N 34 - 03/02/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №34
2023 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 733 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:
„10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად;
ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №III-241.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე