გადაწყვეტილება №22069/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 22069/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22069/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 25.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22069/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერება;

2. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის №006-62134 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

2. მომსახურების დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №21-11/95380 წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33607 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანზე, 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, არსებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით განცხადების პასუხად, გადასახადის გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 4.12.2023 წლის №21-11/95380 წერილით.

გადასახადის გადამხდელმა, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების გაუქმების და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის თაობაზე, საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33607 ბრძანებით საჩივრები:

- საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 17.11.2023 წლის №006-62134 შეტყობინების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა;

- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გპაბ) დარიცხული დღგ-ის ნაწილში - დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33607 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერება

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 24 385.43 ლარი, საურავი 24.39 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 17.11.2023 წლის №006-62134 შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ მომხმარებლის ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 20 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ბარათზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი 50 930.85 ლარი, საურავი 544.04 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 24 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და №3/6689-22 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოითხოვა მოვალის, შპს ------ს ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღნიშნული წარმოების ფარგლებში განხორციელდა ორი უძრავი ნივთის რეალიზება, მდებარე ქ. თბილისში, -----ს ქ. №---, საკადასტრო კოდებით ------- და ----------.

თავდაპირველად განხორციელდა ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საზაფხულო ფართის გასხვისება და გამოიცა განკარგულება, რომლის მე-4 პუნქტში აღინიშნა, რომ ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დღგ შეადგენს 26 545.42 ლარს.

აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის თანახმად, კრედიტორის აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა, ანუ მოვალის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 304 898.38 ლარს, ხოლო გადახდილმა თანხამ შეადგინა 326 241.27 ლარი. 2023 წლის 14 ნოემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დასრულდა სააღსრულებო წარმოება კომპანიის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიმართვის შედეგად, რეალიზებული იქნა მოვალის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთები და სრულად დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა. ამასთან, ქონების შემძენთა მიერ გადახდილი თანხები მოიცავდა დღგ-საც, რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ კომპანიას არ ეკისრება ხელმეორედ დღგ-ის თანხის ჩარიცხვის ვალდებულება.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2023 წლის 15 ნოემბერს კომპანიას დაერიცხა პირადი აღრიცხვის ბარათზე 50 930.85 ლარი, როგორც კომპანიის ქონების იძულებითი რეალიზაციის საფუძველზე დაკისრებული დღგ. საკითხის გარკვევის მიზნით მიმართეს ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს №198188/21 განცხადებით, რაზეც მომსახურების დეპარტამენტმა, 2023 წლის 4 დეკემბრის №21- 11/95380 წერილით დაუდასტურა, რომ 50 930.85 ლარი წარმოადგენს დღგ-ის სახით გადასახდელ თანხას. 2023 წლის 15 დეკემბერს კვლავ განხორციელდა იმ დღგ-ის თანხის დარიცხვა, რაც უკვე გადახდილი იყო.

შემდგომ ამისა, 2023 წლის 17 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის №006-62134 შეტყობინებით, კომპანიის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, რაც გასაჩივრდა და წარდგენილ საჩივრებს დაურთო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 14 დეკემბრის №85516 წერილი, რომელშიც წერია თუ სად, როდის, როგორ გადაირიცხა თანხები, განმარტებულია, რომ ქონების საფასური მოიცავდა დღგ-ს, რომ ეს დღგ გადახდილია, მთლიანად პროცესი წარმართული იყო შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ყველა დეტალი, ნაბიჯი განხორციელდა ამავე სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად და რომ ყოველი თეთრი ამონაგები თანხიდან გადახდილია ბიუჯეტში და განაწილებულია ისე, როგორც ეს მოითხოვა შემოსავლების სამსახურმა. ცნობილია, რომ იძულებითი რეალიზაციისას კომპანია კი არ წყვეტს რა ფასად გაყიდოს ქონება, სად რამდენი გადარიცხოს, გადაიხადოს თუ არა დღგ და სხვანი, არამედ ყველა ამ საკითხს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ისე, როგორც ამას მოითხოვს კრედიტორი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიის მცდელობას შედეგი არ მოყოლია და გამოიცა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, რომელიც არათუ შესაბამისია საჩივრის მოთხოვნასთან, არამედ მისი ფაქტობრივი გარემოებები და დასაბუთება არ შეესაბამება ერთმანეთს. შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ დღგ-ის თანხა გადახდილია, თუმცა შემდეგ აღნიშნავს, რომ ეს თანხა დავალიანებად ერიცხება. ასევე მითითებულია, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, შემდეგ კი განმარტებულია, რომ ვინაიდან დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია, სახეზეა აღიარებული დავალიანება და იგი ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. თუ დღგ გადახდილი იყო, ხელმეორედ როგორ დაერიცხა გადასახდელად და თუ დეკლარაცია ნულოვანი ფორმით იყო წარდგენილი, მაშინ რომელი დავალიანების აღიარებაზეა საუბარი. მომჩივანი ითხოვს, წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაციის და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლას.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ამდენად კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხები არაა საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული თანხები და ეს თანხები აღიარებული კი არა, უკვე გადახდილია. ხელმეორედ დღგ-ის თანხას ვერ აღიარებდა კომპანია და გადახდით ხომ მით უფრო არ გადაიხდიდა. ქონების იძულებით რეალიზაცია მოხდა სწორედ იმიტომ, რომ კომპანია ვერ იხდიდა დავალიანებას. ქონების ღირებულება მოიცავს დღგ-ს, რათა ჯერ ეს თანხა იქნეს გადახდილი ბიუჯეტში და შემდეგ ხდება კრედიტორის დაკმაყოფილება მისი მოთხოვნის შესაბამისად/ფარგლებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 24 385.43 ლარი, საურავი 24.39 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია კანონშესაბამისად. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს, პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2023 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება სულ 355 828.51 ლარი. 18.10.2023-8.11.2023 წლის პერიოდში, პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება გადახდილი თანხები სულ 382 374.65 ლარი, მათ შორის:

- 18.10.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ 205263873) მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 50 930.85 ლარი;

- 19.10.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 264 438.46 ლარი;

- 6.11.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 26 545.42 ლარი;

- 8.11.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 40 459.92 ლარი;

2023 წლის 8 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის დავალიანება დაფარულია და ზედმეტად გადახდილად ერიცხება 26 545.42 ლარი.

16.11.2023 წელს, გადასახადის გადამხდელის მიერ, წარდგენილია მოგების, დღგ-ისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 0 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.11.2023 წელს ფიქსირდება დარიცხვა დღგ-ში 50 930.85 ლარის ოდენობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილია 2023 წლის ოქტომბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“, სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 16.10.2023 წელს მოახდინა გადასახადის გადამხდელის ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 333 880 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგმ შეადგინა 50 930.85 ლარი.

აღნიშნული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 18.10.2023 წელს. ვინაიდან, 14.11.2023 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილად ერიცხებოდა 26 545.42 ლარი, რომელიც საკმარისი არ იყო 15.11.2023 წელს დარიცხული თანხის დასაფარად, სხვაობა 24 385.43 ლარი აისახა დავალიანებად.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.12.2023 წელს ფიქსირდება დარიცხვა დღგ-ში 26 545.42 ლარის ოდენობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილია 2023 წლის ნოემბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“ სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 1.11.2023 წელს მოახდინა გადასახადის გადამხდელის ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 174 020 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 26 545.42 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დასტურდება 2023 წლის 6 ნოემბერს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 663 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის თანხა წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტები დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია ინფორმაცია ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 663 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის 662 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ, დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მომსახურების დეპარტამენტი 31.01.2024 წლის №8019-21-11 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს შემდეგს: გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დგინდება, რომ 17.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 355 828.75 ლარი, მათ შორის: გადასახადი 171 357.58 ლარი, ჯარიმა 48 080.60 ლარი, საურავი 136 390.57 ლარი. 18.10.2023-8.11.2023 წლის პერიოდში, პირადი აღრიცხვის ბარათზე, ფიქსირდება გადახდილი თანხები სულ 382 374.65 ლარი, მათ შორის:

- 18.10.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 50 930.85 ლარი;

- 19.10.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 264 438.46 ლარი;

- 6.11.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 26 545.42 ლარი;

- 8.11.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 40 459.92 ლარი.

- 8.11.2023 წ. გადასახადის გადამხდელის დავალიანება დაფარულია და ზედმეტად გადახდილად ერიცხება 26 545.42 ლარი.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.11.2023 წელს ფიქსირდება დარიცხვა დღგ-ში 50 930.85 ლარის ოდენობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია 2023 წლის ოქტომბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“, სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 16.10.2023 წელს მოახდინა გადასახადის გადამხდელის ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 333 880 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 50 930.85 ლარი.

აღნიშნული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 18.10.2023 წელს. ვინაიდან, 14.11.2023 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილად ერიცხებოდა 26 545.42 ლარი, რომელიც საკმარისი არ იყო 15.11.2023 წელს დარიცხული თანხის დასაფარად, სხვაობა 24 385.43 ლარი აისახა დავალიანებად.

ასევე, 15.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება დარიცხვა დღგ-ში 26 545.42 ლარის ოდენობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია 2023 წლის ნოემბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“, სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 1.11.2023 წელს მოახდინა გადასახადის გადამხდელის ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 174 020 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 26 545.42 ლარი. 6.11.2023 წელს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის სახელით გადახდილია 26 545.42 ლარი.

ამასთან, მომსახურების დეპარტამენტი წარმოდგენილ ინფორმაციაში, ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დამატებით აღნიშნავს შემდეგს: 14.12.2023 წლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილი თანხები არ ერიცხება, დავალიანება შეადგენს სულ 24 739.02 ლარს, მათ შორის: გადასახადი 24 385.43 ლარი, საურავი 353.59 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით დარიცხული 26 545.42 ლარი დაემატა ძირითად დავალიანებას და 15.12.2023 წლის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა სულ 51 296.63 ლარი, მათ შორის: გადასახადი 50 930.85 ლარი, საურავი 365.78 ლარი.

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XVI1 თავით. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ“ ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია. საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას, რაც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: (საქონლის სარეალიზაციო ფასი*18/118).

მოცემულ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო საკომპენსაციო თანხიდან (333 880 ლარი) გამოეყო დღგ-ის თანხა 50 930.85 ლარის (333 880*18/118) ოდენობით და გადაეხადა ქონების მესაკუთრის სახელით არაუგვიანეს 15.11.2023 წლისა. აღნიშნული ვალდებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესრულებულია 18.10.2023 წელს. ასევე, საკომპენსაციო თანხიდან (174 020 ლარი) გამოეყო დღგ-ის თანხა 26 545.42 ლარის (174020*18/118) ოდენობით და გადაეხადა ქონების მესაკუთრის სახელით არაუგვიანეს 15.12.2023 წლისა. აღნიშნული ვალდებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესრულებულია 6.11.2023 წელს. ამასთან, 2016 წლიდან გადახდილი თანხებით დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება.

გადასახადის გადამხდელის დავალიანების დასაფარავად სულ გადახდილია 304 898.38 ლარი, მაშინ როდესაც 17.10.2023 წლის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენდა 355 828.75 ლარს. სხვაობა 50 930.37 ლარი ერიცხება დავალიანებად ძირითად ნაწილში, ვინაიდან გადახდილი თანხებით დაფარულია უფრო ადრე წარმოშობილი დავალიანება, ხოლო შემდეგ დარიცხული თანხები (საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის ინფორმაციებით დარიცხული) აღრიცხულია ძირითად დავალიანებად. ძირითად დავალიანებას ერიცხება საურავი, რაც 29.01.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 511.73 ლარს. 29.01.2024 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს ერიცხება დავალიანება სულ 52 442.58 ლარი, მათ შორის: გადასახადი 50 930.85 ლარი, საურავი 1 511.73 ლარი.

ამგვარად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის თანხა წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მითითებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო შემთხვევის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისად გაანგარიშებული საურავისაგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს სადავო შემთხვევის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისად გაანგარიშებული საურავისგან;

3. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანზე, 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, არსებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №006-62134 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით განცხადების პასუხად, გადასახადის გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის №21-11/95380 წერილით.

გადასახადის გადამხდელმა, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №006-62134 შეტყობინების გაუქმების და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ის თაობაზე, საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის №33607 ბრძანებით საჩივრები:

- საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №006-62134 შეტყობინების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა;

- გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გპაბ) დარიცხული დღგ-ის ნაწილში - დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის №33607 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია კანონშესაბამისად. ამდენად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერების ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ამასთან,გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო შემთხვევის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისად გაანგარიშებული საურავისაგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2 „ვ“ ); 238(1); 239(1); 269(7); 301( „ლ“);