ბრძანება N 5367
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5367
20.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 17 ოქტომბრის №75512/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის №001-171 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და განმარტავს, რომ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შემოწმების პროცესში არ მომხდარა მათთან კომუნიკაცია, ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მათი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №15312 და 13 სექტემბრის №23568 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის აგვისტოს, 2022 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის თვეების დღგ-ის საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 სექტემბრის №24820 ბრძანება და ამავე თარიღის №001-171 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 350 690 ლარი, მათ შორის, გადასახადი 233 349 ლარი, ჯარიმა 116 675 ლარი და საურავი 666 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. 2021 წლის აგვისტოს თვეში შპს „----------“- ისგან მიღებული აქვს 67 079 ლარის ჩათვლა, ხოლო 2022 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს დღგ. შპს „----------“-ისგან ავანსად მიღებულ თანხებზე. საგადასახადო შემოწმებით გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა მისაღებ/მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ახსნა-განმარტება ან/და დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა მომსახურება მიიღო შპს „----------“. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „----------“-ს არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა/იმპორტი, რომელსაც შემდგომ გაყიდდა სხვა პირზე. ვინაიდან შემოწმებით ვერ დგინდება შპს „----------“- ისგან და შპს „----------“-ისგან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურების სახე და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ. და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლა არ ხორციელდება: ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ მომსახურებებზე ჩათვლილი აქვს დღგ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, ხოლო შემოწმებით ვერ დადგინდა, გადამხდელმა რა სახის მომსახურება მიიღო ან უნდა მიეღო, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მისი მონაწილეობით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და განმარტავს, რომ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შემოწმების პროცესში არ მომხდარა მათთან კომუნიკაცია, ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მათი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ მომსახურებებზე ჩათვლილი აქვს დღგ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, ხოლო შემოწმებით ვერ დადგინდა, გადამხდელმა რა სახის მომსახურება მიიღო ან უნდა მიეღო, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტი და ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მისი მონაწილეობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 164(1); 174(1); 175(1).