გადაწყვეტილება №21136/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.02.2024
№ დოკუმენტი 21136/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21136/2/2023

08 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21136/2/2023).

 

დავის საგანი:

1. 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე ზედმეტად დეკლარირებული გაცემული ხელფასის გათვალისწინება;

2. განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №006-376 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25151 ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 227 633,16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 128 782

დღგ - 5 851

საშემოსავლო გადასახადი - 122 931

ჯარიმა - 84 748

საურავი - 14 103,16

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №006-376 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე ზედმეტად დეკლარირებული გაცემული ხელფასის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შესრულებებს ახორციელებს როგორც ტენდერის გზით, ასევე როგორც ქვეკონტრაქტორი. ძირითადი ნაწილი (80%) შესრულებული აქვს ტენდერებით. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის არ წარმოუდგენია. წარმოადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერები, სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციები. შემოწმების დანიშვნამდე დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საკითხის შესწავლა, რის საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე დაადეკლარირა 875 000 ლარი დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში (მე-5 გვ.) აღნიშნულია, რომ თითქოს გადამხდელი სრულყოფილად არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. წარმოადგინა ცნობები და ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან. აღნიშნული მიდგომა არ არის სწორი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები, ეს იქიდანაც ჩანს, რომ შემმოწმებელი მიუთითებს, რომ „წარმოადგინა ცნობები ... და ა.შ“. ამგვარად, თუ კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ცნობები ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა საბანკო ამონაწერების გარდა სხვა დოკუმენტების წარდგენასაც, რაც თავისი შინაარსით გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ თითქოს გადასახადი გადამხდელი თავს არიდებდა დოკუმენტაციის წარდგენას შესამოწმებლად.

ამავე გვერდზე (მე-5 გვ.) აღნიშნულია შემდეგი: შემოწმების დანიშვნამდე გადამხდელთა ჩატარებული დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ მოხდა საკითხის შესწავლა, რის საფუძველზეც გადამხდელმა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში დაადეკლარირა 875 000 ლარი, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მართალია, რომ დეკლარირებული იყო 875 000 ლარი, თუმცა აქ იყო მექანიკური შეცდომა და დეკლარირებული უნდა ყოფილიყო არა 875 000 ლარი, არამედ 675 000 ლარი, შემოწმება უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის ინტერესების და უფლებების დაცვის მიმართულებითაც, შესაბამისად გამოვლენილი უნდა ყოფილიყო ეს უზუსტობა და გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა დეკლარაციის დაკორექტირება და დეკლარირებული 875 000 ლარის ნაცვლად, მისცემოდა შესაძლებლობა, რომ მოეხდინა კორექტირება დეკლარაციაში 675 000 ლარამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია, ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №9948 ბრძანებით და მოიცავდა 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე პერიოდს.

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების დანიშვნამდე დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საკითხის შესწავლა, რის საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე დაადეკლარირა 875 000 ლარი დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს -------თან (ს/ნ -----) სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 562 000 ლარზე. სალაროს ნაშთის გაანგარიშების შედეგად თანხა გამოვიდა 366 456 ლარის ოდენობით, ანუ იმაზე ცოტა, ვიდრე იყო სესხის ხელშეკრულებაში მითითებული. კომპანიის დირექტორმა ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ თქვა, რომ იტყოდა თითქოს 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე ხელფასის დეკლარირება შეეშალა, რომ მერე სალაროს ნაშთი ეყოს ხელშეკრულებაში აღნიშნულ სესხის თანხას.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, საგადასახადო შემოწმების განხორციელების დროს გადასახადის გადამხდელის ინტერესების ან/და უფლებების დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორის და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები (შინაარსი - სესხი და საქვეანგარიშო), შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად 1 724 909 ლარის ოდენობით, ხოლო დაბრუნებულია 492 000 ლარი. შემოწმებით გატანილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანად, ხოლო საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული თანხები სალაროდან თანხის დაბრუნებად. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები, როგორც ბანკის ანგარიშებზე, ასევე სალაროში. გაწეული ხარჯები, როგორც ბანკის ანგარიშებიდან, ასევე სალაროდან (მათ შორის გათვალისწინებულ იქნა დეკლარირებული ხელფასები). აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უნდა ყოფილიყო ნაღდი ფულის ნაშთი 366 456 ლარის ოდენობით. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელმა სალაროში ნაღდი ფულის არ არსებობის მტკიცებულებად წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს -------თან (ს/ნ ------) დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „-------“-ის ყოფილი დირექტორი ------- (პ/ნ ------), რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია. შპს ------- არ საქმიანობს და არ ჰყავს უფლებამონაცვლე პირი, შესაბამისად საზოგადოებისგან ვერ მოხდა ინფორმაციის მოწოდება სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ ან/და მომავალში გამოყენების საფუძველი. ასევე, შპს „-------“-ის დამფუძნებლის -------ს (პ/ნ -------) მიერ ვერ მოხდა სესხის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი მტკიცებულებების მოწოდება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების შესწავლის შედეგად არ დგინდება შპს -------ს (ს/ნ -------) მიერ სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და რაიმე სხვა აქტივობა. შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორისა და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდებოდა. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის არ არსებობის მტკიცებულებად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „-------თან“ დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „--------“-ის ყოფილი დირექტორი -------, რომელიც შემოწმების პერიოდისათვის გარდაცვლილი იყო. აგრეთვე, სესხის ხელშეკრულებას ორივე მხრიდან ხელს აწერდა მხოლოდ -------. შემოწმების მიმდინარეობისათვის შპს „---------“ აღარ საქმიანობდა და არ ჰყავდა უფლებამონაცვლე პირი, შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმაციის მოწოდება სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ. ასევე, შპს „-------“-ის დამფუძნებლის -------ს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, --------მ სესხად გატანილი თანხა გამოიყენა პირადი მოხმარებისათვის. ამდენად, შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში (მე-11 გვ.) აღნიშნულია შემდეგი: გადამხდელმა სალაროში ნაღდი ფულის არ არსებობის მტკიცებულებად წარმოადგინა შპს -------თან დადებული სესხის ხელშეკრულება .... შემოწმების მიერ სალაროს განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით.

შემოწმების ჯგუფს მიეწოდა მტკიცებულება, რომ 2.03.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანსა და შპს --------ს შორის გაფორმებული იყო სესხის ხელშეკრულება 562 000 ლარზე და ამ კომპანიისაგან გასულია აღნიშნული თანხა. ამიტომ შემოწმების პოზიცია, რომ სალაროში უნდა ყოფილიყო 366 456 ლარი, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს თანხა იყო სესხად გაცემული და სალაროში შესაბამისად ნაშთი ვერ იქნებოდა.

საგადასახადო შემოწმების აქტით არასწორად განხორციელდა თანხების დარიცხვა, სესხის ხელშეკრულება არ იქნა გათვალისწინებული და სესხად გაცემული თანხები ჩაითვალა შემოსავლად და კომპანიას დაერიცხა უკანონოდ ძირითადი გადასახდელი, ჯარიმა და საურავი.

2.03.2021 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა საგადასახდო მოთხოვნაში და გათვალისწინებული იქნეს ის ფაქტი, რომ 562 000 ლარის სესხად გაცემის შემდეგ სალაროში არ იქნებოდა იმ რაოდენობის ნაღდი ფული, რასაც შემოწმება წერს და ამ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს 2022 წლის აგვისტოს თვის დეკლარაციის რევიზია და დეკლარირებულ თანხაში 875 000 ლარი ჩაითვალოს მექანიკურ შეცდომად და უნდა დაკორექტირდეს 675 000 ლარამდე. ხოლო ბიუჯეტში გადასახდელი გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 177 788 ლარიდან - 135 000 ლარამდე, რისი გათვალისწინებაც რევიზიამ არ მოახდინა და ჩათვალა ხელზე აღებული ხელფასი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შპს -------ს (ს/ნ ------) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „-------“-ის ყოფილი დირექტორი ------- (პ/ნ ------), რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია. სესხის ხელშეკრულებაზე ორივე მხარეს ხელს აწერს ერთი და იგივე პირი. გარემოებები მიუთითებს, რომ ხელშეკრულება რეალური არ არის. ასევე არ დასტურდება თანხის გაცემა, არ არის წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერი, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ასევე, მეორე მხარისგან ვერ ხდება სესხის ვალდებულების დადასტურება. შპს ------- არ საქმიანობს და არ ჰყავს უფლებამონაცვლე პირი. არ დგინდება შპს ------ს (ს/ნ ------) მიერ სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და რაიმე სხვა აქტივობა.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული წინადადება „შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების შესწავლის შედეგად დგინდება შპს ------ს (ს/ნ -------) მიერ სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და რაიმე სხვა აქტივობა“, მიუთითებს, რომ მსესხებელმა სესხის თანხა გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში და შემმოწმებელიც ამაზე მიუთითებს.

საბჭო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მითითებული საქმის გარემოებებით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში წინადადება მითითებულია მექანიკური შეცდომით და გადმოცემულია აზრი, რომ არ დგინდება შპს -------ს (ს/ნ ------) მიერ სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და რაიმე სხვა აქტივობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე ზედმეტად დეკლარირებული გაცემული ხელფასის გათვალისწინება;

2. განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შესრულებებს ახორციელებს როგორც ტენდერის გზით, ასევე როგორც ქვეკონტრაქტორი. ძირითადი ნაწილი (80%) შესრულებული აქვს ტენდერებით. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის არ წარმოუდგენია. წარმოადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერები, სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციები. შემოწმების დანიშვნამდე დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია საკითხის შესწავლა, რის საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე დაადეკლარირა 875 000 ლარი დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

2. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დირექტორის და ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან პერიოდულად გატანილი იყო თანხები (შინაარსი - სესხი და საქვეანგარიშო), შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად 1 724 909 ლარის ოდენობით, ხოლო დაბრუნებულია 492 000 ლარი. შემოწმებით გატანილი თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანად, ხოლო საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული თანხები სალაროდან თანხის დაბრუნებად. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები, როგორც ბანკის ანგარიშებზე, ასევე სალაროში. გაწეული ხარჯები, როგორც ბანკის ანგარიშებიდან, ასევე სალაროდან (მათ შორის გათვალისწინებულ იქნა დეკლარირებული ხელფასები). აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უნდა ყოფილიყო ნაღდი ფულის ნაშთი 366 456 ლარის ოდენობით. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ, სალაროს განკარგვადი თანხა საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, საგადასახადო შემოწმების განხორციელების დროს გადასახადის გადამხდელის ინტერესების ან/და უფლებების დარღვევაზე მითითება უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობი შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 153(5), 154(1"ა")(4), 69(1), 73(9"ა""ბ"), 101(1).