გადაწყვეტილება №19153/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19153/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19153/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №081-143 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3990 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 189 479 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 257
მოგების გადასახადი - 21 089
საშემოსავლო გადასახადი - 60 168
ჯარიმა - 67 528
საურავი - 40 694
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერები, მიღებული და გაწერილი ელექტრონული დოკუმენტები, შესყიდვის აქტები) დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც საკასო ხარჯის გათვალისწინებით განხილული იქნა ფიზიკურ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, სესხზე გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმები ამავე კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 1.04.2021 წლის №9706 ბრძანება და 2.04.2021 წლის №081- 68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 150 034 ლარით, მათ შორის: გადასახადი 105 895 ლარით, ჯარიმა 44 139 ლარით.
აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 10.08.2022 წლის №081-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების დროს შემოწმებისას საქონლის შესყიდვის აქტებზე მოხდა ყურადღების გამახვილება მხოლოდ, ხოლო სხვა დანარჩენი ხარჯების შესახებ სადავო აქტებში არაფერია ნათქვამი, მაშინ როცა შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მომსახურების ხარჯების გაწევის დოკუმენტი, რაც არ იქნა გათვალისწინებული. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილბოსტნეულის, ხორცისა და რძის ნაწარმის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და მიწოდება მომსახურების ობიექტებზე, ძირითადად სასტუმროებსა და რესტორნებზე, მიწოდება ხდებოდა ადგილზე მიტანით, დისტრიბუციის სახით. ამ სახის საქმიანობა სატრანსპორტო მომსახურებასთან არის დაკავშირებული და მისი სხვაგვარად განხორციელება ფაქტიურად შეუძლებელია. შესაბამისად მიაჩნია, რომ სატრანსპორტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯებით უნდა შემცირებულიყო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და შესაბამისად უნდა შემცირებულიყო მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ასეთ შემთხვევაში კი სადავო დარიცხვები კიდევ მეტად უნდა შემცირებულიყო, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია.
საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი მარტო საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი არ არის და ეს არის მთელი ჯაჭვი მომსახურებისა, რა დროსაც ყოველ საფეხურზე ხდება ხარჯების გაწევა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ხარჯი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა, მხოლოდ ერთ სატრანსპორტო მომსახურებაზე ისაუბრა – თუმცა ამ ნაწილშიც იყო შემთხვევები, როცა დამატებით სხვა გადამხდელების მომსახურებითაც სარგებლობდა – რომ საქმიანობის/მომსახურების უწყვეტობა დაცული ყოფილიყო. ასევე იყო შემთხვევები, როცა საქონლის დასაწყობებისათვის/მომარაგებისათვის უხდებოდა დამატებით შესაბამისი ფართის დაქირავება სხვა მეწარმე სუბიექტებიდან – რომ კლიენტები სტაბილურად ღებულობდნენ მომსახურებას და არ ყოფილიყო რაიმე ჩავარდნები/შეფერხებები მომსახურებაში. აღნიშნულის გამო კომპანიის მოგება ფაქტიურად მიზერული იყო – ეს იყო გათვლა შემდგომ პერიოდში ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობაზე, მეტი კლიენტის მოზიდვაზე/მოძიებაზე და ისე არ ყოფილა რომ ერთ ან 2-3 წელიწადში დიდ ბიზნესად გადაქცეულიყო მისი საქმიანობა და ასიათასობით ლარის შემოსავლები ენახა – თანხების უქონლობის გამო ქირავნობის, სხვა პირების მომსახურების ხარჯზე ხდებოდა საქმიანობა, ამ სახის დამატებითი ხარჯები კი საგრძნობლად ამცირებდა კომპანიის მოგებას, რომ არაფერი არ ვთქვათ საქონლის გაფუჭებაზე/განადგურებაზე, რომელიც უშუალოდ კომპანიის ზარალი იყო და ამ ზარალში არავინ არ შემოდიოდა.
საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა არასწორია.
სალაროში თანხების მოძრაობის (ფულის ნაშთის) შესწავლისას შემმოწმებელს სხვა მესამე პირებისაგან (მათ შორის დამკვეთებისაგან, საქონლის/მომსახურების მომწოდებლებისაგან, მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებისაგან) საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციების გამოთხოვის გზით უნდა გაერკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, უნდა დაედგინა შესამოწმებელ პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული ფაქტიური ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით მოეხდინა მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დაზუსტება - რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების 9.06.2021 წლის №18355 აღსრულების დროს დაშვებული იქნა ხარვეზი – სადავო დარიცხვები კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3990 ბრძანება არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს, თავდაპირველ საჩივარში მითითებულია საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეულ სხვა ხარჯებზე, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე და ისე არ ყოფილა, რომ შემდეგ გვიან გაახსენდა გადამხდელს ასეთი ხარჯების შესახებ და/ან დაგვიანებით წარადგინა დოკუმენტი სატრანსპორტო ხარჯებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც გადამხდელი აღნიშნავდა რომ შესამოწმებელ პერიოდში ასევე სარგებლობდა სხვა მომსახურებებით, რაშიც ასევე გადახდილი იქნა გარკვეული თანხები სხვა მეწარმე სუბიექტებზე, რომელიც ასევე გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებს მიეკუთვნება. ასეთი თანხებით უნდა შემცირდეს მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტები.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა მეწარმე სუბიექტი და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და არ არსებობდა ასეთი თანხების ხარჯებიდან ამოღების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანია ფართის იჯარის, სხვადასხვა მომსახურების ან/და სხვა თანხები, რომლებიც ასევე შემოსავლების მიღებასთან (გადამხდელის საქმიანობასთან) დაკავშირებული ხარჯებია და ასეთი თანხებით ასევე უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
საქონლის შეძენის გარდა სხვა (მათ შორის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა (მათ შორის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევას ადგილი არ ჰქონია.
გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა პასუხისმგებელი/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი განცხადება მასზედ, რომ მის მიერ გაწეული იქნა საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურება და რამდენს შეადგენდა მომსახურების თანხები. განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებლის მიერ გადამოწმებული იქნა სატრანსპორტო მომსახურების საკითხი, თუმცა საქმის მასალებს არასწორი შეფასება მიეცა. შემმოწმებელი თვლის, რომ მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით თავის დროზე დოკუმენტის არ შედგენის გამო არ უნდა მოხდეს ასეთი ხარჯების გათვალისწინება, რაც არასწორია. აშკარაა რომ საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები უშუალოდ და პირდაპირ დაკავშირებულია გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან და სხვა ხარჯების შესახებ თავის დროზე გადამხდელის საჩივარშიც იყო მითითებული და ამ ნაწილში გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა კიდეც და თუ თავის დროზე მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ არ/ვერ შედგა შესაბამისი დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას რომ ასეთი ხარჯების გათვალისწინება არ უნდა მოხდეს; ეს არის მეწარმე სუბიექტი - შპს „-----“ ს/ნ ----- (მოცემულ შემთხვევაში გადამხდელის მიერ საქონლის შეძენასთან/დისტრიბუციასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების ხარჯი შეადგენდა სულ 96000 ლარს), რომელმაც მოახდინა სატრანსპორტო მომსახურება და ამ მომსახურებაში მასზე მის მიერ გადახდილი იქნა მომსახურების თანხები – რასაც არ უარყოფს და წერილობით ადასტურებს/აღიარებს შპს „-----“ ს/ნ -----. შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე სანქცია დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ სრულად არ/ვერ ხდება ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება; თუმცა როგორც ზემოთ აღნიშნა, არც შემმოწმებლის მხრიდან არ ხდება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით (სსკ-ის 73.5 მუხლი) გაანგარიშება. მოცემულ შემთხვევაში გადასახადებისათვის თავის არიდების მცდელობას (არაკეთილსინდისიერებას) ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ ფიქსირდება.
გასაჩივრებული აქტებით სადავო თანხები გადამხდელზე დარიცხული იქნა იმის გამო, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი ჩათვლილი იქნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად, რომელიც განხილული იქნა ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) -----ზე პ/ნ -----) გაცემულ უპროცენტო სესხად, აღნიშნული თანხები დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის -----ას (პ/ნ ------) მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით - რაც არასწორია.
შესაბამისად თვლის, რომ ამ ნაწილში გადამხდელის მიმართ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დარიცხული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა 287 995 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტები. რომლის საფუძველზე დაკორექტირდა საწარმოს ხარჯები შესამოწმებელ პერიოდზე ჯამურად 287 995 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოანგარიშებული ფულის ნაშთი, ამასთან გადამხდელმა წარადგინა სხვა არგუმენტაცია ფულადი ნაშთის შემცირების მიზნით, რაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არ წარმოადგენს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადამხდელის მიერ დამატებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 150 034 ლარით, მათ შორის: გადასახადი 105 895 ლარით, ჯარიმა 44 139 ლარით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №33518-21-14 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს რომ გადაანგარიშების შედეგად არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების თანხები, რომლებიც თითქოსდა გადაუხადა შპს „-------“ (ს/ნ -------). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს თავის სახელზე უფიქსირდებოდა 5 სატრანსპორტო საშუალება, ასევე შეძენილი აქვს საწვავი, რომელსაც თავისივე განმარტებით იყენებდა მომსახურების გაწევისას. შემოწმების დაწყებისას ზეპირი განმარტებით გადამხდელმა დააფიქსირა რომ საქმიანობას ახორციელებდა შპს „-----“-ზე რეგისტრირებული ავტომანქანებით და სატრანსპორტო მომსახურება სხვა საწარმოსგან არ მიუღია. შემოწმების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი იქნა საჩივარი სადაც გადამხდელი აფიქსირებდა, რომ მიღებული აქვს სატრანსპორტო მომსახურება შპს „------“ (ს/ნ ------) და გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების თანხები და ითხოვდა აღნიშნული თანხების ჩართვას საწარმოს ხარჯებში. გადაანგარიშებისას აღნიშნულის (სატრანსპორტო მომსახურება) დასადასტურელად საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოვითხოვეთ ინფორმაცია შპს „-------“ (ს/ნ ------), თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა და ასევე გადამხდელი ელექტრონულ გვერდზე შეტყობინებას დღემდე არ გაცნობია. ასევე შპს „-----“ (ს/ნ ------) აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს, თუმცა არც შპს „------“-ის მიერ მითითებულ პერიოდში და არც სხვა პერიოდში საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება, არ აქვს გაწერილი მომსახურების შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები, არ აქვს გაცემული ხელფასი და არ აქვს ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო მომსახურებაზე შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით შპს „------“ არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „------“ (ს/ნ ------) დირექტორი ------ (პ/ნ ------) საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით საქონლის გადაზიდვისას დაფიქსირებულია, როგორც მძღოლი.
მომჩივანმა 10.05.2023 წელს დამატებით წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ი/მ ------- (ს/ნ ------ განცხადება 1.01.2017-1.09.2020 წლამდე პერიოდში საოფისე/სასაწყობე ფართის საქვეიჯარო მომსახურებაზე მომჩივნისაგან მიღებული თანხის შესახებ.
მომჩივანი წარმოადგენს მხოლოდ სატრანსპორტო და საქვეიჯარო მომსახურების გაწევის შესახებ ზემოთ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებს, რაზეც არ არსებობს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა) ან სხვა სახის შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ დასახელებული ოპერაციების არსებობას, შესაბამისად მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების გათვალისწინების და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე (ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომლებიც 9.06.2021 წლის №18355 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18355 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საბჭომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2..გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოება
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობისაუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც საკასო ხარჯის გათვალისწინებით განხილული იქნა ფიზიკურ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად. გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, სესხზე გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმები. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა რაც კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტიება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 ( 21 ); 304 (1 „გ“)