სააპელაციო სასამართლოს N 3/ბ–379–2023
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/ბ–379–2023წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2023წ.
ქ. ქუთაისი,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა 2023 წლის 14 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი შპს „----ის“ (ს/ნ ---) კერძო საჩივარი.
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2021 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „----ის" დირექტორმა ---მა მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
ბათილად იქნეს ცნობილი დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 20 ნოემბრის No10242/2/2020 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის No7071 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის 10 სექტემბერს გამოცემული დასკვნა, 2019 წლის 18 სექტემბრის N32178 ბრძანება, 2019 წლის 19 სექტემბრის N4081-290 საგადასახადო მოთხოვნა, 2018 წლის 18 დეკემბრის N01-376 საგადასახადო მოთხოვნა, 2018 წლის 28 დეკემბრის No39209 ბრძანება, 2018 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (სააღრიცხვო N3684).
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გასაჩივრებული აქტებით დარიცხული სადავო თანხების, სულ 960750.34 ლარის გაუქმება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შპს „----ში" (ს/კ ---) ჩატარდა საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა გადამხდელის საქმიანობა 01.01.2015-დან 01.09.2018-მდე პერიოდში, რაზედაც 27.12.2018 წ. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N3684), რომლის საფუძველზეც 28.12.2018 წელს გამოიცა N 39209 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N081-376 (28.12.2018 წ).
გასაჩივრებული აქტებით შპს „---" დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 916 278.83 ლარი. დასახელებული აქტები შპს „----"-ის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანებით შპს „----ის" (ს/კ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით 10.09.2019 წელს გამოიცა დასკვნა, 18.09.2019 წელს N32178 ბრძანება და 19.09.2019 წელს - N081-290 საგადასახადო მოთხოვნა.
ამ უკანასკნელი აქტების თანახმად შპს „---"-ზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი შემცირდა 34 400 ლარით, ჯარიმა შემცირდა 17 471 ლარით, ხოლო საურავი გაიზარდა (312665.34 - 216322.83) 96 342.51 ლარით. საბოლოოდ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის N081-290 (19.09.2019) თანახმად შპს „----"–ზე დამატებით დარიცხული იქნა სულ 960 750.34 ლარი. შპს „---- – თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის 18952 ბრძანების აღსრულების დროისათვის არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მათი შეფასება, სადავო დარიცხვები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია. აღნიშნულთან (შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანების აღსრულებისას დაშვებულ ხარვეზებთან) დაკავშირებით საჩივარი წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში, თუმცა უშედეგოდ. შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის N7071 ბრძანებით შპს „---"-ის საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „----"-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 20.11.2020 წლის N10242/2/2020 გადაწყვეტილებით შპს „----"-ის (ს/კ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი, არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მისი კანონშესაბამისად შეფასება. გასაჩივრებული აქტებით შპს-ს ადგება ზიანი, რის გამოც შპს „---" იძულებული შეიქმნა სადავო აქტების ბათილად ცნობის (გაუქმების) და ასევე კანონშეუსაბამოდ დარიცხული სადავო თანხების გაუქმების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს „---ის” სარჩელი, მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2023 წლის 14 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარედგინა შპს „---ის" დირექტორის ----ის განცხადება შემდეგი მოთხოვნით: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე შეჩერდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2019 წლის N081-290 საგადასახადო მოთხოვნის 18.09.2019 წლის 32178 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის N7071, 12.06.2019 წლის 18952 ბრძანებებისა და ამ ბრძანებების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 10.09.2019 წელს გამოცემული დასკვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2020 წლის N10242/2/2020 გადაწყვეტილების მოქმედება, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს შპს „----ს” და შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. სარჩელის სასამართლოში მიღება იწვევს გასაჩივრებული აქტის მოქმედების ავტომატურ, დროებით შეჩერებას (სუსპენზიური ეფექტი), რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისაგან.
საქალაქო სასამართლო მოიხმობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც ადგენს სპეციალურ დათქმას, რომლის მიხედვითაც სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის წარმოებაში მიღება არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს. კერძოდ: მითითებული ნორმის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;
ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას;
გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ასკ-ის 29.2 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი დაადგინა იმ მიზნით, რომ აქტის გასაჩივრების შემთხვევაში არ მოხდეს ნებისმიერი აქტის მოქმედების ავტომატური შეჩერება და არ დაბრკოლდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 წაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა. რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს. იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს, დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათში მოცემული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები, არ ქმნიდა წინაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სადავო აქტის შეჩერების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, სახეზე არ არის სადაო აქტის მოქმედების შეჩერების კანონისმიერი წანამძღვრები, რის გამოც შპს „----"-ის დირექტორის ---ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „----ის" დირექტორმა ---მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა (კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსულია 2023 წლის 06 სექტემბერს).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29,3 მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული აქტების შეჩერების მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 სექტემბრის N081-290 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის N32178 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის N7071 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანება და ამ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 10.09.2019 წელს გამოცემული დასკვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2020 წლის 0842/2/2020 გადაწყვეტილება. აღნიშნული აქტების მოქმედება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2 მუხლის საფუძველზე ავტომატურად არ ჩერდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმო განიცდის მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ვინაიდან აღნიშნული აქტების საფუძველზე საწარმოს (შპს ---) მიმართ გავრცელდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, რაც ავტომატურად ნიშნავს კომპანიის საქმიანობის შეწყვეტას და გაკოტრებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო აქტების უკანონობა დასტურდება კომპანიის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში და თანდართულ მტკიცებულებებში, სადაც ბრძანებების ძალაში შესვლის თარიღი უკანონოდ არის შეცვლილი, რის შედეგადაც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შპს-ს მიერ არ არის დეკლარირებული, შესაბამისად მხოლოდ შემოწმების აქტით დეკლარირებული გადასახადები არ უნდა დაერიცათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს სადავო აქტების შეჩერების ორი საფუძველი: 1) არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციული– სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე და 2) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (აქტების) გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და დავის დასრულებამდე შპს „---"-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას.
კერძო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლით კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით. შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს. საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვის შესაძლებლობასაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სახით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლოსთვის მინიჭებული შესაძლებლობა შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება, ბუნებრივია, არ ნიშნავს სასამართლოს ვალდებულებას აღნიშნული ღონისძიება გამოიყენოს ნებისმიერ სარჩელთან მიმართებაში. ზოგადი წესიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. კანონი ადგენს ასეთი საპროცესო მექანიზმის გამოყენების წინაპირობებს, ხოლო საკითხს, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა ის, სასამართლო განსაზღვრავს ყოველ კონკრეტული შემთხვევაში, იმ გარემოებებისა და მოსაზრებების
ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიება მიიჩნიოს გამართლებულად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს ვალდებულებაა, შეაფასოს რამდენად არსებითია ზიანის ვარაუდი, დაცულია თუ არა მოსარჩელე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისგან და არსებობს თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში მისი უფლებების აღდგენის შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2019 წლის N081–290 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2019 წლის N32178 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის N7071 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 12.06.2019 წლის N18952 ბრძანებისა და ამ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 10.09.2019 წელს გამოცემული დასკვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2020 წლის N10242/2/2020 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.
ამდენად, სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაკავშირებულია სახელმწიფო/ადგილობრივი გადასახადების გადახდასთან.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2 მუხლის საფუძველზე (ასკ-ის 29.2 მუხლის ა“ ქვ/პ) შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს და განმარტავს, რომ მათი მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია განმცხადებლის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების არსებითი დარღვევის თვალსაზრისით. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებებით მოსარჩელისათვის არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლება-ინტერესის დაცვის შეუძლებლობის საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე და სამართლებრივი აქტის (აქტების) გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთის მხრივ, სასამართლოს მიერ მოსარჩელის აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს, ასეთი ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს როგორც უკიდურესი საპროცესო სამართლებრივი საშუალება, რადგან კანონმდებელი ერთდროულად ავალდებულებს სასამართლოს გაითვალისწინოს როგორც მოსარჩელის. ისე მოპასუხის ინტერესები. რათა არ მოხდეს ასეთი ღონისძიების გამოყენების შედეგად მხარეთა ინტერესების თანასწორი დაცვის ბალანსის დარღვევა. სწორედ ამიტომაა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში (შუამდგომლობაში) მოსარჩელეს ევალება მიუთითოს იმ დასაბუთებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში მისთვის ზიანის მიყენებას ან პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის მომავალში დაცვის შეუძლებლობას, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის. სადავო აქტების კანონთან შესაბამისობის დადგენა კი საქმის არსებითად განხილვის საგანს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. მომჩივანმა კერძო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419- 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „---ის" დირექტორის ---ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე
ხათუნა ხომერიკი
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შემოწმდა გადამხდელის საქმიანობა 01.01.2015-დან 01.09.2018-მდე პერიოდში, რაზედაც 27.12.2018 წ. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N3684), რომლის საფუძველზეც 28.12.2018 წელს გამოიცა N 39209 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N081-376 (28.12.2018 წ).
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი, არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და მისი კანონშესაბამისად შეფასება. გასაჩივრებული აქტებით შპს-ს ადგება ზიანი, რის გამოც იძულებული შეიქმნა სადავო აქტების ბათილად ცნობის (გაუქმების) და ასევე კანონშეუსაბამოდ დარიცხული სადავო თანხების გაუქმების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით, მომჩივნის სარჩელი, მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2023 წლის 14 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარედგინა საწარმოს დირექტორის განცხადება შემდეგი მოთხოვნით: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე შეჩერდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2019 წლის N081-290 საგადასახადო მოთხოვნის 18.09.2019 წლის 32178 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის N7071, 12.06.2019 წლის 18952 ბრძანებებისა და ამ ბრძანებების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე 10.09.2019 წელს გამოცემული დასკვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.11.2020 წლის N10242/2/2020 გადაწყვეტილების მოქმედება, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს საწარმოს და შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
განსახილველ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამსართლებრივ აქტებში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419- 420-ე მუხლებით.