გადაწყვეტილება №18862/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 18862/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18862/2/2023

7.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18862/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. 2020 წლის დეკემბრის და 2021 წლის იანვრის თვეში გაცემული ხელფასების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 372 558 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 226 080

დღგ - 77 998

საშემოსავლო გადასახადი -148 082

ჯარიმა - 112 873

საურავი - 33 605

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 25 აპრილიდან 2022 წლის პირველ მარტამდე პერიოდების, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6604 ბრძანებით შემოწმებული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 5 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18062 ბრძანება და 12 ივლისის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გაწეული ხარჯის ოდენობის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანება (გარდა მე-2 სადავო საკითხისა) გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და გადასახადის გადამხდელის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სულ შემოსავლის სახით მიღებული აქვს 966 706 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). დღგ-ის 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 819 242 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი სხვაობა (სალდირებულად სულ 433 323 ლარი დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2022 წლის 23 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სრულად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, გამოვლინდა სხვაობა სალდირებულად სულ 433 323 ლარის ოდენობით, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია წინა საგადასახადო შემოწმების შედეგებიც. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად მოახდინა დღგ-ის გაანგარიშება, არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, რომლებიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე, ასევე არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, არ არის გათვალისწინებული წინა კამერალური შემოწმების შედეგები, კამერალური შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 29 მარტს (თან ერთვის საჩივარს) ასევე თანდართულია საჩივარზე აუდიტის დეპარტემენტის 2021 წლის 11 მარტის №6604 ბრძანება, რომ: „ - დაინიშნოს შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, მარტისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით;“ ასე, რომ 2022 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტში დარიცხვა განხორციელდა ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდებზე და რამდენად კანონიერად მოხდა პერიოდის გადამოწმება (საგადასახადო კოდექსის თანახმად შემოწმებული პერიოდის გადამოწმება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება საწარმოსთვის არ წარმოუდგენიათ) აღნიშნული საკითხიც შესასწავლია დავების საბჭოს მიერ. 2022 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტით ხელმეორედ დაერიცხა თანხები, რომელიც დარიცხული იყო ზემოთ ხსენებული კამერალური შემოწმებით.

ითხოვს, აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნეს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში. გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 966 706 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 819 242 ლარი (დღგ-ის გარეშე) და რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, გამოვლინდა სხვაობა სალდირებულად 433 323 ლარის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზედმეტად 433 323 ლარის ოდენობით დადგენას და დაბეგვრას, რადგან ეს სამუშაოები არ არის შესრულებული, მერიას ჩაბარდა შემდგომ პერიოდში და შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა. ასევე, არ ეთანხმება იმ პერიოდი შემოწმებას, რომელიც უკვე შემოწმებულია წინა საგადასახადო შემოწმებით და განხორციელებულია თანხების დარიცხვა დღგ-ში. შემოწმების აქტის დანართად თანდართული გაანგარიშებით ირკვევა, რომ შემოწმდა 2020 წლის მარტის და ნოემბრის თვეც, შესაბამისად დარიცხვა განხორციელებულია პერიოდზე, რომელიც შემოწმებულია და საგადასახადო ორგანოს არ ქონდა უფლება, რა თქმა უნდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, იგივე პერიოდის ხელმეორედ შემოწმების.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ წინა შემოწმება რომელზეც აპელირებს მომჩივნის წარმომადგენელი, მოიცავდა ელექტრონულად გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის შემოწმებას, მიმდინარე შემოწმებით კი განხორციელდა სრული საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად, ერთი და იმავე თემაზე არ მოხდარა შემოწმება. იმ თვეებში, რომელზეც მიუთითებს მომჩივანის წარმომადგენელი, აღმოჩენილი იქნა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დგინდებოდა ოპერაციის განხორციელება, მაგრამ დაუსრულებელი რაც იყო, გაანგარიშება მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. 2020 წლის დეკემბრის და 2021 წლის იანვრის თვეში გაცემული ხელფასების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2021 წლის იანვრის თვეში გადასახადის გადამხდელს ხელფასის სახით გაცემული აქვს 10 000 ლარი, რომლის დეკლარირებაც შესაბამის საგადასახადო პერიოდებში არ განუხორციელებია.

შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გაცემული ხელფასები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 5 000 ლარის ოდენობის ხელფასის გაცემა 2-ჯერ, 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2021 წლის იანვრის თვეში, შესაბამისად, აღნიშნული ვერ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრულ პირობებს და მასზე ვერ გავრცელდებოდა საგადასახადო შეღავათი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნავს, რომ კომპანია სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დაწესებული შეღავათით და აღნიშნულის გამო არ მომხდარა გაცემული ხელფასების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას საჩივრის განხილვის დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2021 წლის იანვრის თვეში ხელფასის სახით გაცემული აქვს 10 000 ლარი, რომლის დეკლარირება და დაბეგვრაც არ განუხორციელებია.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დაწესებული შეღავათით და აღნიშნულის გამო არ მომხდარა გაცემული ხელფასების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალის შემოწმების მიერ გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 582 327 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რისი ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა.

შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და 727 908 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე მომჩივნის არგუმენტზე განმარტავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დასახელებული ნორმა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ მიღებულ შემოსავლებზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულადი ნაშთის (რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, აღნიშნულ მომსახურებას მოგებული ტენდერის შედეგად უწევს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და თბილისის მერიას, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა ხდება სხვადსხვა ფიზიკური პირებისაგან და აღნიშნული მწვანე ნარგავებით შესრულებულია სამუშაოები, რომელიც ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. ასევე, თუ გავაანალიზებთ, იმას, რომ კომპანიის მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 819 242.0 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დარიცხული ხელფასი შეადგენს 727 908.0 ლარს, რაც მთლიანი შემოსავლის 86%-ია, ე.ი. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით გამოდის, რომ კომპანიამ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შეიძინა მასალები და სხვა დამხარე ინვენტარი და ამისთვის გაწეული ხარჯები შეადგენს 91 336.0 ლარს. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხოლოდ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული შეძენები აქვს 288 485.9 ლარის. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან, კომპანიას ხარჯების დამდასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს. იმიტომ, რომ ჩაბარებულია სახელმწიფოსთვის, ხოლო ამ სამუშაოებზე გაწეულია/შეძენილია მწვანე ნარგავებიბიოლოგიური აქტივი, რომლებიც შეძენილია სხვადსხვა ფიზიკური პირებისაგან და აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, ითხოვს დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები შეადგენს 91 336 ლარს და არ იქნა გათვალისწინებული, რომ მხოლოდ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული შეძენების ოდენობა აქვს 288 486 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განესაზღვრა ხარჯი, ვინაიდან არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა მის მიერ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს. იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვისაა ჩაბარებული, ხოლო ამ სამუშაოებზე გაწეულია/შეძენილია მწვანე ნარგავები-ბიოლოგიური აქტივი, რომლებიც შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან და აღნიშნული საქონელი (გამწვანება), როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, ითხოვს რეალური დაბეგვრის ობიექტის დადგენას და შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის ნორმა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ მიღებულ შემოსავლებზე, ამდენად მომჩივნის არგუმენტი აღნიშნულ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულადი ნაშთის (რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირველი სადავო საკითხი-გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშებას.მომჩივანი ითხოვს, აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნეს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.

მეორე საკითხთან დაკავშირებით, კომპანია სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დაწესებული შეღავათით და აღნიშნულის გამო არ მომხდარა გაცემული ხელფასების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას საჩივრის განხილვის დროს.

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ითხოვს დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველი დავაო საკითხი-გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

მეორე სადავო საკითხი- გადამხდელს ხელფასის სახით გაცემული აქვს თანხა , რომლის დეკლარირებაც შესაბამის საგადასახადო პერიოდებში არ განუხორციელებია. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გაცემული ხელფასები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

მესამე სადავო საკითხი-შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა ფულადი მოგება/ნაშთი, რისი ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხი -საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

მეორე სადავო საკითხი - საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

მესამე სადავო საკითხი-საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),136,161,171,309(112).