ დებულების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის ნორმა - ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობისას (ტენის შემცირებისას) წონის კლების დასაშვები ოდენობა;
ბ) თხილის გადამუშავება - ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის გატეხვა ან/და შრობა.
მუხლი 3.
1. კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი/მოყვანილი თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ოდენობა განისაზღვროს 22%-ის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის გადამუშავებას ან/და ექსპორტს.