გადაწყვეტილება №25254/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25254/2/2025
02 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2025 და 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- ის 3.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25254/2/2025).
დავის საგანი:
1. საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №24731 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11282 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 197 432.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 121 625.25
დღგ - 79 214
საშემოსავლო გადასახადი - 42 411.25
ჯარიმა - 40 709.50
საურავი - 35 098.04
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2022 წლის №13144 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 8.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №24731 ბრძანება და 28.09.2022 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11282 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11282 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა ქალაქ ------ში --------ს ქუჩაზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი. აქედან მის საკუთრებაში გადასული სამი კომერციული ფართი და ოთხი ბინა გაყიდა 2020-2021 წლებში. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-80 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტზე და მის შენიშვნაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს კომერციული ფართების რეალიზაციის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისგან, ვინაიდან რეალიზებული კომერციული ფართები, გადასახადის გადამხდელს 2 წელზე მეტი ვადით ჰქონდა საკუთრებაში და ამასთან, მოცემული ფართები, მათ რეალიზაციამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში საცხოვრებელი ბინები მის საკუთრებაში გადავიდა 2015 წელს, ხოლო საცხოვრებელი ბინები რეალიზებულია 2020 და 2021 წლებში, ასევე აღნიშნული ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გაუყენებია, შესაბამისად ვინაიდან აქტივის რეალიზაციიდან გასულია 2 წელზე მეტი ვადა არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადი (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად).
აღნიშნული თანხა დარიცხულია არაზუსტად, აღნიშნულის გამო კიდევ ერთხელ ითხოვს შემცირდეს ბინების რეალიზაციისგან მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ან საკითხი დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ საკითხი იყო გასაჩივრებული, გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი აღნიშნულ ნაწილზე (არც გასაჩივრებულ და არც სამოტივაციო ნაწილში).
საჩივრის დანართად წარმოდგენილია ქონების საკადასტრო კოდები -------, -------, -------, -------, -------. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს ფაქტები, რაც ადასტურებს საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს.
თავის დროზე ფართების რეალიზაციის მომენტში საგადასახადო ვალდებულება არ შეასრულა, ვინაიდან ფართების ფლობიდან გასული იყო 2 წელზე მეტი ვადა და არ ახორციელებდა აღნიშნული ფართების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას, არ ეკუთვნოდა შესაბამისი გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ განიხილება ფასიანი ქაღალდის/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენის/პროცენტის მიღების მიზნით. ამასთანავე, აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება მხედველობაში არ მიიღება, თუ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასრულების მომენტიდან მის მიწოდებამდე გასულია 2 წელი.
13.06.2025 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო დარჩა ერთი საკითხი, რასაც ასაჩივრებდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, კერძოდ, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით. საცხოვრებელი ბინები მის საკუთრებაში გადავიდა 2015 წელს, ხოლო საცხოვრებელი ბინები რეალიზებულია 2020 და 2021 წლებში. ასევე, მისი განმარტებით აღნიშნული ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გაუყენებია და შესაბამისად ვინაიდან აქტივის რეალიზაციიდან გასულია 2 წელზე მეტი ვადა, არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადი.
16.06.2025 წელს მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა განმარტება, სადაც მიუთითებს, რომ კომერციული ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 118 842 ლარს, აღნიშნული თანხის, სრულად რომ ნამეტი შემოსავალი იყოს, 20% შეადგენს 23 768 ლარს, ხოლო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენს 37 432 ლარს. ასევე, აქტის დანართებში წარმოდგენილია 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, სადაც ერთობლივ შემოსავალში მითითებულია 2020 წელს - 268 751 ლარი, ხოლო 2021 წელს 171 327 ლარი, ხოლო გამოქვითვებში დაფიქსირებულია მიწის შეძენის ღირებულება 2020 წელს - 115 031 ლარი და 2021 წელს - 137 990 ლარი, სულ შემოწმების აქტით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს - 440 078 ლარს, გამოქვითვები 253 021 ლარს, შესაბამისად აქტით ნამეტი შემოსავალი შეადგენს 187 054 ლარს, რაც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის გაუქმება.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს საცხოვრებელი ბინების საკადასტრო კოდებს:-------, -------, -------, -------, -------.
შემოსავლების სამსახურში 14.04.2025 წელს წარდგენილ საჩივარში მითითებულია შემდეგი: „რაც შეეხება, აქტის შედეგებს, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია კომერციული ფართი და საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ბინები მის საკუთრებაში გადმოვიდა 2015 წელს, ხოლო საცხოვრებელი ბინები რეალიზებულია 2020 და 2021 წლებში, ასევე აღნიშნული ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია, კომერციული ფართები დღესაც შავი კარკასის მდგომარეობაშია (წარმოდგენილია შესაბამისი ფოტომასალა), შესაბამისად, ვინაიდან აქტივის რეალიზაციიდან გასულია 2 წელზე მეტი ვადა არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადი და აღნიშნული თანხა დარიცხულია არაზუსტად. აღნიშნულის გამო ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის სრულად შემცირება“.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით და აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის №-----21-14 წერილით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადების შემოსავლის გრაფაში მითითებულია ამ პერიოდებში გაყიდული კომერციული ფართებისა და ბინების ღირებულებები დღგ-ის გარეშე, რამაც ჯამურად შეადგინა 440 078 ლარი. ამავე წლების გამოსაქვით თანხებში კი ჩასმულია მიწის შეძენის ღირებულება, რაც ჯამურად 253 021 ლარია. აქედან გამომდინარე, დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 187 057 ლარი და შესაბამისად წარმოიშვა საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება 37 411 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს ჯარიმა დაეკისრა 40 709.50 ლარის ოდენობით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 18 705.50 ლარის ოდენობით, ხოლო დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 22 004 ლარის ოდენობით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 35 098.04 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მისი მიზანი არაა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა გამოწვეულია მისი შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს შეუმცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა
არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.06.2025 წლის №11282 ბრძანება;
3. საჩივარი, პირველი დავის საგნის (საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა) ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №13144 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24731 ბრძანება და №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11282 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №11282 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ასევე მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1 „ვ.გ“); 269(7); 282(1) ;