ბრძანება N 9175

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 9175
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9175

19 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---“-ის (ს/ნ ---)

(მის: ---)

2024 წლის 1 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი N40) განიხილა შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) N88800/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 მარტის NCB1605474 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აგს ახდენს საწვავის საცალო რეალიზაციას, სადაც აქვთ ექვსი მოქმედი სვეტი, რაზეც ყოველწლიურად გეგმიურად ახორციელებენ როგორც სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, ისე საგადასახადო ლუქების დადებას. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ აქვს მე-7 სათადარიგო სვეტი, რომელიც არ ფუნქციონირებს და ის არ არის მიერთებული ავზთან და ელექტროობასთან. სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ არ დაადო ლუქი, რადგან არასამუშაო რეჟიმშია და ვერ ადგენს სითბოს დოზირებას და არ არის მიერთებული ავზთან. საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც ოქმის შემდგენი ოფიცრების მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის და დიზელის შეძენარეალიზაცია. 2024 წლის 25 მარტს შპს „---“-ის (ს/ნ---) კუთვნილ ობიექტზე (აგს) (მის: ----), შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 თებერვლის N4581 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ავტოგასამართ საკომპრესორო სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ლუქების დათვალიერება. აღნიშნულ ობიექტზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევა, კერძოდ მე-7 სვეტზე მრიცხველ და მადოზირებელ მექანიზმზე არ იყო დადებული საგადასახადო ლუქები, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ 2024 წლის 25 მარტს შედგენილ იქნა NCB1605474 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლის მიხედვით:

1. ავტოგასამართ სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აგს), ასევე აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აირსავსები სადგური) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით.

2. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

3. აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით.

5. საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის მიერ ობიექტზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევა, კერძოდ დარღვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიმართ 2024 წლის 25 მარტს შედგენილ იქნა NCB1605474 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 281 (9).