ბრძანება N 1337

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2025
№ დოკუმენტი 1337
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1337

03 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.„--------“ )

2025 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----- - ის“ (ს/ნ „--------“) №93740/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №EL271033, №EL271034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/129 (№041-129) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული 1 ადგილი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქონლის ფიზიკური დათვალიერება განახორციელა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ მებაჟე ოფიცერმა, როცა გახსნა შეფუთული და მთლიანობა დაურღვეველი შეფუთვა, საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შესყიდვის დოკუმენტში მითითებული 50 ცალი ელ.სიგარეტის ნაცვლად, აღმოჩნდა 10 ცალი ელ. სიგარეტით ნაკლები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადეობრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დადგენილი წესით ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. შესაბამისად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სამართალდარვევას და კომპანიის ბრალეულ ქმედებას. მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს სამართალდარვევას. ვინაიდან შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო, არც დაზიანებული, კომპანიისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა საქონლის დანაკლისი, რაც მისი მითითებით, ცალსახად გამორიცხავს პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული ორგანო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქონელი წარმოდგენილი იყო შეფუთული, თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული იყო 1 ადგილი, შესანახად წარმოდგენილი ტვირთის შეფუთვის რაოდენობა ემთხვეოდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული საქონლის სახეობასა და შეფუთვის რაოდენობას, შეფუთვა დაღვეული არ იყო, რაც გამორიცხავდა შეფუთვების შიგნით არსებული საქონლის რაოდენობის გადათვლას კომპანიის მიერ. ასევე მიაჩნია, რომ ვინაიდან საქონელი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და კომპანია ვერ ჩაერევა კერძო მესაკუთრის საკუთრების ინტერესებში. სამართალდარღვევა იმაში გამოიხატა, რომ განკარგულ იქნა 10 ცალი ელ. სიგარეტი, რაზეც მესაკუთრეს პრეტენზია არ გამოუხატავს, არ მოუთხოვია მისთვის საქონლის დაბრუნება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 მაისის №"--------" დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „-------- - ის“ (ს/ნ „--------“) საბაჟო საწყობში („--------“) 175 დღით იქნა შენახული ი/მ "--------"-ს (პ/ნ „--------“) კუთვნილი საქონელი – 50 ცალი ელექტრონული სიგარეტი.

ვინაიდან, ამოიწურა მითითებული დეკლარაციით განსაზღვრული ვადა და ი/მ „--------“-ს მიერ არ განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, ასევე ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა და №„--------“ დეკლარაციით დროებით შენახული საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა ფორმალობები შესრულებულა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-------- - ის“ (ს/ნ „--------“) საბაჟო საწყობში („--------“) არსებული საქონლის დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა №„--------“დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ რაოდენობას. კერძოდ, ელექტრონული სიგარეტის ნაშთმა ნაცვლად №„--------“ დეკლარაციაში მითითებული 50 ცალისა, შეადგინა 40 ცალი (აქტი ნ/გ 18.07.2024).

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL271033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------- - ს“ (ს/ნ „--------“) „--------“-თან (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL271030) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 127.44 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამავე დღეს გამოიცა №EL11111/129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---------- - იდ “ (ს/ნ „--------“) დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 127.44 ლარი (იმპორტის გადასახადი 3.52 ლარი; დღგ 23.92 ლარი; აქციზის გადასახადი 100 ლარი) და საურავი 34.75 ლარი.

ამასთან ერთად, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა №EL271034 (26.12.2024) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა

გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მფლობელმა, პროცედურის მფლობელმა (გარდა ტრანზიტის პროცედურის მფლობელისა) ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ანდა თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას, უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად. ხსენებული დანართი კი ითვალისწინებს საქონლის დასახელების, რაოდენობის, წონის/მოცულობის (კგ, ლიტრი და სხვა) შესახებ მონაცემების აღრიცხვას. „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამდენად დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას. ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ხოლო ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „-------- -ის “, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის თანახმად, აქვს საქონლის სათანადო აღრიცხვის ვალდებულება, რაც გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, მათ შორის, დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დროებით შენახვის დეკლარაციით მომჩივანს საბაჟო საწყობში შენახული ჰქონდა ი/მ-ის კუთვნილი საქონელი – 50 ცალი ელექტრონული სიგარეტი.

ვინაიდან, ამოიწურა მითითებული დეკლარაციით განსაზღვრული ვადა და ი/მ-ის მიერ არ განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, ასევე ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა დადეკლარაციით დროებით შენახული საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა ფორმალობები შესრულებულა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის საქონლის დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდადროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ რაოდენობას.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე,შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი.

ამასთან ერთად, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

112,163,172.