გადაწყვეტილება №24238/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24238/2/2024
12 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---- ის 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24238/2/2024).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.08.2024 წლის №045-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22223 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 29 119,09 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 16 133
ჯარიმა - 8 066
საურავი - 4 920,09
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ხეტყის/მერქნული რესურსების დამზადების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 22 ოქტომბერს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 13.06.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 1.08.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეორე მხარის ხელმოწერით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა მეწარმის 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელმა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა სააღრიცხვო მოწმობის არმქონე პირს. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნული გარემოებიდან და გადახდილი მომსახურების ღირებულებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზეც 12.08.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №18536 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 12.08.2024 წლის №045-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეორე მხარის ხელმოწერით, რომლის შედეგად დაკორექტირდა მეწარმის 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენს სააღრიცხვო მოწმობის არმქონე პირს, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილ დოკუმენტთან (გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ვორდის დოკუმენტი)) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება სატრანსპორტო საშუალების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.
ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საწვავის შეძენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად ახსნა-განმარტებებისა, რომ 2022 წელს შესრულებულ მომსახურებაზე გადმორიცხული თანხიდან, რომელმაც შეადგინა 82126 ლარი ხელფასად არ იყო გაცემული მთლიანი თანხა, საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. 2022 წელს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის საგანსაც წარმოადგენდა, საშეშე მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა, ანგარიშზე აგვისტოდან დეკემბრის თვეების ჩათვლით ჩაერიცხა 8 2126 ლარი. აქედან თანხების განკარგვა მოხდა შემდეგ ხარჯებში:
1. შეშის დამზადების ხარჯები - 58 050 ლარი
2. მუშების ხელფასი - 15 480 ლარი
3. გაუთვალისწინებელი ხარჯები - 8 400 ლარი სულ - 81 930 ლარი სულ გახარჯული იქნა შეშის დამზადებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით 81 930 ლარი. მათ შორის 15 480 ლარი გასცა ხელფასის სახით მუშებზე ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე), რაზეც მისი აზრით უნდა მომხდარიყო შემოწმების პერიოდში საშემოსავლო თანხის დარიცხვაც. 2022 წელს შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან (უხვი ნალექები) გამომდინარე შეუფერხდა ტყეკაფზე ხეტყის დამზადების საქმიანობა, ვეღარ ესწრებოდა სკოლებში და სატყეოს საწყობში შეშის შეტანა, რის გამოც მოუწია ხარჯების საგრძნობი გაზრდა. დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა შესაფერისი სამუშაოების არ არსებობის გამო. ასევე არის უმუშევარი და გადახდისუუნარო. ითხოვს ჩამოეწეროს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები, ვინაიდან არანაირი საშუალება არ გააჩნია მათი გადახდის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2024 წლის №104223-21-14 წერილის და საჩივრის განხილვის პროცესში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, პირს 2022 წელს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სსიპ სატყეო სააგენტოსთვის გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით მისაღებ შემოსავლად უფიქსირდებოდა 2333 ლარით მეტი რა ოდენობითაც დაკორექტირდა მის მიერ წარდგენილი აღნიშნული წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. აგრეთვე მომჩივნის მიერ წარდგენილ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი იყო ფიზიკური პირი, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გადახდილი თანხის ოდენობა დაიბეგრა წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით, რამაც შეადგინა 13 800 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ხეტყის/მერქნული რესურსების დამზადების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით.
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეორე მხარის ხელმოწერით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დაკორექტირდა მეწარმის 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები.
გადასახადის გადამხდელმა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან, ირკვევა, რომ მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა სააღრიცხვო მოწმობის არმქონე პირს. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 154; 105; 72.