გადაწყვეტილება №19096/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 19096/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19096/2/2023

4.05.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: ამხანაგობა „--------" (ს/ნ „--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „--------"-ის 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19096/2/2023).

დავის საგანი:

ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ამხანაგობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-585 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3759 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 559 295,06 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 294 292

ჯარიმა - 147 146

საურავი - 117 857,06

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტერიას. ქალაქ თბილისის მერიის მიერ შეყვანილია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტთა ნუსხაში. გადამხდელი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში. გადამხდელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინები რეალიზებულია 2019 წლამდე პერიოდში, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2019, 2020 და 2021 წლებში.

შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის თანხა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე, გაცემულ ხელფასად. გადამხდელს საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციის პერიოდების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-585 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე მიაჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ გამოვლენილ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრში ბინების გაყიდვით მიღებული შემოსავლები, რასაც შეუპირისპირა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით ნაჩვენები დაბეგრილი განაცემები. აღნიშნული მეთოდით დარიცხული თანხები ვერ იქნება სწორი, ვინაიდან შემოწმებული პერიოდის (01.01.2019 – 01.02.2022) განმავლობაში ამხანაგობა ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს.

მოცემულ პერიოდში მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობის ნათელი მაგალითია, შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალ rs.ge-ზე მიღებული სასაქონლო ზედნადებების მოცულობა, რომლებიც მთლიანობაში 927 000 ლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ამხანაგობის მიერ გაწეულია სხვა მრავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომლებიც გადაეცა შემოწმებას და უნდა გათვალისწინებულიყო დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების დროს.

აღნიშნულ ფაქტი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში და ამასთან ერთად მომჩივანმა მოითხოვა ზემოთხსენებულ დარიცხვასთან დაკავშირებული შემმოწმებლის მიერ ნაწარმოები გაანგარიშებები, რომლიდანაც დადგინდებოდა ხარჯების ოდენობა, რომელიც შემმოწმებელმა შეუპირისპირა მიღებულ შემოსავლებს. აღნიშნული გაანგარიშებები დღემდე არ მიუღია, რაც ამყარებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შემმოწმებელმა დარიცხვის დროს მხედველობაში არ მიიღო ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში. შემოწმებამ მიღებულ შემოსავალს შეუპირისპირა არამხოლოდ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით ნაჩვენები დაბეგრილი განაცემები, რომლებიც შეადგენს 244 651 ლარს, არამედ სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯიც, რომელიც შეადგენს დაახლოებით 1 200 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაობის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა დამატებით მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული, შემოწმებით გამოვლენილი თანხების ამხანაგობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტერიას.გადამხდელი მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში

შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის თანხა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე, გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(4) ,9 (1„ბ“ ),101(1) ,154(1 „ა“ )