გადაწყვეტილება №25843/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25843/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 11.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25843/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში დიპლომატიური პირებისათვის გაწეული მომსახურების ოპერაციების ჩართვა
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილს საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №021-55 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.08.2025 წლის №18519 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 559 968.06 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 313 340.33
ჯარიმა - 157 056.80
საურავი - 89 570.93
პროცედურული გარემოებები
კომპანია დაფუძნებულია 2021 წლის 19 თებერვალს, საქმიანობის სფეროა სარესტორნო მომსახურეობის გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 17 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14386 ბრძანება და №021-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.08.2025 წლის №18519 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.08.2025 წლის N18519 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში დიპლომატიური პირებისათვის გაწეული მომსახურების ოპერაციების ჩართვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიერ, კომპანიის ელექტრონული ბაზებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 3 433 169 ლარის ოდენობით, რაც დეკლარირებულ ბრუნვას აჭარბებს 1 745 669 ლარით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა შემოწმებისთვის დოკუმენტების მიწოდება, რომლის შედეგადაც დასარიცხი თანხების კორექტირება იქნებოდა შესაძლებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 68-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ, საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ რიგი ოპერაციები განხორციელებული აქვს დიპლომატიურ ან მათთან გათანაბრებულ პირებთან, რომლებისთვისაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან. შესაბამისად, ამგვარ პირებთან განხორციელებულმა ოპერაციებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ გადაეგზავნა დამუშავებული მონაცემები ექსელის ცხრილის სახით, რაზეც განმარტავს, რომ სალარო აპარატითა და ტერმინალებით გაწეული მომსახურეობის ნაწილში შესაძლოა იყოს ისეთი მომსახურეობა გაწეული, რომელიც დღგ-ის მიზნებისათვის არ განიხილებოდეს 18%-ით დასაბეგრ ბრუნვად (დიპლომატიური პირებისათვის გაწეული მომსახურეობა). კომპანია არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბაზის 3 433 169 ლარით განსაზღვრას. კომპანია მომსახურებას უწევდა ისეთ პირებსაც, რომლებიც შესაბამისი საკანონმდებლო აქტების თანახმად გათავისუფლებულნი იყვნენ დღგ-ისგან. აღნიშნულ პირებზე გაწეული მომსახურების თანხები უნდა გამოაკლდეს გაანგარიშებაში მოცემულ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგრილ მონაცემებს, რისთვისაც მიუთითებს ცხრილის სახით ასეთი პირების ჩამონათვალს, მომსახურების გაწევის პერიოდის და თანხების ოდენობების მითითებით და აღნიშნავს, რომ ითხოვს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან მცხოვრებ 4 ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის.
ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 68-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობა) ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი წარმომადგენელი ითხოვს საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებას, სავალდებულოა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
2. უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და საკონტროლოსალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, აღნიშნული ინფორმაცია და დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების შეძენის ფაქტი დაადასტუროს საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე ხელმოწერით და დაუბრუნოს იგი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს.
ამასთან, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ითხოვს საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში მიეთითება „ –“.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბაზის 3 433 169 ლარით განსაზღვრას და რომ მომსახურებას უწევდა ისეთ პირებსაც, რომლებიც შესაბამისი საკანონმდებლო აქტების თანახმად გათავისუფლებულნი იყვნენ დღგ-ისგან. მიაჩნია, რომ აღნიშნულ პირებზე გაწეული მომსახურების თანხები უნდა გამოაკლდეს გაანგარიშებაში მოცემულ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგრილ მონაცემებს, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის გაანგარიშებაში ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის გათვალისწინებას. ვინაიდან, მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული, სწორედ ზემოაღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
დარიცხვის ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების 5 ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, გადასახადის გადამხდელის საჩივრის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ არგუმენტთან, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულით განსაზღვრულია დღგის ჩათვლის მიღების საფუძველი და ჩათვლით სარგებლობის წესი და განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დღგ-ის თანხის ჩათვლის შესაძლებლობას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად დღგ-ს ჩათვლის მიღების საფუძვლების გარეშე. ასევე, ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც გათვალისწინებული დღგ არ არის ჩათვლილი და მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა დღგ-ის გაანგარიშებაში შემმოწმებელს გათვალისწინებული არ აქვს. ამდენად, ამ ნაწილში ითხოვს, ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არაა გათვალისწინებული დღგ-ის გაანგარიშებაში, შემმოწმებლის მიერ იქნეს გათვალისწინებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა დღგ-ის გაანგარიშებაში შემმოწმებელს გათვალისწინებული არ აქვს და ითხოვს, მათ დღგ-ის გაანგარიშებაში გათვალისწინებას. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, სწორედ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №021-55 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 157 056.80 ლარი და განესაზღვრა საურავი 89 570.93 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ში დარიცხვა, რაც შემოწმების აქტშია განხილული, გადასახადის გადამხდელის არცოდნითაა გამოწვეული. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლები არ ითხოვდნენ შესაბამის შესყიდვის დოკუმენტებს (მათ შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს). კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე (სარესტორნო მომსახურება), კომპანია საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის მიღებას ახორციელებს თვის განმავლობაში განხორციელებული ბრუნვის, საშუალოდ 52%-ის ოდენობით. ანუ, პირობითად თვის განმავლობაში მიღებულ 1 000 ლარ შემოსავალზე, შეძენილი საქონლის/მომსახურების წილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეადგენს 520 ლარს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება იმითაც, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო სამეურნეო ოპერაციებზე პირველადი დოკუმენტების მოთხოვნა, თანაფარდობა მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯს (რაზედაც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები) შორის პროპორციით ხორციელდება. ანუ, ამით უნდა თქვას, რომ 1 745 669 ლარის შემოსავლის მიღებას დაჭირდებოდა ამ თანხის 52% (როგორც აღნიშნა, ასეთი პროპორცია დგება სამეურნეო ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად მიღების შემდეგ). შესაბამისად, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კომპანიის მიმართ, რომლის საქმიანობის მიზანს არ წარმოადგენდა ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების ხარჯზე შეღავათის მიღება, დაერიცხება ის სამართლიანი გადასახადი, რაც რეალურად შეიძლება დაერიცხოს მათ შემოსავალს. ანუ კომპანია, რომელსაც არანაირი საშუალება არ აქვს შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის გადახდის, დაერიცხოს ობიექტურად და სამართლიანად გაანგარიშებული გადასახადი, რომელიც მას დაერიცხებოდა სწორად, ფინანსური აღრიცხვის მცოდნე პირს რომ ეწარმოებინა ყველა ოპერაცია.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს შემოწმების აქტის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა-საურავის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად, გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით. განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში დიპლომატიური პირებისათვის გაწეული მომსახურების ოპერაციების ჩართვა
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილს საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია დაფუძნებულია 2021 წლის 19 თებერვალს, საქმიანობის სფეროა სარესტორნო მომსახურეობის გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის N18519 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოწმების მიერ, კომპანიის ელექტრონული ბაზებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 3 433 169 ლარის ოდენობით, რაც დეკლარირებულ ბრუნვას აჭარბებს 1 745 669 ლარით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა შემოწმებისთვის დოკუმენტების მიწოდება, რომლის შედეგადაც დასარიცხი თანხების კორექტირება იქნებოდა შესაძლებელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 172 (3); 174 (1); 175 (1); 176 (1); 269 (7).